http://presa.ge/new/?m=society&AID=15095აი გადახედეთ
17:21 11.04.2012
[თეონა მანაგაძე]
საქართველოში, მძღოლებს ავტომობილების მართვის დროს, განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მოუწევთ, რადგან საგზაო წესების დარღვევისთვის, რიგ შემთხვევებში, ჯარიმები ორმაგდება.
მოძრაობის უსაფრთხოების უფრო ეფექტური ღონისძიებების შემუშავების მიზნით, ცვლილებები – „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირებაც პარლამენტში უკვე მოხდა. კანონპროექტის ავტორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროა, ინიციატორი კი - მთავრობა.
მთავრობის განმარტებით, საქართველოში ჩადენილ სამართალდარღვევათა ანალიზის საფუძველზე, მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ სამართალდარღვევების თავიდან აცილების მიზნით, პრევენციული ღონისძიებები გატარდეს.
პარლამენტში წარმოდგენილი ცვლილებებით, გზის სავალ ნაწილზე, სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების, მოძრაობის დაწყების ან/და მანევრების წესების დარღვევა - 50 ლარით ჯარიმდება. მაშინ, როდესაც, კანონის დღეს მოქმედი ნორმით, აღნიშნული ქმედებისთვის – ჯარიმა განსაზღვრული არ იყო.
ამას გარდა, ავტომობილის მფლობელი ღერძული ხაზის კვეთისთვისაც ჯარიმდება. კერძოდ, შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის, პირი – 100 ლარით დაჯარიმდება. ანუ, ამ კანონდარღვევისთვის ჯარიმა – ორმაგდება.
„შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – 100 ლარის ოდენობით, მიუხედავად იმისა, აღნიშნული ქმედება, გამოიწვევს თუ არა საცობს“, – განმარტავენ ავტორები.
აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევაში, თუ პირი ღერძულა ხაზს წელიწადში მეორედ გადაკვეთს, მას 200 ლარით დააჯარიმებენ.
უნდა ითქვას, რომ ცვლილებებით, საავარიო ვითარებისა თუ საცობის შექმნისთვის კანონი მკაცრდება და ჯარიმებიც ორმაგდება. კერძოდ, საავარიო ვითარების თუ საცობის შექმნისთვის, ჯარიმა – 200 ლარი გახდება.
დღემდე მოქმედი ნორმით, მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გავლის წესების, გასწრების, გზაჯვარედინის, რკინიგზაზე გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა, გავლის უპირატესობის მქონე სატრანსპორტო საშუალებისათვის დაბრკოლების შექმნა – 50 ლარით ჯარიმდება. ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ და „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა, აგრეთვე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა კი, 10 ლარით. თუმცა, დღემდე მოქმედი რედაქციით, თუ აღნიშნულ ქმედებებს მოჰყვებოდა – საავარიო ვითარების შექმნა, მოძრაობის შეფერხება ან საცობის შექმნა, პირი – 100 ლარით ჯარიმდებოდა. პარლამენტში ინიცირებული ახალი კანონპროექტით კი, 100 ლარიანი ჯარიმა – 200 ლარამდე იზრდება.