დავით აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება .
ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" იმ კლინიკების ექიმებმა განუცხადეს, სადაც დაშავებულები არიან გადაყვანილები.
იაშვილის ბავშვთა კლინიკაში ოთხი მოზარდია გადაყვანილი, მათ დაჟეჟილობები აღენიშნებათ და ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ორ მათგანს 14 და 4 წლის მოზარდს, ტომოგრაფიული გამოკვლევაც ჩაუტარდათ, თუმცა სერიოზული დაზიანებები არ აღმოაჩნდათ. დაშავებულებიდან ერთ-ერთი წლის და ორი თვის ბავშვია, ერთი კი 11 წლის. ისინი ჯერჯერობით კლინიკაში დარჩებიან.
დანარჩენი პაციენტები ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში და მე-4 საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. ორი მოქალაქის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დღევანდელი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საავადმყოფოში სულ 14 დაშავებულია მოთავსებული. ოთხი მოზარდი იაშვილის კლინიკაში, სამი - ღუდუშაურის კლინიკაში, შვიდი კი - მე-4 საავადმყოფოში. სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა არც ერთს არ აღენიშნება.
რაც შეეხება შემთხვევის ადგილს, აღმაშენებლის ხეივანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
ავარიის ადგილიდან დაზიანებული #15 ავტობუსი და "აუდის" მარკის ჯიპი ავტოსადგომზე გადაიტანეს.
შემთხვევის ადგილზე მუშაობა დაასრულეს საგანგებო სიტუაციების სამსახურის და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის უფროსმა, აკაკი ჯოხაძემ განუცხადა, ~აუდის~ მარკის ჯიპი ავტობუსს უკანა მხრიდან შეეჯახა. მისივე განმარტებით, ავტობუსი ტექნიკურად გამართული იყო და შესაბამისი კვალიფიკაციის მძღოლი მართავდა.
"ყველა ავტობუსი გამართულ მდგომარეობაშია, რომლებსაც შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მძღოლები მართავენ. მოსახლეობა უსაფრთხოების კუთხით დაზღვეულია", - აღნიშნა ჯოხაძემ.
აღმაშენებლის ხეივანზე, დიდი დიღმის შესახვევთან ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს დილით მოხდა. დაშავებულთაგან სამი ავტომანქანაში იჯდა, დანარჩენები კი ავტობუსის მგზავრები იყვნენ.


