არა უბრალოდ მინდა რომ ასეთი იყოს
ჩემი მამიკოს პროექტია და მენდომება აბა რა?!
* * *
თბილისი - ,,რიყე”
რეკრეაციული ზონა
ევრო – აზიურ კულტურათა მეგობრობის ცენტრი
განმარტებითი ბარათი
გზები აკავშირებს სოფლებს, ქალაქებს, კონტინენტებს. მათ შეაქვთ სიცოცხლის რითმი ყველგან, სადაც კი გაივლიან.
თბილისი რთულ რელიეფურ ლანდშაპტზეა განლაგებული. ნიშნულებს შორის სხვაობა 250 მეტრს აღწევს. ამან გამოიწვია ისეთი არატრადიციული სახის სატრანსპორტო საშუალებების გაჩენა, როგორიცაა: ტრამვაის ხაზი მთაწმინდაზე, საბაგირო ლისის ტბაზე, კუს ტბაზე.
მოცემულ პროექტში შემოთავაზებულია ფეხმავალთა ხიდი (150 მ.) კალადან რიყეზე და ესკალატორი (80 მ.) რიყიდან გარე ავლაბრის პლატოზე. რამდენად საჭიროა ეს კავშირები და მათი გაძლიერება?
1. ახალი გზა მნიშვნელოვნად დაეხმარება საეკლესიო დღესასწაულებზე წმ. სამების ტაძრისკენ დიდი ნაკადების მოძრაობას, საპატრიარქოდან სამღვდელოების სამების ტაძრისკენ სარიტუალო სვლებს, რაზეც დღესვე უნდა ვიფიქროთ.
2. მნიშვნელოვნად გაუადვილებს გარე ავლაბრის მოსახლეობას ქალაქთან კავშირს და პირიქით.
3. ფეხმავალთა ახალი მარშრუტი დაეხმარება მომავალში ტურისტების დიდი ნაკადების მიყვანას გარე ავლაბრის პლატოზე, სადაც ამ ტერიტორიიდან არსებული უნიკალური ხედების გამო შესაძლებელია განვითარდეს სასტუმროებისა და გასართობი დაწესებულებების მნიშვნელოვანი ქსელი.
ესკალატორზე მოძრაობაში უნიკალური პანორამის ხედვა დიდ სიამოვნებას მიანიჭებს არა მხოლოდ ტურისტებს. ფეხმავალთა ახალი გზა კალა-რიყე-გარე ავლაბარი გამოაცოცხლებს, როგორც ,,რიყის” ტერიტორიას, ასევე ამ გზის მიმდებარე ქუჩებსაც, ქალაქს დაუბრუნებს ,,გარიყულ რიყეს”.
,,რიყის” ტერიტორიის ფართი – 5,5 ჰა.
პროექტით ,,რიყის”ტერიტორიაზე ასევე გათვალისწინებულია შემდეგი ობიექტების მშენებლობა:
- ფეხმავალთა მოედანი – 25000 მ²
- ფეხმავალთა მოედნის ქვედა ფართი – 27000 მ²
- ევრო-აზიურ კულტურათა მეგობრობის ცენტრი – 10000 მ²
- ამფითეატრი (3000 ადგილი) – 3500 მ²
- კაფე-ბარი (ბარათაშვილის აღმართის ბურჯებზე შეკიდული) – 800 მ²
- საჭყუმპალაო მუსიკალური შარდევნებით – 12000 მ² აქედან 2200 მ² მწვანე ზოლი
- ადამიანი შემოქმედისადმი მიძღვნილი სკულპტურული კომპოზიცია–1000 მ²
- ავტოსადგომი (550 მანქანა) – 10600 მ²
- ფეხმავალთა მოედანი 5-7 მეტრით უნდა ამაღლდეს არსებული ნიშნულიდან. რით არის ეს გამოწვეული?
,,რიყე”-ს ტერიტორია უმნიშვნელოვანესია ისტორიულ უბანში. მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ ის ეპიცენტრშია ქალაქისათვის მეტად მნიშვნელოვან არქიტექტურულ ძეგლებს შორის, მაგრამ ამ ხედებს, კონკრეტულად კალა უბანზე, ფარავს სანაპიროს გასწვრივ არსებული ჭადრები. ამ პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია თუ ,,რიყის” ტერიტორიის 25000 მ² -ს 5-7 მეტრით ავწევთ. ამ ხელოვნური ტერასის შექმნით შესაძლებელი გახდება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს ხედვის კუთხეები, როგორც მთელ ქალაქზე, ასევე ისტორიულ ძეგლებზე, რაც მოიზიდავს ტურისტულ ჯგუფებს და არა მხოლოდ ტურისტებს, არამედ დედაქალაქის მაცხოვრებლებსაც. მოედნის ამაღლებით 5-7 მეტრით, მის ქვეშ მივიღებთ 27000 მ² გადახურულ ფართს.
- ფეხმავალთა მოედნის ქვედა 27000 მ² ფართი მნიშვნელოვანი შენაძენი იქნება ქალაქისათვის, ამ ტერიტორიის რენტაბელობისათვის. ამ ფართზე შეიძლება მოეწყოს როგორც კაფე-რესტორნების მნიშვნელოვანი ქსელი, ასევე მუზეუმები, საკონფერენციო დარბაზები და ა. შ.
- ევრო-აზიურ კულტურათა მეგობრობის ცენტრისათვის განკუთვნილი ადგილი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ქალაქისათვის. მოგეხსენებათ სტუმრების დიდი ნაწილი სოწრედ აქედან შემოდის ქალაქში და სწორედ მოცემული ადგილის გავლის შემდეგ იხსნება ხედი დედაქალაქზე. ამ შენობის თანამედროვე და ამავე დროს ისტორიულ უბანთან ჰარმონიულად შერწყმული არქიტექტურა მნიშვნელოვნად განაახლებდა არსებულ გარემოს, დაიკავებდა ადგილს ქალაქის იმ უბანში, რომელიც ტრადიციულად აკავშირებს სხვადასხვა ეროვნების კულტურისა და სარწმუნოების ადამიანებს ერთმანეთთან.
- ამფითეატრმა რიყეზე უკვე დაიმკვიდრა ბინა. მომავალში შეიძლება იგი გადაიქცეს საერთაშორისო დიდი ფესტივალების მასპინძლად, ქართული და ქალაქური მუსიკის მოყვარულთა ერთ-ერთ საუკეთესო თავშეყრის ადგილად. მისი პროექტირებისას გათვალისწინებული იქნება წვიმის შემთხვევაში ტრანსფორმირებადი მსუბუქი კონსტრუქცია, გადახურვა.
- კაფე-ბარი ბარათაშვილის საყრდენ ბურჯებზე იქნება აკინძული. ეს განპირობებულია იმით, რომ ამ ადგილებიდან იხსნება საუკეთესო ხედები ქალაქის ძველ უბნებზე.
- საჭყუმპალაო-შადრევანი გათვალისწინებულია ბავშვებისათვის, მათი ჟრიამული სიცოცხლეს აუწყებს სიცხისგან გათანგულ ქალაქს. შესაძლებელია აქვე ჩატარდეს ნათლობის რიტუალები. ფერადი მუსიკალური შადრევნები საგრძნობლად გაახალისებს მთელ გარემოს.
- ადამიანი შემოქმედისადმი მიძღვნილი სკულპტურული კოპმოზიცია, მნიშვნელოვნად გააკეთილშობილებს მთელ კომპლექსს.
ნიშნულებს შორის სხვაობა იძლევა საშუალებას ,,რიყე”-ზე გამოვიყენოთ სრულიად ახალი ხელოვნების დარგი – სივრცული ჰოლოგრამა. ამ საქმის პიონერები თბილისში მოღვაწეობენ და უკვე საზოგადოებისათვის ცნობილია მათი მიღწევები ხელოვნების ამ სახეობაში. სივრცული ჰოლოგრამის, ფერადი მუსიკალური შადრევნების და ჩანჩქერების სხვადასხვა კომპოზიციურ ფერთა ცვალებით შეიძლება ,,რიყე”-ზე დაიდგას ფანტასტიური თეატრალური წარმოდგენები და შეხვედრები.
მთლიანად ,,რიყემ”, რათქმა უნდა, უნდა შეინარჩუნოს და განავითაროს სახალხო ზეიმების ტრადიციები, ,,თბილისობა”, რასაც ვფიქრობ ხელს შეუწყობს ზემოთ ჩამოთვლილი ობიექტების მშენებლობა.
არქიტექტორი: თ. დარახველიძე
Tel: (+995 32) 315752
თბილისი, 2004