"სქაი-ჯორჯიას" კრედიტორების წინაშე 25 მილიონის დავალიანება დაუგროვდა
რადიო "კომერსანტი", FM 95,5
კომპანიას რეაბილიტაციის მმართველად "ლიბერთის" წარმომადგენელი დაუნიშნეს
ავიაკომპანია "სქაი ჯორჯიას" გადახდისუუნაროდ ცნობის საკითხს სასამართლო განიხილავს. კომპანიაში არსებულ ფინანსურ პრობლემებზე, მენეჯმენტმა სპეციალური განცხადება გაავრცელა. მიმართვაში აღნიშნულია, რომ აგვისტოს ომის და მსოფლიო ფინანსური კრიზისის გამო, კომპანიას 25 მილიონი ლარის კრედიტორული დავალიანება წარმოექმნა. კრიდიტორებს შორის არიან “ლილო სითი”, “ბი პი საქართველო”, “ჯორჯიან პეტროლიუმი”, “ბელავია”, „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ და “ლიბერთი ბანკი”.
2010 წლის მაისში მენეჯმენტმა კომპანიაში რეაბილიტაციის მმართველის შეყვანა გადაწყვიტა და დაინიშნა არჩევნები. „სქაი ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ 12 ნოემბრის სხდომაზე მოსამართლემ კენჭისყრაზე მხოლოდ “ლიბერთის” კანდიდატურა დააყენა, რომელსაც არცერთმა კრედიტორმა არ დაუჭირა მხარი. თუმცა, მოსამართლემ თავად დანიშნა ჩავარდნილი კანდიდატურა. კომპანია მზადაა რეაბილიტაციის რეჟიმში იმუშაოს, თუმცა, ყველა საკითხის გადაწყვეტას კანონის დაცვით ითხოვს. „სქაი-ჯორჯია“ ავღანეთის მიმართულებით ნატო–ს ტვირთების გადაზიდვას ახორციელებს.
ლიბერთი ბანკი“ “სქაი ჯორჯიასთან” დაკავშირებით კომენტარის გაკეთებას არ აპირებს. მათი განმარტებით, კლიენტს და ბანკს შორის ურთიერთობა კონფიდენციალურია, ამიტომ "ლიბერთი" არ აპირებს ბიზნეს–ეთიკა დაარღვიოს და კლიენტის შესახებ საჯარო განცხადება გააკეთოს.
* * *