ბევრმა თქვენგანმა კი იცის რომ საკუთარი მანქანით ვმოგზაურობ ხოლმე ევროპაში, ხოდა გუშინ ჩამოვედი მორიგი ტურიდან და ეხლა ვეცდები დეტალურად გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება. დიდად ბლოგერობა ჩემი საქმე არ არის მაგრამ ვეცდები

ეს წინა წლის ლინკი:
მანქანით ევროპაშიდავიწყებ იმით, რომ მქონდა ნაყიდი ფორმულა 1 ბელგიის გრანპრის ბილეთები და ჩემი ბავშვობის ოცნება იყო მაგ ტრასაზე რბოლის ყურება. ხოდა გადავწყვიტე რომ მიუხედავად მანძილისა, მანქანით წავსულიყავი ოჯახთან ერთად. ჩემი ბავშვები მიჩვეულები არიან მანქანით მოგზაურობას.
ეს ამ მოგზაურობის ტრანსპორტი, 2019 Subaru Forester

სულ თავიდან ბოლომდე გავიარე 10 000 კმ. წასული ვიყავი 25 დღით.
გაჩერებების მარშრუტი იყო შემდეგი:
სტამბული, თურქეთი
ბელგრადი, სერბეთი
გრაცი და ჰალშტატი ავსტრია
ციურიხი, შვეიცარია
მიუნხენი, გერმანია
მულჰაუსი, საფრანგეთი
ბაზელი, შვეიცარია
მილანი, ვენეცია, რიმინი, ბარი, იტალიაში
სალონიკი, საბერძნეთი
სტამბული, თურქეთი
ეხლა ვეცდები დეტალურად დავწერო რა და როგორ იყო.
სარფის საზღვარი თურქეთის მიმართულებით გადავკვეთე გამთენიისას 5 საათზე, საცობის და შეფერხების გარეშე და გავეშურე პირდაპირ სტამბულისკენ, 1300კმ იყო გასავლელი და რადგან ეგ მანძილი ადრეც გამივლია, ვიცოდი რომ იმ საღამოს 7 საათზე სტამბულში ვიქნებოდი. ეგ იყო ყველაზე დიდი მანძილი მოგზაურობის განმავლობაში ერთიანად გასავლელი.

ვჩერდებოდი საჭმელად და საწვავის დამატებაზე ყოველ 300-400 კილომეტრში... თურქებს აქვთ ძალიან კარგი გზები.
იმ საღამოს დავრჩით სტამბულში და მეორე დილით გავეშურე ევროპისკენ. ბულგარეთში გაჩერებას არ ვაპირებდი, რადგან სოფიაში ნამყოფები ვართ, გადავწყვიტე ბელგრადში ჩავსულიყავი პირდაპირ.
თურქეთი - ბუგარეთის საზღვარი უპრობლემოდ გავიარე, გასვლისას სიჩქარის ჯარიმა გადავიხადე, 35 ლარამდე მოუწია ჩვენს ფულზე:

ბულგარეთში ხანძრები იყო უზარმაზარი და რამდენიმე მონაკვეთში ავტობანი დაკეტილი იყო და სოფლებით ატარებდნენ ნაკადს.

ბულგარეთი - სერბეთის საზღვარი. მანქანიდანაც კი არ გადმოვსულვარ და სერბეთში შესვლის ვისაც გეშინიათ იცოდეთ, რომ თუ მანქანა თქვენს სახელზეა, ყველაფერი იდეალურად იქნება. მართვის მოწმობა და დაზღვევაც კი არ მოუთხოვიათ სერბებს, მხოლოდ პასპორტები.

სერბეთში ძალიან კარგი გზები აქვთ და ხალხიც ძალიან კეთილგანწყობილია. რადან გზა დიდი იყო, 140-ზე ნაკლებით არ მივლია...

იმ საღამოს ბელგრადში დავრჩით და დილით უკვე გავდიოდით ავსტრიისკენ, გრაცში მქონდა შემდეგი გაჩერება. გავიარე ხორვატია და სლოვენია.

სერბეთიდან ხორვატიაშიც (ევროკავშირში) ისე გადავედი, რომ მანქანიდანაც კი არ გადმოვსულვარ, მხოლოდ პასპორტები ნახეს.

გრაცამდე დავდიოდი ფასიანი ავტობანებით, ნაყიდი მქონდა სლოვენიის და ბულგარეთის ვინიეტები, სერბეთში ბარათით ვიხდიდი გზის გასასვლელში.
ავსტრიაში კი გრაციდან დაწყებული ვდილობდი მევლო უფასო გზებით და სოფლებით, რადგან ბევრი რამეა სანახავი, რასაც ავტობანიდან ვერ ნახულობ.


გრაცში დარჩენის შემდეგ, წავედით ჰალშტატში ავსტრიაში ისევ, რომელიც არის სასწაული სილამაზის ადგილი და აუცილებლად სანახავი თუ ავტრიაში გიწევს წასვლა. გზებიც და თვითონ ადგილიც გასაოცარია.
იმ ღამეს ჩავედით მიუნხენში დასარჩენად, რადგან მეორე დილით ციურიხში მივდიოდით შვეიცარიაში.

შვეიცარიაში ფასიანი გზებით სარგებლობა ღირს 40 ფრანკი, დაახლოებით 50$ გამოდის 1 წლიანი მინიმუმ უნდა იყიდო. ამიტომ გადავწყვიტე რომ ისევ უფასო გზებით მევლო და არ ვინანე, რადგან სასწაულად ლამაზი სოფლები და ადგილები გავიარე.
თავად ციურიხიც რათქმაუნდა ულამაზესი და ძალიან ძვირიანი ქალაქია. მანქანას ყოველთვის ვაჩერებდი ფასიან პარკინგებზე ქალაქიც ცენტრთან ახლოს და სხვათაშორის ძალიან ძვირი პარკირება არ ყოფილა არსად.

საღამოს წავედით გერმანიის ქალაქ საარბიუკენში დასარჩენად, რადგან ციურიხში დარჩენა ძალიან ძვირია.
მეორე დღეს რბოლამდე ერთი დღით ადრე გავეშურეთ კიდევ უფრო ჩრდილოეთით, ლუქსემბურგი უნდა გვენახა. პატარა, მაგრამ ძალიან ლამაზი და მოწესრიგებული ქვეყანა, რომელმაც ძალიან დადებითი შთაბეჭდილება დატოვა.

რომ მოსაღამოვდა, რადგან ბელგიაში სპას ტრეკთან ახლოს ფაქტიურად არ არსებობდა თავისუფალი სასტუმრო ან სახლი, ჯავშანი მქონდა გერმანიის სოფელ Gerolstein-ში, 1 საათის სავალ გზაზე ბელგიის სარბოლო ტრასიდან. ხო მართლა, დამავიწყდა დამეწერა, რომ მანქანით მოგზაურობისას ჯავშნის გაკეთება იაფად შეგიძლია, რადგან მოქნილი ხარ ტრანსპორტში და ნებისმიერ სოფელში შეგიძლია იაფად აიღო მთლიანი სახლები. ფოტოზე ხედავთ 70 ევროდ ნაქირავებ მთლიან ბაითს. გარაჟში ვერ შევედი ოღნდ დაკეტილი იყო და წინ გავაჩერე.

რბოლაზე ისეთ ეიფორიაში ვიყავი, მხოლოდ ოჯახის წევრების ფოტოები მაქვს და არ დავდებ მაგას, თუმცა დაუვიწყარი შთაბეჭდილებები დატოვა ჩემზე და აუცილებლად კიდევ წავალ რაც ნამდვილად ვიცი.
იმ საღამოს რბოლის მერე საფრანგეთის ჩრდილოეთში, ქალაქ Forbach-ში დავრჩით.

შემდეგი გაჩერება კი იყო ევროპაში ერთერთი დიდი საავტომობილო მუზეუმი საფრანგეთში, ქალაქ მულჰაუსში.

საავტომობილო მუზეუმი:




მულჰაუსი რადგან იყო ბაზელთან ახლოს, 20 წუთის სავალზე, ბაზელშიც გავიარეთ და ისევე როგორც შვეიცარიის სხვა ქალაქები, აქაც ძალიან ლამაზი და მოწესრიგებული იყო ყველაფერი.


შემდეგ დღეს, უკვე იტალიისკენ ავიღეთ გეზი. მილანში მივდიოდით. ხოდა შვეიცარიის ალპებით წავედი და არ ვინანეთ. სასწაული ბუნება, ხედები და ემოციები დაგვიტოვა ალპებში სიარულმა.

ლუგანო, შვეიცარიის სამხრეთი, იტალიის საზღვართან.

საღამოს ჩავედით მილანში და დავრჩით. მიუხედავად იმისა რომ მილანში ნამყოფები ვიყავით რამდენჯერმე, ისევ დიდი სიამოვნებით მოვინახულეთ.

მილანის შემდეგ ტური გრძელდებოდა ვენეციაში. სასტუმრო კუნძულიდან 10 წუთის სავალ გზაზე მქონდა დაჯავშნილი საკმაოდ იაფად.

პარკინგი უშუალოდ კუნძულზე არის ძალიან ძვირი, ამიტომ ეცადეთ მანქანა ბოლო ხიდზე გადასვლამდე არსებულ პარკინგებზე გააჩეროთ, ფეხით 5 წუთი უნდა მერე ვენეციაში შესვლას პარკინგიდან.
აი ეს ფასი აქვს პარკინგს უშუალოდ კუნძულზე თუ ბოლომდე შეხვალ. რამდენი ხანიც არ უნდა გააჩერო იხდი 35 ევროს. ასევე გთხოვენ გასაღები დაუტოვო, რადგან ბევრი მანქანა უყენიათ და ვერ ატევენ და გაწევა უწევთ ხოლმე. მე არ დავუტოვე და არც გავაჩერე, ვიპოვე ბოლო ხიდამდე არსებულ პარკინგებზე ადგილი და 10 ევროდ მთელი დღე ვიდექი.

ვენეციის მერე უკვე მოვიდა დრო ზღვაზე დასვენების და ქალაქ რიმინიში იტალიაში წავედით 4 დღე დასარჩენად.

ძალიან კარგი პლიაჟები და მისაღები ფასები იყო. ზღვაზე დასვენება მანდ უფრო იაფი დაჯდა ვიდრე ბათუმში ჯდება ხოლმე.
ზღვაზე დასვენების შემდეგ, წავედით იტალიის სამხრეთში, ქალაქ ბარიში, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში.

კვირა დღეს დავამთხვიე, რა დროსაც ქართველებით იყო სავსე ტაძარი, წირვაც ქართულად ჩატარდა და დაუვიწყარი დღე გამოდგა.
იმ საღამოს გვქონდა გემზე ასვლა ბარიში და საბერძნეთში გადაცურვა.


გემი გავიდა ღამის 10 საათზე და დილის 8-ზე საბერძნეთში ვიყავით. ძალიან კომფორტული გემი იყო სხვათაშორის.
ჩავედით გემით ქალაქ იგუმენიცაში, საიდანაც სალონიკში გავეშურეთ დასარჩენად. საბერძნეთის მოლებში ბევრიც ვიშოპინგეთ რადგან ძალიან მაგარ ფასად იყო ყველაფერი. მანქანა გავტენეთ რაც დაეტია ბოლომდე


მოვიდა დრო სტამბულში დაბრუნების და იქ დარჩენის 3 დღით. საბერძნეთიდან თურქეთისკენ საზღვარზე იყო მსუბუქი მანქანების რიგში 2 საათიანი რიგი, უზარმაზარი. მე შემთხვევით მოვხვდი ტრაილერების ზოლში და მთელს საცობს ავუარე გვერდი და წინ გავიჩითე საზღვართან. ძალიან კი შემრცხვა, მაგრამ ვერც უკან მივბრუნდებოდი და სხვა გზა არ მქონდა, რიგში შევეტენე ქართულ სტილში. სულ ბოდიშების მოხდით.
სტამბულიდან საქართველოსკენ წამოსვლისას კი გადავწყვიტე რომ სადაც დავიღლებოდი იქ ვნახავდი სასტუმროს და დავისვენებდი. თუმცა, ისე ჩამოვედი შუაღამის 2 საათზე სარფში, რომ ოდნავაც არ დავღლილვარ. სტამბულიდან გამოვედით 10 საათზე დილით და შუაღამის 2 საათზე სარფში ვიყავი. გადავწყვიტე ბოლომდე თბილისამდე წამოვსულიყავი და გამთენიისას ჩამოვედი თბილისში.
ფოტოზე სტამბული - სარფი ნავიგატორის თვალით.

ყველა ქყვეყანაში, სადაც შემეძლო ფასიან გზებზე, მაქიმალურად დავდიოდი დასაშვები ლიმიტებით. საწვავის ხარჯი გაიზარდა ცოტა, მაგრამ დროში ვიგებდი საკაიფოდ.

სულ გავიარე 10 000 კილომეტრი, საშუალო წვა მქონდა 7,5 ლიტრი 100 კილომეტრზე. სულ დავწვი 750 ლიტრი ბენზინი. ვფიქრობ რომ ცუდი წვა არ არის იმის ფონზე რომ ფასიან გზებზე 140+ დავდიოდი ხოლმე + კონდიციონერი სულ ჩართული და + 4 ადამიანი და ამდენი ბარგით გატენილი მანქანა.
მანქანის დაზღვევა აქვე გავაკეთე კომპანია მაგნუსში, გადავიხადე 400 ლარი 1 თვიანში და ევროპის ყველა ქვეყანაში მოქმედებდა, მათ შორის თურქეთშიც. აღარ დამჭირდა ცალკე თურქული დაზღვევის ყიდვა.
მანქანა მყავდა მომზადებული მაქსიმალურად. ზეთები და ანტიფრიზი შეცვლილი. კარგი ტორმუზები და საბურავები. თან მქონდა ელექტრო ნასოსი, დამქოქი პოვერ ბანკი, ზაპასკა, საავარიო სამკუთხედი და ამრეკლი ჟილეტი (აუცილებელია). ასევე აფთიაქი და ცეცხლმაქრიც.
ჩემმა სუბარუმ უპრობლემოდ იარა ეგ გზა, არცერთი პრობლემა არ შემქმნია არსად.
უნდა ითქვას, რომ ქართული ნომრები ყურადღებას იქცევს და ყველა უყურებს მანქანას, უკვირთ აქ როგორ მოხვდაო ალბათ

ისე გავიარე 10K კილომეტრი, არცერთხელ არ შემქმნია საავარიო სიტუაცია, არცერთხელ არ მიგინებია არავინ და არცერთხელ არ ჩამირტყავს იამკაში. როგორც კი სარფში გადმოვედი, ბათუმამდე არ მისული, ავინაზღაურე ყველაფერი ერთიანად 10 წუთში

რაც შეეხება ფასებს და ხარჯებს.
საჭმელი არის ძალიან იაფი სუპერმარკეტებში, ჩვენზე გაცილებით იაფი. რესტორნებში თუ ჭამა გინდა მზად უნდა იყო რომ იაფი არ დაგიჯდება.
სასტუმრო და სახლები 4 ადამიანზე საშუალოდ ღამეში ჯდება 70-100 ევრო. მანქანით რადგან ხარ მოქნილი ხარ რომ ცოტა შორს მაგრამ იაფად ნახო ყველგან.
ფასიან გზებზე ჯამში ყველგან ერთად დაახლოებით 150 ევრო გადავიხადე. ვინიეტებს ვყიდულობდი საიტებზე ონლაინ. დაძებნით გუგლში vignette Slovenia ან Bulgaria მაგალითად და შეიყვანთ თქვენს ნომრებს, აირჩევთ თარიღებს და გადაიხდით ქართული ბართითვე საფასურს.
გემით გადასვლა იტალიიდან საბერძნეთში დაჯდა 300 ევრო მანქანა +4 ადამიანი. აქ ვიყიდე ბილეთები წინასწარ: www.ferries.gr
ყველგან აფსოლუტურად ვიხდიდი თიბისის ბარათით, ქეში დიდად არ მედო. ასევე ევროს გარდა სხვა ვალუტა არ მქონია და არც დამჭირვებია არსად.
საბოლოო ჯამში, რომ შევაფასო, ეგ იყო დაუვიწყარი 1 თვე, რომელსაც აუცილებლად კიდევ გავიმეორებ. ყველაფერი არის ძალიან მარტივი, არცერთ ეტაპზე არავინ არ გიქმნის პრობლემას არცერთ საზღვარზე, მითუმეტეს ბავშვებით რომ ხარ. თუ ადეკვატური ხარ, თუ მანქანა შენს სახელზეა და საეჭვოდ არ იქცევი, არავინ გაფერხებს.
ბოღმა მახრჩობდა მთელი მოგზაურობა, თუ როგორ მოწესრიგებულად და კარგად ცხოვრობენ ევროპაში და ჩვენ რატომ არ შეგვიძლია ეგრე რომ ვიყოთ?
ყველა ბედნიერი და ღიმილიანი სახეებით, არავინ ყვირის, არავინ იგინება, გაბოროტებული სახეებით არ გიყურებენ... ბევრი გვაქვს სასწავლი მაგ ხალხისგან.
ხო მართლა. ქართველობა არ დამიკარგავს

P.S. მიაქციეთ ყურადღება მანქანის ფოტოებს, ბევრჯერ მოვყევი თავსხმა წვიმაში ავტობანებზეც და სოფლებშიც 25 დღის განმავლობაში, თუმცა მანქანა არ გამირეცხავს არცერთხელ, რადგან არ ჭუჭყიანდებოდა რატომღაც
This post has been edited by karlo-fan on 11 Aug 2025, 16:10