ჯიგრები, მათხოვრები და ოკუპანტებიიმ დღეს, სამსახურს რომ მივუახლოვდი, ყურადღება ყაყანმა მიიპყრო. ნაცნობი ”სტაიანშჩიკის” ხმა იყო. ერთბაშად რამდენიმე მოწინააღმდეგეს უძალიანდებოდა. შორიახლოს გავჩერდი და ასეთი სურათის მოწმე გავხდი: ამ ჩვენს ”სტაიანშჩიკს” ვიღაცისთვის ნება მიუცია, მანქანა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის ადგილზე დაეყენებინა. როგორც ხდება ხოლმე, ხომ იცით:
- კი, ჯიგარო, აქ მე ვარ. შენ არხეინად იყავი, არავინ არაფერს იტყვის...
”ჯიგარმაც” მანქანა გააჩერა და სადღაც შენობაში შევიდა. სად იყო და სად არა, არემარეს ”სიტი პარკელები” მოადგნენ თავიანთი მრისხანე ევაკუატორით. ნამდვილად არ ვიცი ”ჯიგრობის” ამბავზე ”სტაიანშჩიკი” ვინმესთან მართლა იყო გარიგებული თუ არა, მაგრამ ფაქტია, მოსულებმა შშმპ-ის ადგილზე გაჩერებულ მაქანას ალყა შემოარტყეს და წაყვანა დაუპირეს. ჰოდა, ატყდა ერთი ამბავი. ”სტაიანშჩიკმა” ალბათ იფიქრა, ახლა, ამათ ეს მანქანა რომ გავატანო, პატრონი პასუხს მე მომთხოვსო და ანაზდად ”საბურთალოს ცარცის წრეში” აღმოჩენილ ავტომობილს ჩაებღაუჭა. ისინი იქით ექაჩებოდნენ, ეს - აქეთ! უნდა გესმინათ, რა სიტყვები ისმოდა:
- ძმაო, მე ამით ოჯახს ვარჩენ...
- შენ რა გგონია, ძმაო, ჩვენ არ გვყავს ოჯახები?..
საბოლოოდ, ისტორია იმით დამთავრდა, რომ ”სტაიანშჩიკმა” ავტომობილის პატრონს როგორღაც ხმა მიაწვდინა. სანამ ის ჩამოდიოდა, ”სიტი პარკელებმა” ჯარიმის გამოწერა მოასწრეს, მაგრამ წაყვანით მანქანა ვეღარ წაიყვანეს - კაცი მოვიდა, თვალებში ჩახედეს და მანქანას ხომ ვერ მოსტაცებდნენ. ჩუმად წაყვანა სხვა საქმეა...
მაგრამ, ამ წერილში ”სიტი პარკის” შესახებ არ ვაპირებთ ლაპარაკს - სხვა დროს იყოს. აი, ”სტაიანშჩიკების” ამბავზე კი მოდი, ორიოდე სიტყვა ვთქვათ. ვინ არის ეს ხალხი? საიდან მოვიდა? რატომ დგას იქ, სადაც დგას და რატომ მართმევს ფულს, გეგონება ”მე, ძმაო, ოჯახი არ მყავდეს შესანახი”. მითუმეტეს, რომ ”სიტი პარკისთვის” პარკირების საფასური პატიოსნად გადახდილი მაქვს!..
მოგახსენებთ. ისინი არიან ადამიანები, რომლეთაც, ალბათ, ორ-ორი უმაღლესი არ აქვთ დამთავრებული, მაგრამ მაინც ჰყავთ ოჯახები და ამ ოჯახებს შენახვა სჭირდება. მათ ნახეს, რომ სახელმწიფო, რომელშიც ცხოვრობენ, გნებავთ ამ და გნებავთ იმ ხელისუფლების ხელში, ისეთ ბიზნეს-გარემოს ვერ (ან არ) ქმნის, რომ ხალხმა ფირმები და საწარმოები გახსნას, თავიც ირჩინოს და ხაზინასაც შემატოს; ჰოდა ქუჩებს მოედნენ. ჩამოიცვეს ჭყეტელა ჟილეტები და მძღოლებისთვის ფულის გამორთმევა დაიწყეს. არ დამავიწყდება, წლების წინ, ერთ მაღალი თანამდებობის პირს რომ ჰკითხეს, ამათ ფული რატომ უნდა მივცეთო, მან უპასუხა, ჩათვალეთ, რომ მათხოვრები არიან და როგორც გინდათ ისე მოექეცითო.
მათხოვრები?... არა, ასეთ მიდგომასთან დათანხმება მიჭირს. ჯერ ერთი, შეურაცხყმყოფელი მგონია და მეორეც, ”სტაიანშჩიკები” ისე იქცევიან, რომ უმალ ოკუპანტები არიან, ვიდრე მათხოვრები. ასე, საიდანღაც რომ მოვა, დადგება და ხარკს შეგაწერს, ოკუპანტი იქცევა, მათხოვარი კი არა.
რა გამოდის? ერთი მხრივ, სახელმწიფომ, ოფიციალურად დაგვავალა, ფული ”სიტი პარკს” გადავუხადოთ და გვითხრა, ამით პარკინგებთან თქვენი ურთიერთობა დარეგულირებულიაო. ამასობაში კი ჩემთან მოდის ვიღაც, ვინც ჭყეტელა ჟილეტი იშოვნა და მეუბნება, ქალაქის სადგომზე (აი, იმაზე, რომელთანაც სახელმწიფომ ვითომ ურთიერთობა დამირეგულირა) მანქანის გაჩერება თუ გინდა, ფული მომეცი, თუ არა და, აქედან შეაყოლეო. რას მიბრძანებთ? რა წყალში გადავვარდე? გამოსავლისთვის, ისევ სახელმწიფოსკენ რომ გავიხედე, დავინახე, რომ თავი ქვიშაში ჩაუყვია, ვითომცდა, მაგ ჭყეტელაჟილეტიანს ვერ ვხედავო. შენ თვითონ მიხედეო. არადა, ”მე, ძმაო, ოჯახი მყავს შესანახი” და ორივეს ერთად ხარკს ვერ გადაგიხდით.
ქვეყანა (ქალაქი) რომ ხარ და ამ ”სიტი პარკისთვის” ფულს მახდევინებ, ის მაინც მოახერხე, რომ პარკინგის ამბავში იყოს შენი სიტყვა საბოლოო და გადამწყვეტი! ეს ხალხი, ”სტაიანშჩიკები”, თუ ასე გეცოდება (თუმცა, მეეჭვება, ჩემზე მეტად თანაუგრძნობდე, რადგან მე ხალხიდან ვარ, შენ კი კაბინეტიდან), სადმე დაასაქმე, რამე მოიფიქრე - შენ არ იყავი, არჩევნებზე ხმები მომეცით და მოფიქრება ჩემზე იყოსო, რომ ამბობდი?
ქალაქში კი გრძელდება განუკითხაობა. საკმარისია, სადმე პატარა ფართობი გამოჩნდეს, რომ ჟილეტიანიც იქვეა და გადასახადს კრეფს. სადმე, ძველ სახლს რომ დაანგრევენ, სანამ ახლის საძირკველს ამოთხრიან, სულ ორი კვირა რომ იყოს ამ ორ ამბავს შორის, ვიღაც აუცილებლად დაიპყრობს ტერიტორიას.
ცოდოა, ვიცი!
მაგრამ, მეც ცოდო ვარ!
ერთადერთი, სახელმწიფო არ არის ცოდო!
http://www.autobild.ge/index.php?option=co...=175&lang=ka-GE