,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების განხორციელების წესების შესახებ” ინსტრუქცის ზოგოერთი დეტალი
მუხლი 15.
1. პატრულ-პოლიციელი მოვალეა:
ა) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას განუხრელად დაიცვას მოქალაქის კანონიერი უფლებები და ინტერესები, მოქალაქის უფლებები შეზღუდოს მხოლოდ კანონით დადგენილი წესით და შემთხვევებში, მოქალაქის უფლებების იძულებითი შეზღუდვის ყოველ ცალკეულ შემთხვევაში წარუდგეს მოქალაქეს, ხოლო საგზაო მოძრაობის მონაწილისადმი მიმართვისას ასევე ქუდთან ხელის მიტანით გასაგებად მიესალმოს მას, დაასახელოს თავისი თანამდებობა, წოდება, გვარი და განუმარტოს კონკრეტული შეზღუდვის გამოყენების საფუძველი;
ბ) მის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარე ქუჩები, ჩიხები და უმოკლესი გზების დისლოკაცია ბრალდებულთა დასაკავებლად;
გ) მოქალაქეთა დოკუმენტების შემოწმებისას დოკუმენტს მოექცეს ფრთხილად და არ გააკეთოს მასში ჩანიშვნები და ჩანაწერები. ხოლო, როდესაც წარმოდგენილ დოკუმენტებში ჩაწყობილია ფული ან სხვა ნივთები, დაუბრუნოს მფლობელს;
დ) გააფრთხილოს სატრანსპორტო საშუალების მძღოლები გზებზე შექმნილი საფრთხის შესახებ და მიიღოს ზომები მათ აღმოსაფხვრელად;
ე) მოსალოდნელი დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე დაუყოვნებლივ მოახსენოს სამსახურის მორიგეს ან უშუალო უფროსს და მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები მისი თავიდან აცილებისათვის;
ვ) აღმოუჩინოს დახმარება მოქალაქეებს, რომლებიც დაზარალდნენ დანაშაულის, ადმისტრაციული სამართალდარღვევისა ან უბედური შემთხვევის შედეგად, აგრეთვე მათ, ვისი ჯანმრთელობა და სიცოცხლეც საფრთხეშია;
ზ) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილზე მიიღოს კანონმდებლობით დადგენილი ზომები ასეთი შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად და კვალიფიციურად გაერკვეს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებისა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გარემოებებში, დაეხმაროს მოქალაქეებს დაზიანებული სატრანსპორტო საშუალებების ტრანსპორტირებაში;
თ) გამოავლინოს და დააკავოს ის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც იძებნება, აგრეთვე რომლის მძღოლიც მიიმალა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილიდან ან რომელიც წარმოადგენს დანაშაულის ან სამართალდარღვევის იარაღს;
ი) ქუჩებსა და გზებზე სარემონტო-სამშენებლო და სხვა სამუშაოების ჩატარების დროს განახორციელოს კონტროლი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პირობების შესრულებაზე;
კ) აღმოუჩინოს დახმარება (იმ პერიოდში, როდესაც არ ასრულებს კონკრეტულ, სპეციალურ დავალებას) მძღოლებს სატრანსპორტო საშუალებათა გაუმართაობის შემთხვევაში;
ლ) მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაწესებულებებისა და ორგანიზაციების უფლებების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, სრულყოფილად ფლობდეს ინფორმაციას სამოქმედო ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრების, მატერიალურ ფასეულობათა შენახვის ადგილების, საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების სალაროების დისლოკაციის, მათი ტექნიკური გამაგრებისა და დაცვის სისტემების შესახებ;
მ) საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის დადგენილი წესების, სასაზღვრო რეჟიმის დარღვევისა და ქვეყანაში უცხოელ მოქალაქეთა შემოსვლა-გასვლის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ზედამხედველობა გაუწიოს სამოქმედო ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა მიერ რეგისტრაციის დადგენილი წესების დაცვას;
ნ) სამსახურის დასრულების შემდეგ უშუალო უფროსს მოახსენოს მუშაობის შედეგების შესახებ;
ო) აცნობოს მოქალაქეს სამხრე ვიდეოკამერის მეშვეობით ვიდეო-აუდიო ჩაწერის დაწყების თაობაზე.
2. პატრულ-პოლიციელი თავისი ამოცანების შესაბამისად მოვალეა იცოდეს:
ა) მის საქმიანობასთან დაკავშირებული მოქმედი კანონები და სხვა სამართლებრივი აქტები;
ბ) მის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარე ქუჩები, ჩიხები და უმოკლესი გზების დისლოკაცია ეჭვმიტანილთა დასაკავებლად;
გ) საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები;
დ) ძებნილ დამნაშავეთა მონაცემები, გატაცებული ნივთებისა და სატრანსპორტო საშუალებების საიდენტიფიკაციო ნიშნები;
ე) სამორიგეო სამსახურთან დაკავშირებისა და ინფორმაციის გაცვლის წესი;
ვ) თავის სამოქმედო ტერიტორიაზე პოლიციისა და სხვა სამართალდამცავი ორგანოების უახლოესი განწესების დისლოკაცია და მათთან დაკავშირის საშუალებები, სამედიცინო დაწესებულებების, ორგანიზებული ავტოსადგომების, ტექნიკური მომსახურების სადგურებისა და სერვისის სხვა ობიექტების ადგილმდებარეობა და მათი მუშაობის რეჟიმი.
3. პატრულ-პოლიციელთა განწესი სატრანსპორტო საშუალებათა გამოდევნების დროს პირადი და მოძრაობის სხვა მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ვალდებულია:
ა) სამორიგეო სამსახურის მეშვეობით მოახსენოს დანაყოფის მორიგეს გამოდევნების, მისი ადგილმდებარეობისა და მოძრაობის მიმართულების შესახებ;
ბ) გააფრთხილოს მოძრაობის სხვა მონაწილეები იყვნენ ყურადღებით და დაიცვან მოძრაობის უსაფრთხოების წესები.
4. მიზანშეუწონელია იმ მძღოლების გამოდევნება, რომლებმაც ჩაიდინეს საგზაო მოძრაობის წესების ნაკლებმნიშვნელოვანი დარღვევა ან როცა დარღვევის საფრთხემ ჩაიარა.
მუხლი 20.
3. პატრულ-პოლიციელი სატრანსპორტო საშუალებას აჩერებს:
ა) საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის, რომლისთვისაც გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა;
ბ) სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ხასიათი იწვევს ეჭვს, რომ მძღოლს არა აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უნარი;
გ) სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობა ან ტვირთის წყობა არ შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
დ) მძღოლის, მგზავრის, ტვირთის, ტრანსპორტის გარეგნული სახე ან მძღოლის, მგზავრის მოქმედება მიანიშნებს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მის მონაწილეობაზე;
ე) მოპარული ან გატაცებული სატრანსპორტო საშუალებების ძებნის, აგრეთვე სხვა სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით არსებობს მძღოლის დოკუმენტებისა და სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მონაცემების შემოწმების საფუძველი;
ვ) საჭიროა მძღოლის ინფორმირება საგზაო მოძრაობის პირობების თავისებურებების ან მასში მომხდარი ცვლილებების შესახებ;
ვ1) საერთაშორისო რეისით მგზავრთა გადაყვანის და ტვირთის გადაზიდვისას საერთაშორისო შეთანხმებების, ხელშეკრულებებისა და კონვენციების მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლის მიზნით.
ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
4. სატრანსპორტო საშუალების გაჩერება უნდა მოხდეს მინიმალურად მოკლე დროით, რის შემდეგაც პატრულ-პოლიციელი ქუდთან ხელის მიტანით წარუდგება მოქალაქეს, ამოწმებს მძღოლის მოწმობას და სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტებს, აგრეთვე კანონმდებლებით გათვალისწინებულ სხვა დოკუმენტებს.
მუხლი 21.
1. სატრანსპორტო საშუალების გაჩერება ხდება ხელით გამოხატული ჟესტით ან ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობის საშუალებით. პატრულ-პოლიციელის მოქმედება გასაგები უნდა იყოს მძღოლისთვის, ხოლო სიგნალები მიეცეს დროულად, რათა საგზაო მოძრაობის მონაწილეებმა არ მიმართონ იძულებით მანევრირებას და მკვეთრი დამუხრუჭებით დაბრკოლება არ შეუქმნან სხვა სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობას.
2. სატრანსპორტო საშუალების გაჩერებისას პატრულ-პოლიციელი ვალდებულია დაუყოვნებლივ მივიდეს მძღოლთან, საუბრისათვის არ უნდა მისცეს მას სატრანსპორტო საშუალების სალონიდან გადმოსვლის წინადადება. გამონაკლისს წარმოადგენს შემდეგი შემთხვევები:
ა) სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გაუმართაობის აღმოფხვრა ან ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევა;
ბ) როცა არსებობს იმის საკმაო საფუძველი, რომ მძღოლი ნასვამია;
გ) როცა აუცილებელია მძღოლის მონაწილეობა დოკუმენტების გაფორმებაში ან საჭიროა დახმარების აღმოჩენა მოძრაობის სხვა მონაწილეთათვის;
დ) როცა მძღოლის ან მგზავრების მიმართ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მათ მოახდინეს საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა ან მონაწილეობდნენ მასში, გაიტაცეს ავტომანქანა ან ჩაიდინეს სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედება;
ე) როცა საჭიროა სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტებში მითითებული აგრეგატების და კვანძების ნომრების შედარება;
ვ) როცა მისი დგომა სატრანსპორტო საშუალების გვერდით დაბრკოლებას უქმნის საგზაო მოძრაობას ან საშიშია მისი პირადი უსაფრთხოებისათვის.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში პატრულ-პოლიციელი და გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების მძღოლი საქმის განხილვის მიზნით გზის სავალი ნაწილიდან უნდა გადავიდნენ გვერდულზე.
4. ქვეითად პატრულირებისას უამინდობის შემთხვევაში, პატრულ-პოლიციელს ოქმის ან სხვა დოკუმენტის შესადგენად შეუძლია შევიდეს შინაგან საქმეთა ორგანოს სამსახურებრივ შენობაში ან ისარგებლოს დამრღვევის ავტომობილით, თუ ამის თაობაზე არსებობს მისი თანხმობა.
5. აუცილებლობით გამოწვეული შემთხვევების გარდა, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება შეზღუდული ხილვადობის მქონე საავტომობილო გზებზე, მოსახვევთან, უშუალოდ აღმართის მწვერვალის წინ ან მის შემდეგ, გზაჯვარედინების, გადასასვლელების, რკინიგზის გადასასვლელების წინ და სხვა სახიფათო ადგილებში.
6. თუ მძღოლი იმყოფება ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული საშუალების ზემოქმედების ქვეშ, პატრულ-პოლიციელი ჩამოაშორებს მას სატრანსპორტო საშუალებას და წარადგენს სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესამოწმებლად.
61. თუ არსებობს იმის საკმაო საფუძველი, რომ მძღოლი ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაშია, პატრულ-პოლიციელი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად შეამოწმებს მას ადგილზე სპეციალური ალკოტესტის აპარატის საშუალებით, ჩამოაშორებს სატრანსპორტო საშუალების მართვას, ხოლო თუ შემოწმების შედეგები ადასტურებს მძღოლის მიერ ალკოჰოლის მიღების ფაქტს, ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, რომელშიც აისახება ალკოჰოლური თრობის შედეგები.
7. თუ მძღოლის დოკუმენტების შემოწმებისას გამოვლინდა დოკუმენტების გადაკეთების (გაყალბების) ფაქტი ან მისი უვარგისობა, ასეთი დოკუმენტი ჩამოერთმევა მძღოლს და შედგება შესაბამისი ოქმი. მძღოლის პიროვნება დგინდება მის მიერ წარმოდგენილი სხვა დამადასტურებელი საბუთით, საბუთის მქონე მგზავრის წერილობითი განმარტების მეშვეობით და კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესით.
შენიშვნა: ამ მუხლის 61 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პატრულ-პოლიციელი ვალდებულია განუმარტოს მძღოლს, რომ მას უფლება აქვს 2 საათის განმავლობაში ალკოჰოლურ სიმთვრალეზე კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების მიზნით მიმართოს შესაბამის სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებას.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «