საქართველოს თანაინვესტირების ფონდი„აქსისთაუერსში“ინვესტიციას ახორციელებს
08:19 12-02-2015
საქართველოს თანაინვესტირების ფონდი„აქსისთაუერსში“ინვესტიციას ახორციელებს 2015 წლის 12 თებერვალს, სასტუმრო „რადისონში“ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის და დეველოპერული კომპანია „აქსისის“ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. ფონდის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი ბაჩიაშვილის და კომპანია „აქსისის“ გენერალური დირექტორის გიორგი კაპანაძის განცხადებით, მოლაპარაკებების შედეგად მხარეები შეთანხმდნენ პროექტ „აქსის თაუერსში“ ინვესტირებასა და მის სრულყოფილად განხორციელებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, 2008 წლის მოვლენებისა და ფინანსური კრიზისის შედეგად 7 წლის მანძილზე შეჩერებული პროექტი განახლდა.
ბატონი გიორგი კაპანაძის განცხადებით: „აქსის თაუერსის“ ყველასთვის უკვე კარგად ნაცნობი არქიტექტურა არ შეცვლილა, თუმცა პროექტი გამდიდრდა ფუნქციონალურად. მრავალფუნქციური კომპლექსი ქ. თბილისში შედგება ორი 40 სართულიანი ცათამბჯენისგან, რომელთაგან ერთი მინის იქნება, ხოლო მეორე -ქვის. დღეისათვის სამშენებლო სამუშაოები განახლებულია და მათი დასრულება 2017 წლისთვის იგეგმება. პროექტ „აქსის თაუერსის“ ჯამური საინვესტიციო ღირებულება 83 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს, ხოლო მის კაპიტალში კომპანია „აქსისის“ და ფონდის მონაწილეობა თანაბარი წილებით განისაზღვრება.“
პროექტზე საუბრისას ბატონმა გიორგი ბაჩიაშვილმა განაცხადა: „ეს გახლავთ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მორიგი ინვესტიცია, ამჯერად უძრავი ქონებისა და ტურიზმის საინვესტიციო მიმართულებით. მოხარულნი ვართ, რომ კომპანია „აქსისთან“ წარმატებული თანამშრომლობა შედგა.
პროექტ „აქსის თაუერსში“ ინვესტირების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება განპირობებული იყო რამდენიმე ფაქტორით, მათ შორის უნდა აღინიშნოს, რომ იგი გახდება თანამედროვე ქართული არქიტექტურის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში, უპრეცედენტო თავისი მასშტაბითა და ფუნქციური დატვირთვით. დარწმუნებულები ვართ, რომ „აქსის თაუერსი“ თანამედროვე თბილისის ახალ სავიზიტო ბარათად იქცევა.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ფონდის ეს კონკრეტული ინვესტიცია მოემსახურება საქართველოს ეკონომიკის განვითარებას, კერძოდ კომერციული უძრავი ქონების ბაზრის გაჯანსაღებას; ასევე, ხელს შეუწყობს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.“
კომპანიების ხელმძღვანელების განცხადებით, პროექტის კონცეფციის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიმდინარე წლის აპრილში, „აქსის თაუერსის“ ოფიციალურ პრეზენტაციაზე გახდება ცნობილი.
http://www.interpressnews.ge/ge/mnishvnelo...horcielebs.html