მეტრო-სადგურ “ნაძალადევის” ახალი სახედედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ განახლებული მეტრო-სადგური “ნაძალადევი” მოინახულა. სადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოები 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. მთლიანად შეიცვალა ახალი სადგურის ინტერიერი - დაეგო ქვის ახალი იატაკი, მოპირკეთდა სადგურის მიწის ზედა და მიწის ქვედა დარბაზები. სადგურს ბარელიეფზე გამოსახული თბილისის ხედი მეტ ხიბლს სძენს.

ასევე მოწესრიგდა სადგურის სადრენაჟო სისტემა, კომუნიკაციები, მიმდებარე ტერიტორია, დამონტაჟდა თანამედროვ სანათები, შენობის მარცხენა მხარეს მოეწყო სკვერი.

სადგურ “ნაძალადევის” სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 680 ათასი ლარი დაიხარჯა.
დედაქალაქის მერმა “ნაძალადევი” დაათვალიერა და აღნიშნა, რომ თბილისის მეტროს რეაბილიტაციის პროცესი გეგმაზომიერად მიმდინარეობს.

“რეაბილიტაცია ხორციელდება როგორც მეტროს სადგურებზე, ასევე - მატარებლებზე. წელს უკვე სამი სადგური განახლდა და გაისად სარეაბილიტაციო სამუშაოები სხვა მეტრო სადგურებშიც დაგეგმილი გვაქვს. გაისად განახლდება სადგური “ვაგზლის მოედანიც”. ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ მეტრო გახდეს ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული ტრანსპორტი. მეტროს ოპტიმალური მუშაობა ნიშნავს იმას, რომ ქალაქში უფრო ნაკლები ე.წ. საცობი იქნება. აღსანიშნავია, რომ მგზავრთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. ეს მისასალმებელია და იმის მანიშნებელია, რომ მეტროპოლიტენი ხდება ისეთივე პრესტიჟული, როგორიც ევროპის ქალაქებშია,” - განაცხადა გიგი უგულავამ.

დედაქალაქის მერთან ერთად, ახალი მეტრო-სადგურიდან სადგურ “თავისუფლების მოედნამდე” მატარებლით, შპს “თბილისის მეტროს” გენერალურმა დირექტორმა ლევან კოპლატაძემ, მერის მოადგილე დავით ალავიძემ, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა კობა სუბელიანმა და გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ნიკო ხაჩირიშვილმაც იმგზავრეს.

თბილისის მეტროპოლიტენის გენერალური დირექტორის ლევან კოპლატაძის თქმით სარეაბილიტაციო სამუშაოები ასევე სრულდება მეტრო-სადგურებში “ვარკეთილი” და“ახმეტელი”.
“სადგურის რეკონსტრუქცია, დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში სადგურის მუშაობა არ შეფერხებულა. საბოლოოდ საკმაოდ კარგი სადგური გამოვიდა. ვფიქრობ ეს იქნება კიდევ ერთი დამატებითი სტიმული ჩვენი მგზავრებისთვის, რომ უფრო ხშირად ისარგებლონ მეტროპოლიტენით, რომელიც ყველაზე უსაფრთხო და კომფორტული ტრანსპორტია,” - აღნიშნა ლევან კოპლატაძემ.
სადგურის მიმდებარე ტერიტორია უსახური რკინის ნაგებობებისგანაც გაიწმინდა. მათ ნაცვლად კი გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობამ სკვერი მოაწყო. დამონტაჟდა სკამები, საბავშვო ატრაქციონები, განახლდა შადრევან-აუზი, გამწვანდა და ყვავილებით გალამაზდა მიმდებარე ტერიტორია.
ნიკო ხაჩირიშვილის თქმით, აღნიშნული სამუშაოებისათვის სულ 20 ათას ლარამდე დაიხარჯა.
“მეტროს გამოსასვლელში მგზავრთა გადაადგილებას აფერხებდა რკინის ნაგებობები, რომელთაც, შესაძლოა “მონსტრებიც” კი ვუწოდოთ. მოსახლეობის მოთხოვნით, აღნიშნული ტერიტორია ამ ნაგებობებისაგან გაიწმინდა და დღეს უკვე გადაადგილება თავისუფლადაა შესაძლებელი და მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ახლა უკვე დასვენებაც შეიძლება. ვფიქრობ, ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია,” - განაცხადა რაიონის გამგებელმა.
19 ნოემბერი 2007 / 13:16
http://www.tbilisi.gov.ge/index.php?lang_i...44&info_id=3795
შეკითხვები თუ გაქვთ სატელიტების შესახებ http://forum.ge/?showforum=81 ში დაწერეთ, PM-ში არ გიპასუხებთ.