სოფელ ნორიოსთან 70 ჰექტარზე საერთაშორისო სტანდარტების ნარჩენ-მიმღები პუნქტი მოეწყობა.
თბილისის მერის მოადგილემ ნიკო ხაჩირაშვილმა დღეს დასუფთავების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელთან ტარიელ ხიზანიშვილთან ერთად ახალი ნარჩენ-მიმღები პუნქტის მშენებლობის ადგილი დაათვალიერა.
როგორც ტარიელ ხიზანიშვილმა განაცხადა, პირველ ეტაპზე ადგილზე სპეციალური სამსახურის მიერ ტერიტორიის მონიშვნის სამუშაოები განხორციელდება, მოხდება ფართობის შემოღობვა, რათა ტერიტორია დაცული იყოს მაწანწალა ცხოველებისგან. მიმდინარე წლის შემოდგომაზე კი დასრულდება აღნიშნული პუნქტის მოწყობა, რის შემდეგაც დაიხურება გლდანისა და იაღლუჯის ნაგავსაყრელები, რომლებიც იმ ტერიტორიაზე მაცხოვრებლებისთვის სერიოზულ პრობლემებს ქმნიდნენ.
აღნიშნულ ტერიტორიაზე ნაგვის მიმღები პუნქტის მოსაწყობად ეკოლოგიური და გეოგრაფიული კვლევის სამუშაოები საპროექტო ორგანიზაცია `გამა~-მ ჩაატარა.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას სამეცნიერო კვლევითი ფირმა “გამას” ვიცე-პრეზიდენტმა ზურაბ მგალობლიშვილმა განაცხადა, ახალი ნარჩენ-მიმღები პუნქტი საერთაშორისო სტანდარტებით მოეწყობა. ნაგავსაყრელისთვის დამახასიათებელი სუნი და გამოყოფილი აირების აალება ადგილზე არ მოხდება. ტერიტორია კილომეტრნახევრით დაშორებულია დასახლებული პუნქტისგან. პროექტის მიხედვით, ყოველდღიურად ნაგავი მიწის სიღრმეში 3-4 მეტრზე მოთავსდება, დაიტკეპნება და დამცავი შრით, 20-25 სანტიმეტრი მიწის საფარით დაიფარება. დამცავი შრეების შედეგად გრუნტის წ###ბში მავნე ნივთიერებების მოხვედრა გამოირიცხება.
მგალობლიშვილის განცხადებით, ნარჩენ-მიმღები პუნქტიდან 2-3 წელიწადში შესაძლებელი იქნება სპეციალური ჭაბურღილებით ნაგვის შედეგად გამოყოფილი აირის შეგროვება და ამ აირს სამეურნეო თვალსაზრისით გამოიყენებენ. მისივე თქმით, 20-25 წლის განმავლობაში ნარჩენ-მიმღები პუნქტის მიწის შრეებში 600 მლნ კუბური მეტრი აირის წარმოქმნაა შესაძლებელი.
როგორც ტარიელ ხიზანიშვილმა “ინტერპრესნიუსთან” განაცხადა, ახალი პუნქტის მოწყობისთვის წელს ბიუჯეტიდან 12-15 მლნ ლარი დაიხარჯება.
მისი ვარაუდით, აღნიშნული პუნქტი დედაქალაქს 40 წლის განმავლობაში მოემსახურება.
http://www.interpressnews.ge/ge/index.php/....html&hd_line=1