მიმზიდველი ტრანსპორტი - მეტრო
თუ ვარკეთილში მეგობართან მეტროთი წასვლა გადაწყვიტეთ და ერთ-ერთ სადგურში მოისმინმეთ ნაცნობი ხმა - “ვარკეთილი”, ამოხვედით, თუმცა, აბსოლუტურად უცხო გარემოში მოხვდით, არ იფიქროთ, რომ ან ხმა მოგესმათ ან კიდევ სადგურის სახელი შეცდომით გამოცხადდა.

თქვენ მართლაც ვარკეთილში ხართ. უბრალოდ, სადგურია რეკონსტრუირებული და მის წინ კი უსახური მაღაზიებით გადაჭედილი მოედანი გასუფთავებული და კეთილმოწყობილია.

განახლებული მეტრო-სადგური “ვარკეთილი” და მის მიმდებარედ კეთილმოწყობილი ტერიტორია დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა.

მეტრო-სადგურების რეაბილიტაციის პროექტი უკვე მეორე წელია მიმდინარეობს.

“ვარკეთილი” რიგით მეექვსე სადგურია, რომელიც თბილისში განახლდა. სადგურში სარეაბილიტაციო სამუშაოები ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. მთლიანად განახლდა “ვარკეთილის” ზედა და ქვედა დარბაზებისა და დახრილი გვირაბის ინტერიერი.

შეიცვალა კომუნიკაციები და სადრენაჟო სისტემა.მთლიანობაში სადგურის რეკონსტრუქციისათვის ქალაქის ბიუჯეტიდან 650 ათასი ლარი დაიხარჯა.
სადგურის რეაბილიტაციის პარალელურად ისანი-სამგორის რაიონის გამგეობამ მიმდებარე მოედანიც კეთილმოაწყო - განხორციელდა არსებული მაღაზიების დემონტაჟი, ჩატარდა გამწვანებითი სამუშაოები, დაიდგა სკამები. აღნიშნული სამუშაოებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 100 ათას ლარამდე გამოიყო.

მეტრო-სადგურ “ვარკეთილის” მიმდებარე კეთილმოწყობილ მოედანზე გიგი უგულავა ადგილობრივ მოსახლებასაც გაესაუბრა და მათი წინადადებები და მოსაზრებები მოისმინა.
“ორი წლის წინ, როდესაც მერად დავინიშნე, პრეზიდენტთან ერთად მეტროთი ვიმგზავრე. კარგად მახსოვს, თითოეულ სადგურში რა გაუსაძლისი მდგომარეობაც იყო. იმ დროს ახალი გარემონტებული იყო პრაღის მეტრო. პრეზიდენტის ინიციატივით, მაგალითად, სწორედ, პრაღა ავიღეთ და დავიწყეთ თბილისის მეტროპოლიტენის რეაბილიტაციის პროგრამა. თბილისში უკვე ექვსი სადგურია რებილიტირებული და გაკეთებულია ასამდე ვაგონი. შედეგმაც არ დააყოვნა და ყოველ დღე სულ უფრო იზრდება გადაზიდვების რაოდენობა. პრაქტიკულად, დედაქალაქის ნახევარი მეტროთი სარგებლობს და ამიტომ ეს ტრანსპორტი უნდა იყოს უსაფრთხო და მოწესრიგებული,” - განაცხადა დედაქალაქის მერმა სადგურის დათვალიერებისას.
მერთან ერთად ახალი სადგური და მოედანი შპს ”თბილისის მეტროს” გენერალურიმა დირექტორმა ლევან კოპლატაძემ, ისანი-სამგორის რაიონის გამგებელმა გიორგი ქორქაშვილმა, თბილისის მერის მოადგილემ დავით ალავიძემ და ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა ბესო ჟღენტმაც მოინახულეს.
“ვფიქრობთ, რომ ასეთი და მსგავსი პროექტებით მეტრო კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება ჩვენი მგზავრებისათვის. მეტრო თბილისის სატრასნპორტო სისტემის ქვაკუთხედია. აღნიშნული პროექტი მომავალ წელსაც გაგრძელდება და 2008 წლის განმავლობაში მთლიანად განახლდება სადგურები “დიდუბე”, “ელექტროდეპო” და “ვაგზლის მოედანი,” - აღნიშნა ლევან კოპლატაძემ.
“მეტროს მიმდებარე ტერიტორია უსახური მაღაზიებით იყო სავსე. მათი დემონტაჟის შემდეგ კი მოედანი მთლიანად კეთილმოეწყო და მეტროთი მოსარგებლე ადგილობრივ მაცხოვრებლებს თავისუფად გავლის საშუალება მიეცათ,” - განაცხადა ისანი-სამგორის რაიონის გამგებელმა გიორგი ქორქაშვილმა.

27 ნოემბერი 2007 / 15:20
http://tbilisi.gov.ge
შეკითხვები თუ გაქვთ სატელიტების შესახებ http://forum.ge/?showforum=81 ში დაწერეთ, PM-ში არ გიპასუხებთ.