IVANICHACityZenრადგან დიდი ინტერესი გამოიწვია ჯოვანი სკუდიერის სახელმა, აქვე გთავაზობთ სტატიას ჟურნალიდან _ "ბრავაკაზა" (სულ ბოლო ნომერში იყო გამოქვეყნებული):
იმ ადგილის ხაზგასმა, სადაც თბილისის მერიის თავდაპირველი ნაგებობის შესახებ არის საუბარი, ჩემია
ამ სტატიიდან ჩანს, რომ ამ კაცს იმდენად დიდი დამსახურება აქვს თბილისის არქიტექტურის წინაშე, რომ შეიძლებოდა სწორედ მისი სახელი დარქმეოდა ქუჩას და არა ზოგადად იტალიის სახელი. ასე თუ ვიმსჯელებთ _ შარდენის ქუჩას საფრანგეთის სახელი უნდა ერქვას. და თუ იტალიის სახელით არსებობს ქუჩა, რა დააშავა საფრანგეთმა, გერმანიამ (რომლის ძალდატანებითაც გამოაცხადეს დამოუკიდებლობა მენშევიკებმა), აშშ-მ, რომელიც დღეს აგრძელებს გერმანიის პოლიტიკას... მოკლედ, ვერ ვხედავ ვერანაირ ლოგიკას, რომ ჯოვანი სკუდიერის საპატივცემულოდ ქუჩას იტალიის სახელი დაერქვა.
ჯოვანი სკუდიერი
იტალიელი არქიტექტორი თბილისშიიტალიელი არქიტექტორი ჯოვანი სკუდიერი XIX საუკუნის თბილისის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი არქიტექტორია. მის მიერ აშენებული ნაგებობები დღესაც საქართველოს დედაქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობებს წარმოადგენს. ტექსტი _ თამაზ გერსამიაჯოვანი ბატისტა სკუდიერი დაიბადა 1816 წელს ქალაქ ლუგანოში (შვეიცარია), საიდანაც იყო წარმოშობით დედამისი – ანჯელა ტორიჩელი. მამა, ვენეციელი აზნაური, ქალაქ პადუაში სამხედრო სამსახურში იმყოფებოდა, სადაც 1831 წელს ჯოვანი სკუდიერმა უმაღლესი საიმპერატორო-სამეფო სასწავლებელი დაამთავრა. სწავლის დროს დიდი ნიჭი და ინტერესი გამოავლინა მათემატიკის, ფიზიკის, ხატვისა და განსაკუთრებით _ არქიტექტურის მიმართ. ამავე დროს პრაქტიკას გადიოდა ქალაქ პადუის ინჟინრის, პიეტრო ბუზინანის კანცელარიაში.
1832 წელს ჯოვანი სკუდიერი გაემგზავრა რუსეთის იმპერიაში, კერძოდ _ ოდესაში, სადაც დედის ძმა, არქიტექტორი ტორიჩელი მოღვაწეობდა. როგორც თვით ჯოვანი სკუდიერი აღნიშნავს, 11 წლის განმავლობაში (1845 წლამდე) მონაწილეობდა ბიძის პროექტების შედგენაში, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ დაასრულა სინაგოგის პროექტი ოდესაში. მისივე პროექტებით აშენდა ქალაქის მებაღეობის მთავარი სასწავლებელი და მირქმის ეკლესია, ასევე რამდენიმე სახაზინო თუ კერძო სახლის პროექტი.
კავკასიაში მეფისნაცვლად დანიშვნის შემდეგ (1782–1856) თავადმა მიხეილ ვორონცოვმა თბილისში მოიწვია ბევრი დაახლოებული პირი, რომელთაც თავად აფასებდა. მათ შორის იყო ჯოვანი სკუდიერიც, რომელიც თბილისში 1845 წლის ბოლოს ჩამოვიდა. 1846 წლის თებერვალში იგი თბილისის საქალაქო არქიტექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნეს, 1847 წლის აგვისტოში კი გადაიყვანეს მეფისნაცვლის კანცელარიის საკარანტინო ნაწილის არქიტექტორად. სამწუხაროდ, 1851 წლის 5 ივნისს 35 წლის ჯოვანი სკუდიერი ტრაგიკულად დაიღუპა ხარაჩოებზე, თბილისში მისივე პროექტით მშენებარე სამხედრო ტაძრის კამარის ჩამონგრევისას. იგი დაკრძალეს კათოლიკურ სასაფლაოზე, რომელიც მთაწმინდის კალთებზე მდებარეობდა (ამჟამად სასაფლაო აღარ არსებობს).
მიხეილ ვორონცოვი ჯოვანი სკუდიერის ანდობდა ყველაზე მნიშვნელოვან ნაგებობათა პროექტების შედგენას როგორც თბილისში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. სამხედრო ტაძრის გარდა, სკუდიერის პროექტებით აშენდა თეატრისა და ქარვასლის შენობა ერევნის (ამჟამად თავისუფლების) მოედანზე, იქვე _ საქალაქო პოლიციის ე. წ. საქალაქო სახლი, მიხეილის (ახლა ჩუღურეთის) და ე.წ. მშრალი ხიდები. სკუდიერის მიერ რეკონსტრუირებულია (თუ აშენებული) მეჩეთი ბოტანიკურ ბაღთან. მანვე შეადგინა კეთილშობილ ქალთა სასწავლებლისა და ერთ-ერთი სახაზინო შენობის პროექტი ერევნის მოედანზე. ასევე _ სხვადასხვა სავაჭრო დანიშნულებისა და კერძო საცხოვრებელი სახლების პროექტები.
თეატრისა და ქარვასლის შენობა, რომელიც ახლანდელი თავისუფლების მოედნის ცენტრალურ ნაწილს იკავებდა, XIX საუკუნის თბილისის შუა ხანებში ყველაზე მნიშვნელოვან საზოგადოებრივ შენობას წარმოადგენდა. ეს იყო პირველი სპეციალური სათეატრო ნაგებობა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ სამხრეთ კავკასიაში. კომერციული მიზნით მას დამატებული ჰქონდა მაღაზიები და სავაჭრო საწყობები, ამიტომ ხშირად უწოდებდნენ „ქარვასლას თეატრით“.
თეატრის შენობა კერძო პირმა, თბილისელმა ვაჭარმა, გრიგოლ თამამშევმა ააგო იმ პირობით, რომ სანაცვლოდ უსასყიდლოდ გადაეცემოდა შენობის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთი. ნაგებობას საზეიმო ვითარებაში ჩაეყარა საფუძველი 1847 წლის 15 აპრილს. ოთხი წლის შემდეგ, 12 აპრილს თეატრი ასევე საზეიმოდ გაიხსნა.
თეატრის შენობა წარმოადგენდა ოთხსართულიან გეგმაში სწორკუთხა ნაგებობას ზომებით _ 78X48მ. მოედნის სამხრეთიდან (ე.ი. მერიის მხრიდან) ორსართულიანი, ხოლო ჩრდილოეთიდან სამსართულიანი იყო, რაც აიხსნება მოედნის ნიშნულების სხვადასხვა დონით. ქვემო სართულებში ძირითადად განთავსებული იყო სარდაფები და საწყობები, ხოლო დანარჩენში _ მაღაზიები. სულ 266 დიდი და მცირე ზომის სავაჭრო სათავსო იყო. შენობის ცენტრალური ნაწილი თეატრს ეკავა. ეს იყო მაყურებელთა დარბაზი სცენით _ 47 მ. სიგრძის, 25,5 მ. სიგანის და 15 მ. სიმაღლის. იტევდა დაახლოებით 700 მაყურებელს (180 ადგილი – პარტერი, 22 ლოჟა პირველ იარუსში, 25 მეორე იარუსში, 250 ადგილი “ქანდარაზე”). მთავარი შესასვლელი მოედნის დასავლეთით მდებარეობდა. ფასადები და თეატრის ინტერიერი სრულიად არ შეესაბამებოდა ერთმანეთს. ფასადები იყო, როგორც მაშინ წერდნენ, „იტალიური არქიტექტურისა“, ხოლო თეატრის ინტერიერი _ „აღმოსავლური ხასიათის”. Fფაქტობრივად, შენობა ეკლექტიზმის ერთ-ერთი ადრეული ნიმუში იყო თბილისში.
ფასადების დამუშავებისას ჯოვანი სკუდიერმა გამოიყენა ქალაქ ვიჩენცაში ცნობილი ე. წ. ბაზილიკის არქიტექტურის მოტივები, რომელიც ეკუთვნის გამოჩენილ იტალიელ არქიტექტორს, ანდრეა პალადიოს, თუმცა იგი მორთულობით უფრო მარტივი იყო და განსხვავებული დეტალები ჰქონდა. მაყურებელთა დარბაზი და ფოიე გაფორმებული იყო მხატვრის, თავად გრიგოლ გაგარინის ესკიზებით _ არაბესკებით, ქუფური წარწერებით და ა. შ. დარბაზი თანამედროვეთა აღფრთოვანებას იწვევდა. „იგი ჰგავს სხვადასხვაგვარი მინანქრებით მორთულ უზარმაზარ სამაჯურს“, _ წერდა 1851 წელს რუსი ლიტერატორი, გრაფი ვლადიმერ სოლოგუბი, ხოლო ალექსანდრე დიუმა (მამა), რომელიც 1858 წელს ეწვია თბილისს, აღნიშნავდა: „ეს დარბაზი ფერიათა სასახლეს ჰგავს; უყოყმანოდ შემიძლია ვთქვა, რომ თბილისის თეატრის დარბაზი ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელ სათეატრო დარბაზთაგანია მათ შორის, რაც მინახავს“.
სამწუხაროდ, ამ თეატრმა სულ 23 სეზონი იარსება. 1874 წლის 11 ოქტომბერს, როგორც გაზეთი „კავკაზი“ წერდა: „ქალაქს დიდი უბედურება ეწვია“. ხანძარმა თეატრის შენობა მთლიანად გაანადგურა. 1879 წელს ქარვასლის შენობა თეატრალური სათავსოს გარეშე აღადგინეს, რადგანაც ეს უფრო ხელსაყრელი იყო მეპატრონისათვის. 1934 წელს კი ქარვასლა მთლიანად დაანგრიეს.
მიხეილის (ამჟამად ჩუღურეთის) ხიდი მტკვარზე აგებული პირველი ქვის ხიდი იყო თბილისში XIX საუკუნეში. აშენდა ორი _ დიდი და მცირე ხიდი, რადგან მტკვარი ამ ადგილას ორ ტოტად მიედინებოდა (მათ შორის იყო მადათოვის კუნძული). მას თავიდან – კუკიის ხიდებს უწოდებდნენ.
1846 წელს ჯოვანი სკუდიერის პროექტით, მტკვრის მარჯვენა ტოტზე აგებული მცირე ხიდი ერთმალიანი იყო, ხოლო მარცხენა ტოტზე – სამმალიანი. თითოეული მალის სიგრძე დაახლოებით 32 მეტრს უდრიდა. შემდგომში სამმალიანი ხიდის ნაცვლად (მარცხენა ტოტზე) ხუთმალიანი ქვის ხიდი აშენდა, რომლის სიგრძე დაახლოებით 107 მეტრს უდრიდა, ხოლო სიგანე 9 მეტრს. მცირე, ერთმალიანი ხიდის სიგრძე – 33 მეტრი, ხოლო სიგანე დაახლოებით 11 მეტრი იყო. ამ ხიდის მალი (32 მეტრი) უდიდესი იყო რუსეთის იმპერიაში და დღესაც ერთ–ერთი უდიდესია ქვის ხიდებს შორის.
დიდი ხიდის მშენებლობა 1853 წლის 8 ნოემბერს დამთავრდა, ხოლო მცირესი _ 1851 წელს. არსებობს ცნობა, რომ ამ ხიდების მშენებლობისას თბილისში პირველად გამოიყენეს ე.წ. რუსული აგური. ბურჯები კი შემოსილია ძეგვის თლილი ქვით. თავად მიხეილ ვორონცოვის პატივსაცემად მას „მიხეილის ხიდი” ეწოდა. 1883 წელს ორივეს ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი, რაც ასევე ითვალისწინებდა ხიდების გაფართოებას კრონშტეინებზე ტროტუარების გამოტანის ხარჯზე. 1930-იან წლებში მტკვრის მარჯვენა ტოტის ამოშრობისა და სანაპიროს გაკეთების შემდეგ პატარა ხიდს მშრალი ხიდი დაერქვა. იგი დღემდე თითქმის მთლიანად ინარჩუნებს თავდაპირველ სახეს და ფუნქციას, უძველესია თბილისში არსებულ ხიდებს შორის და გამოცხადებულია არქიტექტურულ ძეგლად. დიდი ხიდსი 1962 წელს გააფართოვეს არსებულის შენარჩუნებით, რადგანაც თანამედროვე სატრანსპორტო მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებდა.
თბილისის მერიის შენობამ თავისუფლების მოედანზე რამდენჯერმე განიცადა რეკონსტრუქცია. თავდაპირველი ნაგებობა ჯოვანი სკუდიერის პროექტით აშენდა 1849–1851 წლებში. ეს იყო აგურით ნაშენი ორსართულიანი საქალაქო პოლიციის შენობა, ორიარუსიანი კოშკით შუა ნაწილში, რომელსაც სახანძრო დანიშნულება ჰქონდა. შენობის პირველ სართულზე საქალაქო პოლიციის პირველი განყოფილება, ხოლო მეორეზე უფროსი საქალაქო პოლიცმეისტერის კანცელარია იყო განთავსებული. 1869 წელს პირველი სართული მაღაზიებს გადაეცა იჯარით. ამ შენობას ჩვეულებრივ „საქალაქო სახლს“, ან „სკუდიერის სახლსაც“ უწოდებდნენ, რადგანაც იგი ჯოვანი სკუდიერის სახსრებით აშენდა იმ პირობით, რომ მთავრობა იჯარით აიღებდა მისგან ამ შენობას 35 წლის განმავლობაში. 1875 წლის იანვრიდან, როდესაც თბილისში საქალაქო თვითმმართველობა შეიქმნა, შენობაში ქალაქის სათათბირო განთავსდა. ამასთან დაკავშირებით 1882–1884 წლებში შენობას საფუძვლიანი რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. „საქალაქო“ ანუ „სკუდიერის სახლს“ მარჯვნივ და მარცხნივ დაუმატეს ფრთები, დააშენეს მესამე სართულიც, სახანძრო კოშკს კი, რომელიც ზევით ასწიეს, საქალაქო რატუშის ტრადიციული ატრიბუტის როლი დაეკისრა. მის ძირში საათიც გაკეთდა. თავდაპირველი შენობა ანუ „სკუდიერის სახლი“ გაფართოებული შენობის წინა კორპუსის შუაში თითქმის ხელუხლებელი დარჩა, თუმცა, ფასადი მასაც შეუცვალეს. 1910 და 1912 წლებში მესამე სართული მერიის შენობის ფრთებსაც დაუმატეს და შენობამ უკვე ამჟამინდელი სახე მიიღო.
ჯოვანი სკუდიერმა თბილისში მხოლოდ ხუთწელიწად-ნახევარი იმოღვაწევა. ამ მოკლე დროში მისი პროექტებით ბევრი ნაგებობა შენდა და არა მარტო თბილისში. პროფესიული შესრულების თვალსაზრისით, მისი პროექტები მაღალი დონისაა. თანამედროვენი ჯოვანი სკუდიერს მიიჩნევდნენ არქიტექტორად, რომელიც ავრცელებდა „იტალიურ სტილს“ თბილისის არქიტექტურაში. სინამდვილეში მისი შემოქმედება ეკლექტიზმის ჩასახვის პერიოდს მიეკუთვნება, რომლის პირველი ან ერთ–ერთი პირველი წარმომადგენელთაგანია თბილისში. შეიძლება ითქვას, სკუდიერის შემოქმედებამ ბევრად შეცვალა ქალაქის იერ-სახე.
2002 წლის 28 ოქტომბერს ჯოვანი სკუდიერის სახელის უკვდავსაყოფად ე. წ. მშრალ ხიდზე საზეიმოდ გაიხსნა მემორიალური დაფა. ცერემონიას ესწრებოდნენ იტალიისა და ვატიკანის საელჩოები, თბილისში მოღვაწე იტალიელები, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და საზოგადოების წარმომადგენლები. ყველამ პატივი მიაგო იმ ადამიანის ხსოვნას, რომელსაც მნიშვნელოვანი ღვაწლი მიუძღვის როგორც თბილისის, ასევე მთელი ქართული კულტურის მიმართ.
This post has been edited by mekvle on 14 Jun 2008, 19:05
შემოვდგი ფეხი... მეორე ფეხი... ჩემი ფეხები!