ჟურნალისტთა ჯგუფი Frontal21 რამდენიმეთვიანი დაკვირვების შემდეგ გვამცნობს, რომ ამ არალეგალური ბიზნესის უკან კრიმინალური დაჯგუფებები დგანან, რომლებიც გერმანიის ნაგავსაყრელთა მეთვალყურეებთან ერთად აკრძალულ ბიზნესს აწარმოებენ და ძალიან ბევრ ფულსაც შოულობენ. ისინი კანონებს არღვევენ, ”ჭრა-კერვის” შედეგად მიღებული ავტომობილით კი მისი მომხმარებელი ზარალდება, რადგან ასეთი მანქანა სიცოცხლისთვის ძალზე საშიშია!
Frontal 21-მა აღმოაჩინა და ბოლომდე გაჰყვა გერმანულ-ქართულ დაჯგუფებას. ჟურნალისტები ცნობილ დეტექტივთან, ტამერ ბაკინერთან ერთად მუშაობდნენ, რომელიც ამ არალეგალურ ბიზნესს თვეების განმავლობაში აკვირდებოდა. მისი თქმით, ეს არ არის ერთადერთი კრიმინალური დაჯგუფება - არსებობს სხვა ბანდებიც, რომლებიც სამხრეთ გერმანიაში, აფრიკასა და საქართველოში მუშაობენ.
რეპორტაჟის ყურადღების ცენტრშია 17 წლის ავტომობილი Mercedes C-კლასი, რომელიც გერმანელმა მფლობელმა სამხრეთ გერმანიაში, ჯართში უსასყიდლოდ ჩააბარა - იმ იმედით, რომ მანქანა განადგურდებოდა. სინამდვილეში კი, ამ ავტომობილის თავგადასავალი სწორედ იმ დროს დაიწყო, როცა ის ჯართში ჩაიბარეს.
ჯართის გამყიდველმა მიღებული ”მერსედესი” გადახერხა და მისი წინა ნაწილი გაყიდა! ძრავაში, ტორპედოსა და გადაცემათა კოლოფში მან ჯამში 750 ევრო მიიღო. მანქანის უკანა ნაწილი კი, შასის ნომრით, შეინახა როგორც ოფიციალური დასტური, რომ ჩაიბარა და არ გაასხვისა.
► დაჯგუფების წევრებმა ძველი დაიმლერის ნაწილები და წინა ნახევარი სხვა 15 მსუბუქი ავტომობილის ცხვირებთან ერთად კონტეინერში მოათავსეს და საპორტო ქალაქ ბრემერჰაფენიდან საქართველოში გააგზავნეს.
► დეტექტივმა ბაკინერმა ”მერსედესის” ცხვირში GPS-ის ხელსაწყოს საიდუმლოდ დამონტაჟება მოახერხა, რათა თვალი ედევნებინა, რა გზას გაივლიდა ეს ჯართი. ამის შემდეგ გერმანელი ჟურნალისტები საქართველოში ჩამოვიდნენ და ნახევარი ”მერსედესის” კვალს ბოლომდე მიჰყვნენ და, რა გასაკვირია, რომ პირდაპირ შემდუღებელთა საამქროში, ან, უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ქართველ ”სვარშიკებთან” აღმოჩნდნენ!
► ალბათ უკვე ყველა ხვდებით, რაც მოხდა ამის შემდეგ, მაგრამ მაინც: გერმანიიდან ჩამოტანილი ”მერსედესის” ცხვირი აიღეს და საქართველოში ნაავარიები C-კლასის უკანა ნაწილს შეუერთეს. ხარჯი? დაახლოებით 1000 ევრო. საბოლოო ჯამში კი მივიღეთ 1998 წელს გამოშვებული ახალშეღებილი Mercedes 220, რომელიც თბილისშია და გერმანიიდან ჩამოყვანილი, გამართული მეორადი ავტომობილის რანგში იყიდება. გასაყიდი ფასი? 3 700 დოლარი...
აი, ასე მოქმედებს თაღლითების ჯგუფი, რასაც ხელს ის ფაქტი უწყობს, რომ ჯართზე სერიოზული კონტროლი არც გერმანიაშია და, მით უმეტეს, არც საქართველოში (ჩვენთან ტექნიკური დათვალიერებაც კი არ არის).
გერმანიის მწვანეთა პარტიის წევრი, ევროპარლამენტარი რაინჰარდ ბიურიკოფერი აცხადებს: ”გერმანიაში ჯართით მოვაჭრეებს ძალიან იშვიათად ამოწმებენ, რადგან შესაბამის ორგანოებს საკმარისი პერსონალი არ ჰყავთ იმისათვის, რომ საშიში ნაგავი აკონტროლონ.”
მთელი ამ ამბის ყველაზე დიდი პრობლემა კი, რაღა თქმა უნდა, იმ ადამიანის უსაფრთხოებაა, რომელიც ამ ”ჭრა-კერვის” შედეგად მიღებულ მანქანას შეიძენს. გერმანელმა ჟურნალისტებმა ფოტოები და ვიდეო-მასალა ტექ-დათვალიერების ექსპერტს TÜV Rheinland-დან, ჰანს-ულრიხ ზანდერს აჩვენეს, რომელიც ამბობს: ”ეს არის ჯართი. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ასეთი ავტომობილების უსაფრთხოება ნულის ტოლია!”
ჩვენს გერმანელ კოლეგებს ერთ-ერთმა ქართველმა თბილისში, ფარული კამერის წინ უთხრა, რომ ერთი სავსე კონტეინერი 20 000 ევროს ოდენობის მოგებას ტოვებს.
http://www.autobild.ge/index.php?option=co...=158&lang=ka-GE