iunkeriამ აქციაზე "ვერსია" და პრესა.გე წერენ
http://presa.ge/index.php?text=news&i=2509.............
ჟურნალისტი ელისაშვილი ბოკერიას მამასა და გივი თარგამაძის ძმას ბრალს სდებს!
ალეკო ელისაშვილი: თუ ხმა არ ამოვიღეთ და არაფერი ვთქვით, ესენი თავზე გადაგვივლიან...
რამდენიმე დღის წინ, არასამთავრობო ორგანიზაციამ - “თბილისის ჰამქარმა” მერიის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია მოაწყო. პროტესტის მიზეზი ისტორიულ ძეგლად ქცეული, მეცხრამეტე საუკუნის შენობის შესაძლო დანგრევის მცდელობა იყო. აქციის ორგანიზატორი კი - ჟურნალისტი ალეკო ელისაშვილი. “ვერსია” ალეკო ელისაშვილს ესაუბრა.
ალეკო, შენს ხელთ არსებული ინფორმაცია რეალობას რამდენად შეესაბამება?
- ეს ინფორმაცია წყალგაუვალია. დანამდვილებით ვიცი, რომ ამ შენობას, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის ისტორიული ძეგლია, ანგრევენ და მის ადგილას შვიდსართულიანი შენობის აშენებას გეგმავენ. გარდა ამისა, დადიანისა და ლესელიძის ქუჩების კუთხეში არსებული სამსართულიანი შენობის დანგრევასაც აპირებენ და იქაც შვიდსართულიანი შენობა უნდა წამოჭიმონ, მერიის ყოფილ შენობას კი ორი სართული უნდა დააშენონ და სავაჭრო ცენტრად აქციონ.
როგორც ვიცი, ტაბიძის ქუჩის კუთხეში მდებარე შენობა ისედაც ინგრევა...
- საერთოდ, არ არსებობს დედამიწის ზურგზე შენობა, რომელიც რესტავრირებას არ ექვემდებარება. ჯერ ერთი, იმ შენობას დანგრევის არაფერი ეტყობა. მეორეც, სოლოლაკში ბზარი ყველა შენობას აქვს და მაშინ მოდით, ისინიც დავანგრიოთ.
ეს შენობა ისტორიული ძეგლია?
- ასე იყო, მაგრამ ერთი თვის წინ ეს სტატუსი მოუხსნეს. სხვა გზა არ ჰქონდათ, მშენებლობას ისე ვერ დაიწყებდნენ. საქმე ისაა, რომ იმ ადამიანებს, ვისაც ამ შენობის ადგილას შვიდსართულიანი სახლის აშენება უნდათ, წინააღმდეგობას ვერავინ უწევს.
ვინ არიან ეს ადამიანები?
- იდეა ლევან ბოკერიას ეკუთვნის, რომელიც ჩვენი სახელოვანი პოლიტიკოსის, გიგა ბოკერიას მამაა. ახალ მშენებლობას ლაშა პაპაშვილი და ზაზა თარგამაძე, გივი თარგამაძის ძმა აფინანსებენ. აბა, მითხარით, როცა ასეთი ფიგურები იქნებიან ჩარეულები, ვინ გაუწევს წინააღმდეგობას?!
აქამდე კიდევ იმიტომ ვერ გააკეთეს, რომ ამ ტერიტორიას სახელმწიფო დაცვის ზონის შესახებ კანონი იცავს. ასეთი შენობების ფასადის ხელის ხლება კი არა, რემონტიც არ შეიძლება, ესენი კი ანგრევენ. მაშინ, როცა სიონის ეკლესიის მოპირდაპირე მხარეს, ერთ დანგრეულ შენობას ვიღაც ინვესტორი არემონტებს და ზედ გადაყვა. ჩვენ კი აშენებულს ვანგრევთ. საერთოდ, არ შეიძლება, ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ინვესტორის ნამუსისთვის იყოს მინდობილი და აუცილებლად უნდა კონტროლდებოდეს, ინვესტორი რას აკეთებს.
ვინ უნდა გააკონტროლოს?
- იცით, სად არის ბოროტების სათავე? სად და, იმ საბჭოში, რომელიც წყვეტს ქალაქის განაშენიანების საკითხებს. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ: ეს არის ბანდიტური დაჯგუფება. რომელიც შედგება 9 ადამიანისგან, აქედან, ხუთი კაცი მერიისაა, ოთხი - კულტურის სამინისტროსი. ესენი კი არიან ნამუსიანი ადამიანები, მაგრამ რად გინდა? უმრავლესობა ბანდიტების ხელშია. ერთ-ერთი წევრი გოგი სულაბერიძეა, ქალაქის ყოფილი არქიტექტორი, რომელიც ზაზა თარგამაძის ბიზნესპარტნიორია. მეორე წევრი ნიკა ჩხაიძეა, “მეიდან ჯგუფის” ერთ-ერთი დამფუძნებელი... ერთი სიტყვით, საკუთარ პროექტებს ლობირებენ, მხარს უჭერენ და იმას აკეთებენ, რაც მოესურვებათ.
გამოსავალს რაში ხედავ?
- ამ საბჭოს სხდომები აუცილებლად საჯარო უნდა გახდეს და მასში მონაწილეობა უნდა მიიღოს რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ. არ არის აუცილებელი, ეს ჩვენ ვიყოთ. მთავარია, სხდომებმა საჯარო ხასიათი მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვაპირებთ, ჯალალედდინის ორდენი აღვადგინოთ, რომლის პირველი პრეტენდენტები მანუჩარ მახათაძე და მამუკა ახვლედიანი იქნებიან.
ფიქრობ, ამით პრობლემა მოგვარდება?
- ყოველ შემთხვევაში, რაღაც შედეგს მაინც მივიღებთ და ამ ისტორიულ შენობებს აღარ დაანგრევენ. ერთი რამ მაინტერესებს - თუ ყველაფერს გაანადგურებენ, საქართველოში ჩამოსულ სტუმარს ნუცუბიძეს ან ვარკეთილს დაათვალიერებინებენ? გერმანელებმა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, არქივიდან პროექტები ამოიღეს, რომ შენობები პირვანდელი სახით აღედგინათ, უფრო სწორად, თავიდან აეშენებინათ და ესენი ამბობენ, ინგრევაო...
იგივე მოხდა მეტეხზე მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებითაც. ახლა რომ ამბობენ, აღვადგენთ, რაც დაზიანდაო, არ მესმის, რატომღა დაანგრიეს? კლდე იყო და რამეს ხომ არ სთხოვდათ? კლდის აღდგენა აღარ გამიგია. ამის გამო იყო, ორი საათის განმავლობაში, სოდ-ში რომ ვყავდი დაკითხვაზე. ასე იყო თუ ისე, მაინც გარკვეული შედეგი გამოიღი ჩვენმა პროტესტმა. თან იქ ნამონასტრალი იყო და, გარკვეულწილად, საპატრიარქოს ფაქტორმაც იმოქმედა. არც ახლა ვაპირებ გაჩერებას. თუ ხმა არ ამოვიღეთ და არაფერი ვთქვით, ესენი თავზე გადაგვივლიან...
ალეკო ელისაშვილთან საუბრის შემდეგ, “ვერსია” კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაუკავშირდა.
მაკა შავიშვილი, კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი: ამ ფაქტთან დაკავშირებით საკმაოდ მწირ ინფორმაცის ვფლობ. თუ ჩემი პირადი პოზიცია გაინტერესებთ, გეტყვით, რომ კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ამ შენობის დანგრევისა.
როგორც გავიგე, ეს შენობა ძეგლთა დაცვის პროგრამიდან ამოიღეს...
- არა, ეს შენობა კულტურული მემკვიდრეობის სიაში არასოდეს ყოფილა.
რაც შეეხება ძველი თბილისის რაიონის ზედამხედველობის სამსახურს, მისმა უფროსმა, ქალბატონმა ნინო კორძახიამ პრესცენტრში გადამამისამართა. ნათია ფირანიშვილმა კი ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარზე უარი იმ მიზეზით განაცხადა, რომ ძველი თბილისის გამგეობა არაფრის აშენებისა და დანგრევის საქმეში არ ერევა.