ახალ სამარშრუტო ხაზებზე და ტაქსებზე კონკურსის ჩატარების ინიციატივას საკრებულომ მხარი დაუჭირა
საკრებულოს სხდომაზე თბილისის მერია ახალ სამარშრუტო ხაზებზე და ტაქსებზე კონკურსის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა. მერიის მიერ წარდგენილი პროექტი საკრებულოსგან მხოლოდ კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცებას ითვალისწინებდა. კონკურსში მონაწილეობის პირობებს კი მერია თავად განსაზღვრავს.
როგორც დედაქალაქის მერიის სატრანსპორტო სამსახურის უფროსმა აკაკი ჯოხაძემ განმარტა, კონკურსის თანახმად, სამარშრუტო ტაქსები გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ, უფრო კონკრეტულად კი ისინი უნდა იყოს უსაფრთხო, კომფორტული და გამართული. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სამარშრუტო ტაქსები ვერ დააკმაყოფილებენ სტანდარტებს, ხაზიდან მოიხსნებიან და მათი ჩანაცვლება ახალი სამარშუტო ტაქსებით მოხდება. მანვე აღნიშნა, რომ დედაქალაქში სამარშრუტო ტაქსების ხაზების რაოდენობა 118-დან 220-მდე გაიზრდება.
ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელი ჯაბა სამუშია დოკუმენტში კონკურსის პირობების ჩადებას მოითხოვს.
"პირველ რიგში ამ დოკუმენტს აუცილებლად უნდა ახლდეს ის წესები რა წესებითაც მერია აპირებს კონკურსის ჩატარებას და მეორე, ეს არის ვადები. არ შეიძლება ტენდერის გამოცხადებიდან თუნდაც ერთ თვეში ჩატარდეს კონკურსი. ჩვენი ინიციატივაა გამოცხადდეს 6 თვიანი წინასწარ მოსამზადებელი პერიოდი, რომ საზოგადოების იმ ნაწილმა, რომლებიც ამ საქმით არიან დაინტერესებულნი მომზადება მოასწრონ”,- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
როგორც თბილისის საკრებულოს დეპუტატმა გიორგი ჩაჩანიძემ აღნიშნა, სქემა, რომელიც ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთმანეთთან მიმართებაში მოწესრიგებას ითვლისწინებს, მთავარია ოპტიმალურად იყოს დალაგებული.
"ჩვენი პრიორიტეტია მაქსიმალურად იქნეს გათვალისწინებული ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების ინტერესები. ჩვენ მივდივართ ამ საკითხის საბოლოო მოწესრიგებისკენ და ვფიქრობთ სამუშაო ადგილების გაზრდაზეც. გარდა ამისა ჩვენი მიზანია მაქსიმალურად გამოირიცხოს ნაღდი ფულის ტრიალი და ყველგან საბარათე სისტემა დამკვიდრდეს. რაც შეეხება სოციალურად დაუცველ ადამიანებს, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ სარგებლობენ, შესაძლებელია მომავალში სამარშუტო ტაქსებშიც შეღავათებით ისარგებლონ”,- განაცხადა გიორგი ჩაჩანიძემ.
თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგიონალური სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრისა და ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცებას დეპუტატების უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.
http://www.sakrebulo.ge/index.php?lang_id=...=6&info_id=1200 This post has been edited by da_to on 29 Oct 2010, 20:36