ტალახიანი წვიმის მიზეზად ეგვიპტიდან და სირიიდან შემოსული ჰაერის მასები სახელდება
10:54 20-04-2011
თბილისში ტალახიანი წვიმის მიზეზი სამხრეთ- დასავლეთიდან შემოსული ჰაერის მასებია, რომლებიც დიდი რაოდენობის მტვერსა და ქვიშას შეიცავს.
ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გარემოს დაცვის სამინისტროს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელმა, სვეტლანა ნიორაძემ აცნობა.
მისივე თქმით, სავარაუდოდ, ჰაერის მასები ეგვიპტიდან და სირიიდან შემოდის. ამიტომაც ატმოსფეროში ძალიან დიდი რაოდენობით მტვერი და ქვიშაა, რაც წვიმაზე აისახება.
ნორაძის ინფორმაციით, ტალახიანი წვიმა იშვიათი მოვლენა არ არის. მისივე თქმით, ასეთი წვიმა ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
თბილისში დღეს ტალახიანი წვიმა, დაახლოებით, 09:15 საათზე დაიწყო. წვიმას მოყვითალო შეფერილობა აქვს. ქოლგებზე, ტანსაცმელზე, მანქანებზე ტალახის კვალი აშკარად ჩანს.
დღის მეორე ნახევარში სინოპტიკოსები შავი ზღვის ჩრდილოეთიდან გრილ და ნოტიო ჰაერის მასების შემოსვლას ვარაუდობენ, დასავლეთ საქართველოში იქნება ღრუბლიანი ამინდი, მოსალოდნელია წვიმა; აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში, წვიმასთან ერთად ქარი იქროლებს.
24 აპრილამდე მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...sakheldeba.html