კომუნისტების დროს, ჩემი მშობლები 2 წლით საზღვარგარეთ იყვნენ სამუშაოდ წასულები.
მე ბებია და ბაბუა მივლიდა, რომლებსაც ცხადია, არ ვუჯერებდი.
ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე, ძალიან პატარა, ვაკის პარკში ვიპარებოდი.
ჯერ ჯარისკაცის საფლავის ზემოთ წყლის ჩანჩქერიან კიბეებზე დავდიოდი.
მერე საქანელაზე ვჯდებოდი.
ბილეთების გამყიდველს ვაძლევდი ფულს, მერე კისერს მოვღრეცდი და სადღაც შორს დავიძახებდი: "ერთსაც დავჯდები და მოვააააალ" (ვითომ მშობლებს ვეუბნებოდი. აბა ისე, მარტოს არ დამსვამდნენ).
ვაკის პარკის მიწისქვეშა გადასასვლელში მაღაზიები იყო.
იყიდებოდა სტიკერები (ნაკლეიკებს ვუძახდით), ბლოკნოტები, გასაღების ბრელოკები, ქურთული კლიფსი საყურეები და ათასი წვრილმანი.
5 მანეთად იმდენ რამეს ვყიდულობდი, სავსე ჩანთით მოვდიოდი და ბოლოს დარჩენილი 20 კაპიკით გლიასეს ვსვამდი გასტრონომში

ერთი პატარა ბლოკნოტი იყიდებოდა ხავერდის, "ჩიკანკა" ჰქონდა მიწებებული ქალის სახიანი და გვერდით ყვითელი კალამი უმაგრდებოდა.
3მან. 50 კაპ. ღირდა. ვერასოდეს გავიმეტე ფული. მერჩივნა სხვა ხარახურა მეყიდა, ოღონდ ბევრი ყოფილიყო.
ვყუდულობდი ასევე ფეხბურთის ბურთის ფორმის სათლელებს და სუნიან საშლელებს, ძაღლის და კატის პლასტმასის თოჯინებში იდო.
საბურთალოზე იყო მაღაზია "ბურატინო". დღესასწაული მქონდა, როცა ბებია იქ წამიყვანდა.
ძირითადად, პუშკინის 4 ნომერში, სტომატოლოგიურ პოლიკლინიკაში წაყვანამდე მივდიოდით "ბურატინოში", რომ სათამაშოებით "მოქრთამულს" კბილი ამომეღო

ხანდახან მივდიოდი რუსთაველზე და მეტროში ვჯდებოდი. ყველაზე მეტად მომწონდა, ელექტროდეპო-დიდუბის მეტრო, მატარებელი გარეთ რომ გამოდიოდა.
ერთხელ მეტროდან ამოვედი და დავიკარგე.
ხმამაღლა ვტიროდი. დიდუბიდან მილიციამ წამიყვანა ვაკეში, ძალიან მაგრად დამსაჯეს მაშინ, ეზოშიც არ მიშვებდნენ

ასევე მიყვარდა უნივერმაღ თბილისის პირველი სართულის შემორბენა, როდესაც ბებიაჩემი 5 მანეთს მომცემდა, უნივერმაღში გავრბოდი.
20 ნომერი ავტობუსი იყო, რეზინებით გადაბმული იკარუსის 2 ვაგონი.
შუაში ვდგებოდი და როდესაც მოსახვევში შედიოდა, ის გადაბმული ტრიალებდა.
თუ ვინმე საეჭვოდ შემომხედავდა, ვინმე დეიდას ამოვუდგებოდი გვერდით, ვითომ დედაჩემი იყო და მარტო არ ვიყავი

მენატრება ის დრო და ნუ იტყვის ნურავინ, კომუნისტები ენატრებაო.
ჩემი ბავშვობა მენატრება, რომელიც იმ ეპოქაში იყო.
This post has been edited by Sephora on 21 Aug 2012, 05:20