125 ავტობუსის ხაზიდან 90-მდე დარჩება, 600 ავტობუსი 480-მდე შემცირდება, სამარშრუტო ტაქსების არსებული 198 ხაზი კი 220-მდე გაიზრდება... ახალი თამაშის წესებს კი ამიერიდან მერია ერთპიროვნულად დაამტკიცებს
http://new.interpressnews.ge/ge/qarthuli-p...7-30102010.html"თბილისში დღემდე არსებული 198 სამარშრუტო ხაზი 220-მდე გაიზრდება, თუმცა 125 ავტობუსის ხაზიდან 90-მდე დარჩება და ჯამში 600 ავტობუსი 480-მდე შემცირდება. ავტობუსის ხაზებთან ერთად შემცირდება მათი მძღოლებიც, დაახლოებით 100-ზე მეტი ავტობუსის მძღოლი დროებით უმუშევარი დარჩება. რაც შეეხება სამარშრუტო ტაქსებს, თუკი ისინი განსაზღვრულ პირობებს არ დააკმაყოფილებენ, ნებართვას ვერ მიიღებენ. თუმცა ამ ეტაპზე მერიის მიერ პირობები შემუშავებული არ არის, ჯერ კიდევ უცნობია, როდის გამოცხადდება კონკურსი", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ავტობუსის 40-მდე ხაზი გაუქმდება, "მარშრუტკებს" კონკრეტულ სტანდარტებს დაუწესებენ" / ახალი თამაშის წესებს ამიერიდან მერია ერთპიროვნულად დაამტკიცებს.
"ამიერიდან ყველაფერს მერია დაარეგულირებს. თბილისის ფარგლებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასი და ნებართვის გაცემის წესი საკრებულოს გუშინდელ სხდომაზე 32 ხმით 5-ის წინააღმდეგ დამტკიცდა. მერიის მიერ წარმოდგენილი პროექტი საკრებულოსგან მხოლოდ კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცებას ითვალისწინებდა. კონკურსში მონაწილეობის პირობებს კი მერია თავად განსაზღვრავს. საკრებულოს ოპოზიციური დეპუტატების თქმით, ამით საკრებულომ მერიას საკუთარი უფლებამოსილება გადააბარა. საკრებულოს სხდომაზე მესამე საკითხად განიხილეს თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრისა და ნებართვის გაცემისთვის კონკურსის გამართვის წესის დამტკიცება, რომელიც განსახილველად თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა აკაკი ჯოხაძემ წარადგინა. ჯოხაძის თქმით, აქამდე მიკროავტობუსებთან მიმართებაში კონკრეტული სანებართვო პირობები არ არსებობდა და საჭიროა აღნიშნული წესების შემუშავება", - აღნიშნავს გამოცემა.
"რესპუბლიკელმა" თინა ხიდაშელმა გააპროტესტა ის ფაქტი, რომ ბოლო სამ წელიწადში ბიუჯეტიდან სატრანსპორტო სფეროზე სუბსიდიები 9 მილიონიდან 38 მილიონამდე გაიზარდა და დაინტერესდა, რით იყო განპირობებული, რომ ავტობუსების რაოდენობა მცირდებოდა. როგორც ცნობილია, თბილისში 1-ელი ნოემბრიდან დაგეგმილია ავტობუსების მნიშვნელოვანი შემცირება. ხიდაშელის თქმით, მიუხედავად საკითხის მნიშვნელობისა, აღნიშნული ფაქტის შესახებ არათუ სამსჯელოდ არის რამე დოკუმენტი წარმოდგენილი, არამედ ინფორმაციაც კი არ ყოფილა მოსმენილი საკრებულოს კომისიების მიერ", - დასძენს გამოცემა.
"აკაკი ჯოხაძის თქმით, იზრდება ხაზების საჭიროება და შესაბამისად, მძღოლების საჭიროებაც კერძო სამარშრუტო ტაქსებზე. ყველა სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც შეეძლება მგზავრის გადაყვანა, შენარჩუნებული იქნება, არ დაწესდება მანქანებითვის ასაკობრივი ზღვარი, თუმცა ქულების მიხედვით მოხდება ავტომანქანების ვარგისიანობის განსაზღვრა, მოსაკრებელიც 50 ლარის ფარგლებში დარჩება. რაც შეეხება 1-ელი ნოემბრიდან დაგეგმილ ცვლილებებს, რომელზეც განცხადებები ავტობუსებში უკვე გამოკრულია, ჯოხაძის თქმით, ეს იმისთვის კეთდება, რომ მომხმარებელს "დისკომფორტი არ შეექმნას". მისი განმარტებით, არსებული 200-მდე სამარშრუტო ხაზი მინიმუმ 220-მდე გაიზრდება, თუმცა 125 ავტობუსის ხაზიდან 90-მდე დარჩება", - წერს სტატიის ავტორი.
"600 ავტობუსი დაახლოებით 480-მდე შემცირდება, ასევე დაწესდება კონკრეტული დროის ინტერვალები, რომლის დარღვევასაც სპეციალური სამსახური გააკონტროლებს. ამასთან არ გაძვირდება მგზავრობა. ავტობუსის ხაზების შემცირებასთან ერთად, ავტობუსის მძღოლების ნაწილიც უმუშევარი დარჩება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მათი კვალიფიკაციიდან გამომდინარე, დაუსაქმებელი მაინც არ დარჩებიან. რაც შეეხება ფინანსურ გათვლას, ვმუშაობთ ბიუჯეტზე და საკრებულოს წარვუდგენთ დასამტკიცებლად. ის ხაზები, რომელიც დარჩება, უმაღლეს ხარისხსა და მომსახურებაზე იქნება ორიენტირებული. სამარშრუტო ტაქსების მძღოლები კი იქნებიან ორიენტირებული იმაზე, რომ მოაწესრიგონ სამარშრუტო ტაქსის მდგომარეობა და და მოიყვანონ შესაბამისობაში", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას აკაკი ჯოხაძე.