თბილისზე მზრუნველთა გაერთიანება ‘’ტფილისის ჰამქარი’’ ‘’იმელის’’ შენობის დანგრევას აპროტესტებს. ამ საკითხთან დაკავშირებით ‘’ტფილისის ჰამქრის’’ წევრებმა ‘’იმელის’’ შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართეს.
როგორც ‘’ტფილისის ჰამქრის’’ უსტაბაშმა ალეკო ელისაშვილმა ‘’ინტერპრესნიუსს’’ განუცხადა, 1938 წელს აშენებული ‘’იმელის’’ შენობა სრულიად უკანონოდ თბილისის მერიის დაკვეთით ინგრევა და მის ადგილას არაბული საინვესტიციო კომპანია ‘’დაბი ჯგუფი’’ სასტუმრო ‘’კემპინსკის’’ აშენებს.
ელისაშვილის განცხადებით, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში შენობის ფასადის მთლიანად შეცვლა იგეგმება, რაც კულტურულ-ისტორიული თვალსაზრისით სამარცხვინო ფაქტია. შესაბამისად, მისი თქმით, ‘’ტფილისის ჰამქარი’’ აღნიშნული შენობის ნგრევას არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს.
საპროტესტო აქციის მსვლელობისას შენობასთან, ‘’დაბი ჯგუფის’’ წარმომადგენელი გიორგი სეთურიძე მივიდა, რომელმაც საწინააღმდეგო პოზიცია დააფიქსირა. მისი თქმით, ამ არქიტექტურული ძეგლის ფასადს არაფერი არ ემუქრება. ხორციელდება მხოლოდ შენობის კონსერვაცია და უკანა მხარეს დაზიანებული და დატბორილი ნაწილის დემონტაჟი, სადაც ყველაფერთან ერთად ნგრევისას რამდენიმე საფლავიც იქნა აღმოჩენილი.
აქციის განმავლობაში მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ საკითხს საჯაროდ, მედიის თანდასწრებით ხვალ კავკასიურ სახლში განიხილავენ. ‘’დაბი ჯგუფის’’ წარმომადგენელმა გიორგი სეთურიძემ პირობა დადო, რომ ის ხვალ პროექტსა და ყველა საჭირო დოკუმენტაციას წარმოადგენს.
http://www.interpressnews.ge/ge/index.php/....html&hd_line=1