sumbumbulaგენერალურ გეგმაში გაკვრებიტაა საუბარი მააგზე ასე რომ რას გააკეთებენა რავინ იცის მე არ მჯერა არაფრის. ამგისთვის ჯერ რკინიგზა უნდა აგდაიტანონ ეგ კი უახლოეს 3 წელში არ მოხდება მერე იმა დგილის მომზადება მანამდე კი იმდენი რამე მოხდება დაიმდენია ზრი შეიცვლება რა იქნება ვინ იცის.
საბჭოთა მენტალიტეტი + მათხოვრული შემოსავალი + განვითარებული კაპიტალიზმის ფასები = ”რევოლუციური ბომჟების” მომრავლებას
საზოგადოება — თავფურცელი
18:01 02.11.2009
ვერსია პრინტერისთვის •
დაამატე რჩეულებში •
[გეგა ბერიძე]
”ვარდების რევოლუციას“ ქვეყნის ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში მინი რევოლუციები მოჰყვა. ერთ–ერთი მათგანი სატრანსპორტო სფეროში განხორციელებული რევოლუცია იყო. ტრამვაი–ტროლეიბუსები ერთი ხელის მოსმით ჯართში ისე გადაუძახეს, აზრი არავისთვის უკითხავთ. შედეგად ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტიც ”ავადსახსენებელ წარსულს“ ჩაბარდა.
ქალაქის ცენტრში სამარშრუტო ტაქსების, ე.წ. მარშრუტკების მოძრაობა აიკრძალა. ისინი ზემოთ და ქვემოთ პარალელურ ქუჩებზე გადაიყვანეს. შედეგად მძღოლებს თბილისის რელიეფურ ჩიხებში ისეთი მანევრების ხორცშესხმა უწევთ, რომ ეს თვით შუმახერს შეშურდებოდა. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ერთი ადგილი სოლოლაკისკენ ასახვევში. მძღოლს ისეთ ვიწროში უწევს გავლა (გვერდებზე უფუნქციო ბოძებია ჩადგმული), რომ 50 თეთრი კი არა, ნობელის სამწუხაროდ არარსებული პრემია ეკუთვნის ნერვების დაოკების და დათმენის დარგში.
შევარდნაძისდროინდელ წარსულს ჩაბარდა წითელი ”ლაზებიც“. მათი ადგილი სახელდახელოდ ჰოლანდიიდან ჩამოყვანილმა ყვითელმა ” რევოლუციურმა ავტობუსებმა“ დაიკავეს. მათ ნათელაშვილის მიმდევარმა ”სანდრაბუსები“ დაარქვა. ცოტა ხანში მათ მეგობარი უკრაინის ”ბოგდანებიც“ დაემატნენ და გაჩაღდა ქალაქში დიდი მიმოსვლა.
ბოლო რეფორმა ყვითელ ავტობუსებში სამგზავრო ბილეთების სალარო აპარატების დადგმა გახდა. ეს უკვე ისეთი რევოლუციური ნაბიჯი აღმოჩნდა, რამაც მგზავრობა გვარიანად გაახალისა. დღე არ გავა, ავტობუსში რამე სახალისო შემთხვევას არ წააწყდე. ცალკე თემაა ახალი დროების და ახალი ყაიდის კონდუქტორ–კონტროლიორები. თუ ადრე, საბჭოურ ეპოქაში თითო ავტობუს–ტრამვაი–ტროლეიბუსში თითო კონდუქტორი იჯდა, ამჯერად მერია თანხებს ზოგავს და მგზავრების კანონმორჩილებაზე კონტროლს მობილურ ჯგუფებს ავალებს.
ჩვენი დროის გმირი კონდუქტორების ასპარეზზე გამოჩენა, მიმდინარე წლის საგაზაფხულო ცხელ პოლიტიკურ ვნებათაღელვებს დაემთხვა. ამის გამო კონტროლიორები ზედმეტად ხმას ვერ იღებდნენ ”გაბრაზებული ხალხის’’ წინაშე და ოდენ ყვითლად მოელვარე ”რევოლუციური მაისურების“ დემონსტრირებას ჯერდებოდნენ. თუმცა დავალებაც ჰქონდათ მიღებული ზემოდან, რომ ისედაც გაბრაზებული ხალხი კიდევ უფრო არ გაეღიზიანებინათ. ერთი კი იკითხავდნენ ბილეთები ვის გაქვთო, მაგრამ წინასწარ იცოდნენ, რომ სალონში უმრავლესობა, მათივე ტერმინოლოგიით, ”ხარახურა კლიენტი“ იყო.
კონდუქტორებიც ითმენდნენ, სანამ ”გაბრაზებული ხალხი’’ პოლიტიკურ ვნებებს არ დაიოკებდა და კონტროლიორებისთვის კარგი დრო და მომენტი არ დადგებოდა. მაგრამ დღევანდელ პოსტრევოლუციურ საქართველოში კონდუქტორობა ჭეშმარიტად რთული საქმეა. ადამიანებს სთხოვ და მოუწოდებ იმ ორმოცთეთრიანის გადახდისკენ, რომელიც მგზავრს ან არ აქვს, ან არ სურს, რომ გადაიხადოს, რადგან ეს ის ორმოცთეთრიანია, რაიც მას ერთგვარ გამბედაობას მატებს და ახალახალი მგზავრობისთვისაც გულში იმედის ნაპერწკალს უტოვებს.
აბა რა საქმეა კაცს ორმოცი თეთრის სალარო აპარატში ჩაჩხრიალება გენანებოდეს და ამის გამო 15, თუნდაც ათ ლარიანი ჯარიმა აგკიდონ? შედეგიც სახეზეა. მოთხოვნა–დაკმაყოფილების ბალანსი აქაც დარღვეულია და თბილისურ გაწევ–გამოწევებს ავტობუსებში და გაჩერებებზე ხშირად წააწყდებით. მითუმეტეს, რომ ”გაბრაზებული ხალხის’’ საგაზაფხულო რევოლუციური აღტკინების შემდეგ ხელისუფლებამ ძალა კვლავ შეიგრძნო და ამ შემთხვევაში კონდუქტორ–კონტროლიორებსაც ”ჰკა მაგათო“ მოუწოდა.
ზოგჯერ პირიქითაც გამოდის. ერთ–ერთმა სანდომიანი სახის თბილისელმა ქალბატონმა რაღა თქმა უნდა უბილეთოდ იმგზავრა ვაკიდან რუსთაველის მეტრომდე. ვაგლახ, მან არ იცოდა, რომ იმ მომენტისთვის კონდუქტორები ავტობუსში აღარ ამოდიოდნენ და ”წუწურაქ მგზავრებს’’ უკვე გაჩერებაზე ხვდებოდნენ. გაჩერებაზე ჩამოხდა თუ არა, უმალვე ხელი სტაცეს. არა, პირდაპირ და უხეშად არ დაუჭერიათ, მაგრამ ორმა ჯანიანმა კაცმა ისე ვირტუოზულად მოაქცია ალყაში, რომ გვიანი იყო თითზე კბენანი.
”მაპატიეთ, გპირდებით სხვა დროს უბილეთოდ აღარ ვიმგზავრებო“, – ესღა აღმოხდა ”კანონდამრღვევს’’, მაგრამ კონდუქტორები კანონის წინაშე შეუვალები იყვნენ. ეგრევე პირადობა ჩამოართვეს და თხუთმეტლარიანი ჯარიმაც სახელდახელოდ გამოაცხვეს. ამასობაში სანდომიანი ქალბატონის მოთმინების ფიალა ნელნელა იწრიტებოდა. მან შენიშნა, რომ ჯარიმის გამოწერის დროს კონდუქტორები სხვა ავტობუსებიდან ჩამოსულებს ყურადღებას ვეღარ აქცევდნენ.
- ”თქვე არამზადებო, ყველას უშვებთ და ჯარიმა მარტო მე რატომ გამომიწერეთ“, – გულშემზარავად შეჰკივლა. ”ქალბატონო, შეგიძლიათ გაასაჩივროთ“, – ეს კარგად გაზეპირებული სიტყვები ლოყებღაჟღაჟა კონდუქტორს დამთავრებული არ ჰქონდა, რომ მარჯვენა წითელ ლოყაში გაბრაზებული ქალის ფართოდ გაშლილი სილა მოხვდა. თქვენ უნდა გენახათ ცირკი ღია ცის ქვეშ. გასაჩივრება და სასამართლო საჭირო აღარ გახდა. სანდომიანმა ქალბატონმა თბილისური ”რევოლუციური სამართალი’’ იქვე ზემელის გაჩერებაზე აღასრულა.
პატრულიც აღარ გამოუძახნიათ. ჯარიმა უკვე გამოწერილი იყო და კარგა გვარიანი სილაც – მიღებული. რას იზამ, ასეთია თანამედროვე პოსტრევოლუციური კონდუქტორების მძიმე ცხოვრება.
მეტად საინტერესო იყო ეს პერიოდი, როდესაც კონდუქტორები ავტობუსში აღარ ადიოდნენ და გაჩერებაზე ელოდებოდნენ დაუმორჩილებელ მგზავრებს. მთელი ავტობუსის სალონი წინ იყო გადახრილი, რათა დაეფიქსირებინათ იდგნენ თუ არა ყარაულებივით კონტროლიორები გაჩერებებზე. თუ იდგნენ, ბილეთებსაც იძულებით იღებდნენ, თუ არა და, მძღოლს ვინღა ეკითხება რაიმეს?
ისე, ამ რეფორმით მძღოლებმაც მაგრად დაისვენეს. აღარ უწევთ ყველა გაჩერებაზე კისრის 140 გრადუსით უკან შემობრუნება და გაბმული საგადასახადო ლექციის წაკითხვა. ცალკე იყო ე.წ. ”უკანა კარების’’ პრობლემა. ”ხარახურა კლიენტები’’ როგორც წესი, ამ უკანა კარებს იყენებდნენ და ხშირად იყო შემთხვევები, როცა მძღოლი საჭეს ტოვებდა და უკანა კარებიდან გაპარულ მგზავრებს ეკიდებოდა. ”სატრანსპორტო რევოლუციის’’ ერთ–ერთი მთავარი შედეგი ისიც არის, რომ უკანა კარების ცნება საერთოდ მოისპო. მძღოლი ყველა გაჩერებაზე ორივე კარებს აღებს და სულ ცალ ფეხზე ჰკიდია, მგზავრი ბილეთს იღებს, თუ არა. მას მერიის მხრიდან უკვე გარანტირებული ხელფასი აქვს და, შესაბამისად, ნერვებიც უკვე ბევრად დაწყნარებული.
მაგრამ ვერ ისვენებენ ახალი დროების კონდუქტორები. მარჯანიშვილის მეტროს გაჩერებაზე პროვინციიდან ჩამოსული მამაკაცი გამოიჭირეს. არც აციეს და არც აცხელეს და პირადობა ჩამოართვეს. ”მეჩქარება, სოფლიდან ჩამოვედი საავადმყოფოში ახლობელთან გავრბივარ, არ მქონდა ჯიბეში კაპიკები, გამიშვით“, – სულ ამ სიტყვებით იხვეწებოდა შუახნის მამაკაცი. თანაგრძნობა რომ ვერ გამოიწვია, უკვე შეტევაზე გადავიდა, ჰაიტ, თქვე ასეთ–ისეთებო, ამას და იმას გიზამთო.
- ”შეგიძლიათ ჩვენი გადაწყვეტილება (ჯარიმა) გაასაჩივროთ“, – კვლავ კონდუქტორების ცნობილი გაზეპირებული ფრაზა გაისმა. არამკითხე მოამბესავით იქვე მდგარი მოქალაქე დაინტერესდა ამ დიალოგებით: ”რა არის, ძმაო, ხომ ეტყობა სოფლელი კაცია და ეჩქარება“. ”ჩვენც გვეჩქარება გეგმის შესრულება, ჯარიმას თუ არ გამოვწერ, ხელფასს არ მომცემენ. მერე შენ რას მიშველი? მე რომ სოფლელი და ქალაქელი გავარჩიო ჯარიმას ვინღა გამოწერს“ – კვლავ შეუვალი იყო კონდუქტორი.
კონდუქტორებიც და მათი პოტენციურად მსხვერპლი მოქალაქე–მგზავრებიც ერთი ბედკრული ქვეყნის შვილები არიან, სადაც ღრმა სოციალური უთანასწორობა სულ უფრო მახინჯ ფორმებს იძენს. ამის ნათელი დადასტურებაა ქალაქის ლამის გავსება ახლი ქართული ”რევოლუციური ბომჟებით“. ისინი თითქმის ყოველ ფეხის ნაბიჯზე ისე ნირწამხდარნი დააბოტებენ, რომ მათი მომრავლება ქალაქში უკვე აღარავის უკვირს. ადრე ასეთ სოციალურ ტიპებს მხოლოდ დეზერტირების ბაზრის ბინძურ სარდაფში თუ წააწყდებოდით, დღეს ისინი დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში უბერავენ ”რუსკაია ვოდკას“.
ამასთან ბევრ რამეს მოისმენთ თბილისურ ავტობუსში: ”ჩვენ ვართ ქვეყანა საბჭოთა, კომუნისტური მენტალიტეტით, მათხოვრული პენსია–ხელფასებით და განვითარებული კაპიტალიზმის ფასებით, გადასახადებით“, – ასეთი შეფასება ჰქონდა ასაკოვან ადამიანს, რომელიც თბილისურ ავტობუსში კონდუქტორ–მგზავრის კიდევ ერთ დაუნდობელ შერკინებას თვალყურს ადევნებდა.
* * *
საზოგადოება
აპირებს თუ არა თბილისის მერია მიწისზედა ელექტროტრანსპორტზე უარის თქმას
16.01.2006
ავტორი ჯიმშერ რეხვიაშვილი
დედაქალაქის ცენტრიდან სამარშრუტო ტაქსების გაყვანის შემდეგ, როგორც ჩანს, ჯერი ელექტროტრანსპორტზე მიდგა. ყოველ შემთხვევაში, თბილისის მერიის ხელმძღვანელობა
ირწმუნება, რომ სულ მალე ტროლეიბუსები მხოლოდ გარეუბნებში, პერიფერიულ ქუჩებზე იმოძრავებენ, თუმცა ქალაქის თავკაცთა ამ განცხადებაში ეჭვი შეაქვთ თავად მძღოლებს, რომლებიც ყველაზე უარესისთვის - ელექტროტრანსპორტის აკრძალვისა და უმუშევრობისთვის - ემზადებიან. რა ხდება სინამდვილეში, რას უპირებს მერიის ხელმძღვანელობა ტროლეიბუსებისა და ტრამვაის საწარმოს, რომელშიც 800-მდე ადამიანია დასაქმებული?
სამარშრუტო ტაქსების აკრძალვის შემდეგ თბილისის ცენტრში მგზავრები ჰოლანდიიდან ჩამოტანილი „დაფის“ მარკის ავტობუსებით გადაადგილდებიან, თუმცა ვისაც არ ეჩქარება, ანდა ფულის დაზოგვა სურს, შეუძლია რუსთაველისა და ჭავჭავაძის გამზირები ყველაზე ნელი ტრანსპორტით, ტროლეიბუსებით, გადაკვეთოს.
[ისმის ტრანსპორტის ხმა]
იური მაჭარაშვილი 22 წელია ტროლეიბუსის საჭესთან ზის და, როგორც თავად ამბობს, ყველაზე გაჭირვებულ თანაქალაქელებს ადრიანი დილიდან გვიან ღამემდე ემსახურება. ინფორმაციამ ტროლეიბუსების აკრძალვის თაობაზე ბატონ იურის ყურამდეც მიაღწია.
[იური მაჭარაშვილის ხმა] „ტროლეიბუსებს გააუქმებენ და ამის მერე გააძვირებენ ავტობუსებს. ტროლეიბუსები არ უნდათ. არავინ გვეხმარება, არადა 8 კატეგორიის ადამიანებს უსასყილოდ ვემსახურებით - მაგალითად, ვეტერანებს, ომის ინვალიდებს, პოლიციის თანამშრომლებს და სხვა.“
ტროლეიბუსის მძღოლი ფიქრობს, რომ სულ მალე სამსახურის გარეშე დარჩება. ბატონ იურის სანუგეშოს ვერაფერს ეუბნება თბილისის საკრებულოს წევრი პაატა ჯიბლაძე, რომლის ინფორმაციითაც, ხელისუფლება მიზანმიმართულად ყიდის ტრამვაი-ტროლეიბუსების საწარმოს დაქვემდებარებაში არსებულ სამივე დეპოს:
[პაატა ჯიბლაძის ხმა] „ყველაზე იაფი ტრანსპორტის მოსპობა უნდათ, ვინაიდან მათი ბიზნესინტერესები უპირველესია. ისევე როგორც გამზადებულია ისნის დეპო გასაყიდად და პრემიერის ხელმოწერა აქვს ამ დოკუმენტს. ამ ორი დეპოს მოშლა გამოიწვევს ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო ტრანსპორტის კოლაფსს.“
თბილისის მერიამ ჯერჯერობით მხოლოდ საბურთალოს დეპო, უფრო სწორად კი, ის ტერიტორია გაყიდა, სადაც დეპოა განთავსებული, თუმცა, როგორც ტრამვაი-ტროლეიბუსების საწარმოს თანამშრომლები ამბობენ, სანაცვლოდ დედაქალაქის მთავრობას ახალი ადგილი არ გამოუყვია.
[დეპოს თანამშრომლის ხმა] „არსად არ მიგვითითეს, სად და რა გავაკეთოთ. გვეუბნებიან, 1 თებერვლიდან აქ არ იქნებითო. ჩვენი ინფორმაციით, არსად მოუძებნიათ შენობა-ნაგებობა, სადაც ტექნიკის განთავსება იქნება შესაძლებელი.“
ტროლეიბუსების მოძრაობის შესაძლო აკრძალვა გულგრილს ვერ ტოვებს თბილისელებს, რომელთა ერთი ნაწილი ყველაზე იაფ, ათთეთრიან სატრანსპორტო საშუალებას ვერ ელევა, თუმცა ზოგიერთი მათგანი სიახლეში დიდ ტრაგედიასაც ვერ ხედავს.
[მამაკაცის ხმა] „რა ვიცი, მე მგონი, უნდა იაროს. ჩემი აზრი ასეთია.“
[ქალბატონის ხმა] „მოკლე მანძილზე მივდივარ და იმიტომ ჩავჯექი. თუ მოძრაობას აფერხებს, მაშინ მართლა უნდა გააუქმონ. მე არ მჭირდება.“
[ქალბატონის ხმა] „სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის აუცილებელია, მაგრამ ცუდად მუშაობენ: იშვიათად და ნელა დადიან. ხანდახან საათობით დგანან ერთ ადგილზე და ასეთ მუშაობას აზრი აქვს? ისე, მაინც უნდა იყოს.“
თბილისის პრემიერი კი ამტკიცებს, რომ მერია არ აპირებს ტროლეიბუსების აკრძალვას. თემურ ქურხულის თქმით, ლაპარაკია მხოლოდ მარშრუტის შეცვლაზე:
[თემურ ქურხულის ხმა] „სრულად გაუქმებაზე არ არის საუბარი. ნაწილობრივ შემცირდება, ანუ არ იმოძრავებს რუსთაველისა და ჭავჭავაძის გამზირებზე. ტროლეიბუსები დარჩება არაცენტრალურ უბნებში.“
პრემიერის ამ ნათქვამს, წესით, ტროლეიბუსის მძღოლები უნდა დაემშვიდებინა, თუმცა იური მაჭარაშვილი დარწმუნებულია, რომ სულ მალე თბილისში ერთი ტროლეიბუსიც კი არ იმოძრავებს:
[იური მაჭარაშვილის ხმა] „მაგენი რასაც იტყვიან, მაინც გააკეთებენ და რა აზრი აქვს წინააღმდეგობის გაწევას. რა მეშველება? რაც სხვას, ის მეც!“
მაგრამ ყველა მძღოლი ასე პესიმისტურად როდია განწყობილი. გავრცელებული ინფორმაციით, საბურთალოს დეპოს თანამშრომლები საკუთარი უფლებებისათვის ბრძოლასა და სასამართლოში ჩივილს აპირებენ.
თბილისში ტრამვაის საუკუნოვანი ისტორია სრულდება
დავით კაკაბაძე:
ხელისუფლების სათავეში მიხეილ სააკაშვილის მთავრობის მოსვლის შემდეგ თბილისში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა. გმირთა მოედანსა და ვარაზის ხევში ე.წ. სამკუთხედი დაწესდა, დაიწყო შენობების ფასადების ღებვა, ცენტრალურ ქუჩებზე ასფლატის ახალი საფარი დაიგო და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ქალაქის ახალმა ხელისუფლებამ, განსაკუთრებით კი ზურაბ ჭიაბერაშვილის შემცვლელმა გიგი უგულავამ თავი გამოიჩინა ქალაქის სატრანსპორტო სისტემის ცვლილებით. თბილისის ცენტრალური ქუჩებიდან გაქრა ბოლო წლების ტრადიციული ტრანსპორტი - სამარშრუტო ტაქსი. მისი ადგილი ჰოლანდიისა და უკრაინის წარმოების, ყვითლად შეღებილმა ავტობუსებმა დაიკავა. სატრანსპორტო პრიორიტეტად გამოცხადებულმა ავტობუსებმა, სამარშრუტო ტაქსებთან ერთად, კიდევ უფრო შეავიწროვა თბილისისთვის ერთ დროს ტრადიციული, ბოლო წლებში კი აშკარად დაჩაგრული სატრანსპორტო საშუალება - ტრამვაი. საქართველოს დედაქალაქში ტრამვაის საუკუნოვანი ისტორიის დასასრულზე ალექსანდრე ელისაშვილი გესაუბრებათ.
[ისმის ტრამვაის ზარის ხმა]
ალექსანდრე ელისაშვილი:
ეს ზარი თბილისში მოძრავი ათამდე ტრამვაის ვაგონიდან ერთ-ერთის ვატმანმა მეტრო დიდუბის ზემო სადგურთანჩვენს საპატივცემულოდ დარეკა. ზარის დარეკვის შემდეგ მოძველებული, მაგრამ მგზავრებით სავსე ვაგონი ხმაურით გაემართა დღევანდელ თბილისში ტრამვაისათვის დარჩენილ ერთადერთ მარშრუტზე - ავჭალის მიმართულებით. დაძვრამდე რამდენიმე წუთით ადრე კი 50-იოდე წლის ვატმანმა, ბატონმა გოჩამ ტრამვაისადმი ქალაქის ხელმძღვანელობის არაკეთილმოსურნე განწყობის გამო შემოგვჩივლა, არადა მისი თქმით, დღეისათვის თბილისში მოძრავ საზოგადოებრივი ტრანსპორტს შორის ტრამვაი ყველაზე იაფია. მგზავრობის ღირებულება მხოლოდ 10 თეთრია:
[ვატმანის ხმა] "ამის წინ შემშურდა, საზღვარგარეთის ვაგონები აჩვენეს კაცო, შემშურდა. იქ პირიქით, ანვითარებენ, აქ კიდე სპობენ სუყველაფერს, კაცო! ვაგონები არის ქვეყნისათვის, ხალხისთვის მისწრება. დაბალი ფენა, მუშა ხალხი, ძირითადად ტრამვაის დაყვება." (სტილი დაცულია)
ბატონმა გოჩამ ეჭვი გამოთქვა, რომ ტრამვაის წინააღმდეგ ქალაქის ხელმძღვანელობის მტრულ განწყობას სხვა მიზეზებიც აქვს. მაგალითად ის, რომ გაუქმებული ფოლადის ლიანდაგებისა და სპილენძის სადენების ჯართში ჩაბარება საკმაოდ შთამბეჭდავ თანხადაა შესაძლებელი. ამ ვარაუდის გადამოწმება მეტრო დიდუბის ზედა სადგურიდან არცთუ მოშორებით, ცოტნე დადიანის გამზირზე ვცადეთ. საქმე იმაშია, რომ რამდენიმე დღის წინ თბილისის მერიის ინიციატივით გამზირზე ტრამვაის ლიანდაგების აყრა დაიწყო. ამ პროცესის დასრულების შემდეგ კი კინოთეატრ ”საქართველოდან” რკინიგზის ვაგზალის გადასასვლელ ხიდამდე ასფალტს დააგებენ. ლიანდაგებისა და ელექტროსადენების ჯართში ჩაბარებიდან მიღებულ მოგებაზე, საგზაო სამუშაობის ხელმძღვანელებმა, გლდანი-ნაძალადევის გამგეობის წარმომადგენლებმა კომენტარის გაკეთება არც ისურვეს, თუმცა თავად სამუშაოების არსი ასე განგვიმარტეს:
[მამაკაცის ხმა] "ეს არის შენი ჭირიმე პროექტი, რომელიც ითვალისწინებს კაპიტალურ შეკეთებას, აი ამ - ადრე ოქტომბრის ქუჩა ქვიოდა, ახლა დადიანის ქუჩაზე, გადასასვლელი ხიდიდან კინო ”საქართველომდე”, მათ შორის ამოვიღებთ ტრამვაის რელსებს." (სტილი დაცულია).
შუაგულ გამზირზე მიმდინარე სამუშაოებს ცნობისმოყვარეობით ადევნებდა თცალყურს ადგილობრივი მოსახლეობა. ჩვენთან საუბარში 70 წელს გადაცილებულმა ქალბატონა თინამ ტრამვაის ხაზების გაუქმებით კმაყოფილება არ დამალა და ამის რამდენიმე მიზეზი ჩამოთვალა:
[მოხუცი ქალის ხმა] "კარგი არის, რა თქმა უნდა - ადრე ძიგძიგებდა სახლები, ჭურჭელი გვემტვრეოდა. მე აქა ვცხოვრობ. ძალიან კარგია, რომ აკეთებენ. ტროლეიბუსი თუ ივლის უკეთესი იქნება."
თუმცა, ქალბატონი თინას სურვილის მიუხედავად ცოტნე დადიანის გამზირზე ხმაურიან ტრამვაის არა ტროლეიბუსები, არამედ ჰოლანდიური ავტობუსები ჩაენაცვლებიან. ურბანისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ლადო ვარდოსანიძე მიიჩნევს, რომ თბილისში მოძრავი მოძველებული ტრამვაი ბოლო დროს აშკარად ვერ ართმევდა თავს დაკისრებულ მოვალეობას. თუმცა იგი თვლის, რომ ქალაქის მესვეურებმა სატრანსპორტო სქემების ცვლილებებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები უფრო ღრმა შესწავლის შემდეგ უნდა მიიღონ:
[ლადო ვარდოსანიძის ხმა] "საჭიროებს სერიოზულ სატრანსპორტო სოციოლოგიურ კვლევებს პირველ რიგში ამ საკითხზე პასუხის გაცემა. ცალსახად პასუხის გაცემა ძალიან რთულია, ტრამვაის ჯერ ავკარგიანობაზე და შემდეგ რადმენად გამოსაყენებელია თბილისში, მაგრამ ამ საკითხზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს. მაინც მომხრე ვარ ვიმეორებ კომპლექსურად გადაწყვეტისა ამ საკითხის. ამ მხრივ ჩვენ თბილისში ნაკლებად გააზრებული პოლიტიკა გვაქვს სატრანსპორტო მიმართულებით."
ურბანისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ამ შენიშვნის მიუხედავად ფაქტია, რომ თბილისში ტრამვაის ხანა დასასრულს მიუახლოვდა. მეცხრამეტე საუკუნის 80-ან წლებში ბერლინში ფეხადგმული და შემდეგ მთელს მსოფლიოში გავრცელებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი - ტრამვაი, სულ მალე თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ისტორიის კუთვნილება გახდება. ცხენშებმული კონკის მემკვიდრე ელექტროტრამვაი თბილისის ქუჩებში 1904 წელს გამოჩნდა. თბილისის საქალაქო საბჭოს დეპუტატის ნიკო ნიკოლაძის მიერ ინიცირებულმა და ბელგიური კომპანიის სახსრებით განხორციელებულმა სატრანსპორტო რეფორმის პირმშომ - ელექტროტრამვაიმ, პირველი რეისი დღევანდელი დავით აღმაშენებლის გამზირზე, მაშინ კი დიდი მთავრის ქუჩაზე შეასრულა. ამის შემდეგ ათწლეულების მანძილზე ტრამვაი ქალაქის ერთადერთი და შეუცვლელი სატრანსპორტო საშუალება იყო. მაგრამ ახლა, საუკუნის შემდეგ საქართველოს დედაქალაქის ხელმძღვანელობამ ბევრი ევრიპული ქალაქის გზით სვლა არ ისურვა და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის მოდერნიზებას მისი ავტობუსებით ჩანაცვლება ამჯობინა.
* * *
საზოგადოება
ტრამვაი და ტროლეიბუსი თბილისში პოპულარობას კვლავაც ინარჩუნებს
22.01.2002
ავტორი ლელა კუნჭულია
იყო დრო, როდესაც თბილისელები გადაადგილების მთელ იმედებს (უკიდურესად გადატვირთულ და ძლივს მოძრავ) ტამვაი-ტროლეიბუსებზე ამყარებდნენ,
რადგანაც, იმ ხანად, დედაქალაქში ამ ტიპის ტრანსპორტის გარდა, თითქმის არაფერი დადიოდა. 90-იანი წლების დასაწყისი, როდესაც ეგრეთ წოდებული რქიანი ტრანსპორტით მგზავრობის თითქმის ერთადერთ ალტერნატვას ფეხით სიარული წარმოადგენდა, თბილისელებს (სხვა ბევრ მიზეზთან ერთად) ამ მიზეზითაც მწარედ ახსოვთ. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად დედაქალაქის თითოეულ მცხოვრებზე, ლამისაა, გადაადგილების თითო საშუალება მოდის, ტრამვაი და ტროლეიბუსი, სიიაფის გამო, პოპულარობას კვლავაც ინარჩუნებს.
დედაქალაქის მცხოვრებთა ერთ ნაწილს აღარც კი ახსოვს, ტრამვაით ან ტროლეიბუსით ბოლოს როდის იმგზავრა. ასეთები ვარაუდობენ, რომ მას შემდეგ, სულ მცირე, 7 წელიწადი მაინც გავიდოდა. სამაგიეროდ, არიან ისეთებიც, ვინც ასევე დაახლოებით 7 წელიწადია ძირითადად მხოლოდ ხსენებულ საზოგადოებრივ ტრანსპორტს იყენებს.
"ნელა სიარულისა და უკომფორტობის მიუხედავად, ტროლეიბუსით მგზავრობა ჩემთვის და ჩემი ოჯახის კიდევ ორი წევრისთვის მართლაც ერთადერთი გამოსავალია, რადგანაც მწირი შემოსავალი მეტის საშუალებას არ გვაძლევს ", - ამბობს 47 წლის ქალბატონი, რომლის 3-წევრიანი ოჯახი მგზავრობისთვის ყოველთვიურად დაახლოებით 20 ლარს ხარჯავს. საინტერესოა, რომ თუკი (10-თეთრიანი ტარიფის გათვალისწინებით) ტრამვაისა და ტროლეიბუსის თითოეული მგზავრი ყოველთვიურად, საშუალოდ 6 ლარს იხდის, ავტობუსისა და სამარშრუტო ტაქსის მგზავრთა დანახარჯი, შესაბამისად, - 12-სა და 30 ლარს უტოლდება.
სხვათა შორის, "რქიანი ტრანსპორტის" ტარიფის გაზრდა დღის წესრიგში არაერთხელ მდგარა, მაგრამ, სოციალური გაჭირვების გათვალისწინებით, თბილისის მერია ამ საკითხის დადებითად (ანუ ხალხისთვის უარყოფითად) გადაწყვეტის მკაცრი წინააღმდეგია. მუნიციპალიტეტის პოზიცია იუწყება, რომ "იაფი ტრანსპორტი მოსახლეობას ჰაერივით სჭირდება".
აქვე ვიტყვი, რომ ამჟამად უფასო გადაადგილების პრივილეგიით მგზავრთა სამი კატეგორია სარგებლობს, ესენია: ომის ინვალიდები, დევნილები და მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვები. ჩამოთვლილთა მგზავრობის დასაფინანსებლად დედაქალაქის მერია "ტრამვაისა და ტროლეიბუსების საწარმოს" ყოველწლიურად ერთნახევარ მილიონ ლარს უხდის. ხსენებული საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ზურაბ ბაბუნაშვილის თქმით, ყოველი 100 მგზავრიდან მგზავრობის საფასურს, მიახლოებითი გამოთვლით, მხოლოდ 20 იხდის.
საგულისხმოა, რომ ამჟამად თბილისში (14 მარშრუტზე) 146 ტროლეიბუსი და ტრამვაის 30 ვაგონი დადის. აქედან, 70 ტროლეიბუსი (რომელთა ხანდაზმულობა 20 წელიწადს ითვლის)
გასული წლის ნოემბერში თბილისს საბერძნეთის მთავრობამ საჩუქრად გამოუგზავნა. ხოლო იმ დროისთვის დედაქალაქის საკუთრებაში არსებული (რუსეთისა და ჩეხეთის წარმოების) კიდევ 76 ტროლეიბუსის "ასაკი" 15 წლით განისაზღვრება. თუმცა, როგორც ბაბუნაშვილი აღნიშნავს, ხსენებული ტრანსპორტის ტექნიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის მგზავრთა გადაყვანისთვის საჭირო ნორმებს სავსებით აკმაყოფილებს. მართალია თავად მგზავრებს ამ საკითხთან და კიდევ, კომფორტულობასთან დაკავშირებით ოდნავ სხვა დამოკიდებულება აქვთ, მაგრამ, რეალობიდან გამომდინარე, სასურველი და შესაძლებელი ერთმანეთს ვერც ამ საკითხში ემთხვევა.
და კიდევ, როგორც ჩანს, ტრამვაი-ტროლეიბუსებისთვის წლევანდელი ზამთარი შედარებით იღბლიანია, რადგანაც (ელექტროენერგიის უქონლობის მიზეზით) გაჩერება და ტროტუარების გასწვრივ საცოდავად ჩამწკრივება მათ ახლა მართლაც იშვიათად უხდებათ. ბაბუნაშვილის თქმით, მათი საწარმო ელექტროენერგიის მოხმარებისთვის ყოველთვიურად დაახლოებით 90 ათას ლარს იხდის.