ცოტა გავერთოთ... ამ თემის აბსურდისტულ სტილში.
ალტერნატიული ისტორიის გარდა, თბილისს შეიძლება ჰქონდეს ალტერნატიული გეოგრაფია. აქ იხილავთ რუკას, რომელზეც მთელი ევროპის კონტინენტი წარმოდგენილია როგორც ერთი დიიიდი ტფილის-ქალაქი:
NB ზოგადი ორიენტაციისათვის:
მტკვარი ემთხვევა ჩრდილოეთისა და შავი ზღვების დამაკავშირებელ რაინ-დუნაის ხაზს, მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს უბნებიც შესაბამისად არის განაწილებული.

ახლა კი - უფრო დაწვრილებით გადავხედოთ ქალაქ-კონტინენტს:
კრწანისის გაიგივებას აღმოსავლეთ საქართველოსთან (თუ პირიქით) რამდენიმე მიზეზი აქვს: კრწანისის ბრძოლის დრამა მუდმივად თამაშდება საქართველოს ისტორიაში, მისი სიმბოლიზმი მარად აქტუალურია; კრწანისი ისეთივე მწვანეში ჩაფლური ”ნაკრძალია” (სხვადასხვა გაგებით) მეგაპოლისის განაპირას (მეგაპოლისის ცხოვრებაში ნაკლებად ჩართული), როგორც საქართველო - ევროპის გვერდით.
ისტორიული
ორთჭალა დასავლეთ საქართველოს წალკოტების მსგავსად მხიარულ ქეიფებსა და ცეკვა-თამაშთან ასოცირდება, თუმცა ისტორიის მანძილზე ორივეს ბევრი განსაცდელიც უნახავს. ამის გარდა, ორთაჭალამ და კოლხეთის დაბლობმა სამუდამოდ იცვალეს სახე ამოშრობის მასშტაბური პროექტების შედეგად.
ბოტანიკურ ბაღს შუამდინარეთში ვათავსებთ, რაკი ორივე (სხვადასხვა მიზეზით) ედემის ბაღის იდეას უკავშირდება.
თაბორი არარატთან უნდა გავაიგივოთ, ხოლო ფერიცვალების მონასტერი - ნოეს კიდობანთან. როგორც არარატის ფერდობებზე აღმოცენდა მთელი პოსტ-წარღვნისეული ცივილიზაცია, ისე თაბორის ძირში იშვა ტფილისი. დღეისთვის კი ორივე ტერიტორიას აქვს სომხური ტოპონიმიკა (ტფილისის შემთხვევაში - ხარფუხი) და მეტწილად თურქული მოდგმის მოსახლეობა.
აბანოთუნაბი ანატოლიის აღმოსავლეთშია - არა მხოლოდ აბანოების გამო: თურქულმა ”სპეციალიზაციამ” გადაფარა უფრო ძველი კულტურული შრე - როგორც ცივილიზაციების აკვნის, მცირე აზიის, ისე თბილისის ამ უძველესი ნაწილის შემთხვევაში.
სოლოლაკის ქედის ფუნქციას აშკარად ტავროსის (ტაურუსის) ქედი ასრულებს.
”ქართლის დედა” - ნემრუტ-დაღის გიგანური ქანდაკებებისა.
თბილისური
ბეთლემის ადგილმდებარეობა თითქმის ”ემთხვევა” ბიბლიურ გეოგრაფიას.
კალა ესადაგება ისტორიულ
გალატიას (აი, ასეთ ფსევდო-მეცნიერებას ვამკვიდრებთ

). მისი აქ განლაგება იძულებითია (გეოგრაფია არ გვიტოვებს სხვა გამოსავალს), ისევე როგორც
სოლოლაკისა - ეგეოსის ზღვის ”ევროპეიზირებულ” სანაპიროზე.
აი,
თავისუფლების მოედანი კი, ვფიქრობ, ”თავის ადგილზეა” - სტამბულში, სადაც, ისევე როგორც თბილისის მთავარ მოედანზე, აზია მუდამ ხელახლა ხვდება ევროპას, ძველი, ისტორიული სამყარო - ახალს.
აქვეა
მთაწმინდა - წმინდა ათონის მთა. სამონასტრო რესპუბლიკა ქალკედონის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთი შვერილზე მდებარეობს, თბილისის მთაწმინდა კი - თრიალეთის ქედის განშტოებას წარმოადგენს.
ზოგს, ალბათ, გაუკვირდება
რუსთაველის გამზირის (აღნიშნულია წითელი ხაზით) განლაგება ნაკლებად ”პრესტიჟულ” რეგიონში, არადა ბალკანეთი - ევროპის, ხოლო რუსთაველი - თბილისის რუკაზე ”ტურბულენციის” მთავარი ზონაა. უფრო რთული ტელეოლოგიური პარალელებით თავს არ შეგაწყენთ.
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიის ადგილმდებარეობა ზუსტად ემთხვევა ყოფილ
ღუნიბის მოედანს. ორივეს მთავარი ღირშესანიშნაობა (სოფიისა - ახლაც, ტფილისური მოედნისა - წარსულში) თითქმის იდენტური სტილის ალექსანდრე ნეველის ტაძრებია.
სასტუმრო ”ივერიის” ისტორია იმეორებს ყოფ. იუგოსლავიისა და მისი ტურისტული ინფრასტრუქტურის ბედსა, ისევე როგორც მისი სტილის ევოლუციას.
ზემელი ვენეციაში მოხვდა.
მელიქ-[კ]აზარიანცის სახლი, მრგვალი გუმბათებით, ეკლექტური ფასადებითა და მიმდებარე მოედნით, თბილისური სან-მარკოა,
აკადემია/კინოს სახლი კი ერთდროულად დოჟის სასახლესა და კამპანილას განასახიერებს.
ვერას ჩვენმა პასიანსმა იტალიის ადგილი არგუნა. ესეც ცოტა ხელოვნურია, თუ არ ჩავთვლით აშკარა სიახლოვეს იტალიის უკიდურესი სამხრეთისა და ზემო ვერის სოციალურ გარემოს შორის.
ფილარმონია შეესაბამება რომის კოლიზეუმს (იცინეთ ახლა! რაც გვაქვს, ის გვაქვს).
სასტუმრო-სამორინე ”საქართველო” - მონტე-კარლოს კაზინოა, ხოლო
ღვინის ქარხანა - ბურგონის (ბურგუნდიის) ვენახების შესატყვისია.
ფიქრის გორა - შვეიცარიაა (მთაგორიანი ეტიმოლოგია + პრესტიჟული უძრავი ქონება). ”ფიქრის” ხსენებაზე ძალაუნებურად ტომას მანის ”ჯადოსნური მთის” მოქმედების ადგილიც უნდა გაგვახსენდეს (მერე რა რომ ”ფიქრის” უკან ”ფეიქარი” იმალება - მთავარია სწორი რებრენდინგი).
გმირთა მოედანი შეესაბამება ბრიუსელს - ევროპის საკვანძო ქალაქს.
უნივერსიტეტი აღნიშნავს სორბონის ადგილს,
მრგვალი ბაღი ვარსკვლავის მოედნის მინიატიურული ანალოგია

.
აქსის-ტაურსი - თბილისის პასუხი ბარსელონის საგრადა ფამილიას

.
ვაკის პარკი თავის კასკადითურთ - ბარსელონის პარკების ლანდი,
”ლოკომოტივი” - ”კამპ ნოუ”-სი.
წყნეთის ქუჩა - ბასკთა ქვეყანა (პირქუში ხასიათის გამო. თუმცა, ამ ქუჩას ერთი ისეთი მაცხოვრებელი ჰყავს, რომელიც კულტურულ სიტუაციაზე გავლენით მარტო უდრის ფრენკ გერისეულ გუგეჰაიმის მთელ მუზეუმს).
თვითონ
წყნეთი ანდალუსიის ჰედონისტურ ატმოსფეროს ასახიერებს.
* * *
მტკვრის მარცხენა ნაპირზე ყველაფერი მეტნაკლებად ნათელია:
მეტეხის ადგილმდებარეობას ყირიმის ნახევარკუნძული გამოკვეთილი მოხაზულობა შეეფერება. ყირიმის ღვინის სარდაფებს წარმოადგენს სირაჯხანა (
ღვინის აღმართი), ბახჩისარაისა და სხვა სასახლეებს -
საჩინო. ეს ყველაფერი
ავლაბარს თავისთავად არმავირისა და მაიკოპის ადგილას ათავსებს (ინფორმირებულ მკითხველს არ გაუჭირდება პარალელების გავლება).
ელია და ავლაბრის პალტოს ქიმი უკვე კიევშია - მთაგორიანი რელიეფით, ორთოდოქსიისა და ეროვნული სტილის აღორძინების გულწრფელი მცდელობისა და სპეციფიური პოსტსაბჭოური გემოვნების ნიშნებით.
ვორონცოვის აღმოჩენა ოდესის ადგილას, ვფიქრობ, არავის გაუკვირდება. ტრანსილვანიდაან ხერსონესამდე გარს ეკვრის ჩუღურეთი (ამ მიდამოებს თავისი ბრემ სტოკერი არ აღმოაჩნდა, თორემ სიუჟეტი მოიძებნებოდა). შესაბამისად,
არსენალის მთა და
სვანეთისუბანი კარპატებს ემთხვევა.
აღმაშენებლის მიდამოები ტიპიური Mitteleuropa-ა.
კათოლიკური ტაძრის ადგილი, ბუნებრივია, პოლონეთშია,
ვაგზლისა - ბერლინში (ბოლო ასი წლის მანძილზე მათი არიტექტურული სახეცვლილების ისტორიაშიც კი არის რაღაც მსგავსება). კომპოზიტორთა სახლის, სიმფონიური მუსიკის დარბაზის, რკინიგზელთა სახლისა და
გოფილექტის ბაღის კვარტალი კი - მუსიკალურ ვენაშია. აქვეა [ჰაბსბურგებთან არაერთგზის დანათესავებული] ოლდენბურგების სასახლე და
”აპოლო” - ტფილისური ”სეცესიონის” სიმბოლო.
ცოტა მკრეხელურიც კია ამ ლამაზ ქალაქთან მიმართებაში, მაგრამ Zlata Praha ტოპოგრაფიის ულმობელი ლოგიკით
ოქროსუბანს დაემთხვა. გოგოლი შორიდან ესალმება კაფკას, გოგი დოლიძე - კარელ გოტს

.
მუშტაიდი ჰოლანდიას დაემთხვა - გარდა მხიარული ხასიათისა და ხელოვნურად შექმნილი ლანდშაფტისა, ეს ერთადერთი ადგილია თბილისში და ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, რომლის წრეზე შემოვლა ასეთ მოკლე დროში შეიძლება მატარებლით.
დიდი ბრიტანეთი კი არა და...
დიდუბე 
(თავის იორკშირითურთ,
ნაძალადევის სახით).
სტილისტური მსგავსება მათ შორის, რა თქმა უნდა, არ არსებობს... დიდუბეს, მიუხედავად კარგი ბუნებრივი პირობებისა, არ მიეცა შანსი დამსგავსებოდა South Kensington-ს. მეტიც, დღესდღეობით ის მისი ანტიპოდია, მაგრამ ვინ იცის რა იქნება 200 წლის შემდეგ!..

სამაგიეროდ, ფუნქციონალური პარალელები ბევრია - ალბიონის მსგავსად ეს ფეხბურთის (”დინამო”), ცხენოსნობის (ძველი იპოდრომი), კომერციის (დეზერტირები, ელიავა, ექსპო-ჟორჯია), რკინიგზის და მეტროს (სადგურები, ელდეპო) ტერიტორიაა, და რაც მთავრია - მეტროპოლიის საგარეო ექსპანსიის ფორპოსტი (საზღვაო პორტების მაგივრობას დიდუბის ავტოსადგური გვიწევს).
თუ ევროპის საზღვრებს არ გავცდებით, საბურთალოს ”ჩაჭეჭყვა” ფლანდრია-ნორმანდიის მელანქოლიურ ლანდშაფტში მოგვიწევს, მაგრამ სინამდვილეში,
საბურთალო,
დიღომი და
გლდანი, თბილისის ”ახალი სამყაროა” (ბებერი ევროპა მათ ვერ იტევს. ისევე როგორც
ნავთლუღის,
ვაზისუბნის,
ვარკეთილის კვარტლები და ა.შ. მხოლოდ აზიის ტრამალებზე ”თავსდება”.).
საბურთალო თავისი უტილიტარული არქიტექტურით, არსებული და დაპირებული ”ცათაბჯენებით” , დაძაბული ტრეფიკით, ტელეკომპანიებით, პოლიტექნიკური და სამედიცინო განხრის უმაღლესი სასწავლებლებით, ჰოსპიტლებით, თავდაჯერებული, დინამიური მოსახლეობით, თბილისის ამერიკაა.
დიღომი თავისი კინოკონცერნითა და ცარიელი ვილებით - სულაც კალიფორნია.
აქ ნაკლებად იგრძნობა ვერა-ვაკის ჰაერში გაჯერებული ”ძველი” ”ბურჟუაზიის მოკრძალებული ხიბლი”, სამაგიეროდ სახეზეა upwardly mobile კლასების მძლავრი ენერგია.
გამოდის, რომ
გლდანსა[/ b] და [b]მუხიანს კანადისა და გრენლანდიის ადგილი უნდა მივუჩინოთ... და ამით დავასრულოთ ჩვენი პატარა მოგზაურობა (სანამ ვინმეს გავულახივარ

).
P.S. თუმცა, არა გამოვრიცხავ, რომ ეს სია კიდევ შეივსება პატარ-პატარა დეტალებით...
This post has been edited by CityZen on 8 Jul 2009, 21:30