LIKA-KHATIA
Super Crazy Member ++

       
ჯგუფი: Members
წერილები: 29292
წევრი No.: 49830
რეგისტრ.: 22-December 07
|
#17007321 · 18 Dec 2009, 18:18 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ცნობილი პოეტი უცნობ ამპლუაში : (გრიგოლ ორბელიანის გარდაცვალებიდან 120 წლისთავი)
ანდრე კარბელაშვილი
გრიგოლ ორბელიანი თბილისში 21 მარტს (2 აპრილს) გარდაიცვალა. მის დაკრძალვაზე ილია ჭავჭავაძემ სიტყვა წარმოთქვა, რომელიც ასეც დაასრულა:
"შენ აღარ ხარ და შენს საყვარელს საქართველოს გულში ჩასწყდა კიდევ ერთი ძარღვიცა.
ფუჭია იგი სიცოცხლეო, რომელიც ვერა რას არგებსო მამულსაო, - სთქვი შენ.
ჩვენ მაგას შენზედ ვერ ვიტყვით.
შენი ქვეყნის შვილი ქართველი რომ დააკვირდება მაგ შენს ბრწყინვალე ნავალს, მაღალის ნიჭით და მაღალის სიტყვიერებით შუქმოფენილსა, ქვეყნის წინაშე თამამად თავს მოიწონებს, რომ საქართველოს შენისთანა კაცი ჰყვანდა და იმავე დროს იგლოვებს კიდეც, რომ შენ ჰყვანდი და აღარ ეყოლები.
მშვიდობით, ჩვენო სასიქადულო მამულის-შვილო, ჩვენო სახელოვანო ქართველო, ჩვენო დიდებულო მწერალო!"
კავშირგაბმულობის ტექნიკის ისტორიის შესწავლის დროს საქართველოს სახელმწიფო ისტორიულ არქივში მოვიძიეთ დოკუმენტები, რომლებიც საქართველოში პირველი ტელეგრაფის ხაზის მშენებლობაზე გვიამბობენ. და რაც უფრო მეტ დოკუმენტებს ვეცნობოდით სქელტანიან საქმეებში, მით უფრო ხშირად გვხვდებოდა გვარი "ორბელიანი". სიმართლე რომ ითქვას, პირველად ვერც მივხვდით, რომ ამ "ორბელიანში" ყველა ჩვენგანის საყვარელი პოეტი იგულისხმებოდა. მართლაც, აბა, რა კავშირი უნდა ჰქონოდა გრიგოლ ორბელიანს სატელეგრაფო ხაზების მშენებლობასთან? თვეები დასჭირდა იმის გახსენებას, რომ დოკუმენტების ხელისმომწერი თავადი ორბელიანი ხშირად კავკასიის არმიის მთავარსარდლის ან მეფისნაცვლის მოვალეობას ასრულებდა.
თანდათან ცხადი გახდა, რომ თუკი დიდი რამ გააკეთა გრიგოლ ორბელიანმა თავისი ხალხისთვის, მათ შორის საქართველოში, იმ დროისათვის უდიდესი ტექნიკური სიახლის - ტელეგრაფის დანერგვა იყო.
ამიერკავკასიის ადგილობრივი პრესა და მათ შორის გაზეთი "საქართველოს მოამბე", რომელსაც ილია ჭავჭავაძე რედაქტორობდა, ხშირად აქვეყნებდა ინფორმაციებს ტელეგრაფის ხაზების მშენებლობაზე. "საქართველოს მოამბეს" მიაჩნდა, რომ სატელეგრაფო კავშირს დიდი პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობა ჰქონდა სახელმწიფოებსა და ხალხთა შორის ურთიერთობის განმტკიცების საქმეში. გაზეთი განსაკუთრებულად მიუთითებდა ტელეგრაფებით ამბების სწრაფად გადაცემის უპირატესობაზე. მაგალითად, ერთ-ერთ ნომერში აღწერილი იყო, როგორ გადაეცა ნაპოლეონ III მიერ პარიზში წარმოთქმული სიტყვის ტექსტი ლონდონსა და ბრიუსელს.
"საქართველოს მოამბე" წერდა: "როგორ გაადვილდა ამ უკანასკნელ დროში საჩქაროდ ერთის ქვეყნის ამბისა მეორეში შეტყობა, შეგვიძლიან ადვილად წარმოვიდგინოთ ნაპოლეონის სიტყვისა შემდგომის სწრაფის გარდაცემითა: სიტყვა, რომელიც ნაპოლეონმა წარმოსთქვა თორმეტს იანვარს სჯულისდებლობისა კრების გახსნაზედ, თექვსმეტს მინუტს მთლიანად ლონდონში გადასცეს. პარიზის ტელეგრაფის სტანციიდან გაგზავნეს მეორის ოცი მინუტი რომ იყო და ლონდონში მიუვიდათ ოცდათექვსმეტს მინუტს. ეს სიტყვა გარდაიცა ხუთს ტელეგრაფის მავთულზედ და ეს საქმე მიანდო ტელეგრაფის გამგეებმა ხუთ კარგად მცოდნე ტელეგრაფისტებს. პარიჟიდამ ბრიუსელში ეს სიტყვა გაგზავნეს ორის ნახევარზედ და ორი საათის შემდეგ ე.ი. ოთხის ნახევარზედ კიდეც დაიბეჭდა ბრიუსელში".
თბილისი - კოჯორი
ამიერკავკასიაში პირველი ტელეგრაფის ხაზი თბილისსა და კოჯორს შორის გაიყვანეს. ცხადია, ამ ტელეგრაფს არ ჰქონდა რაიმე ეკონომიკური მნიშვნელობა და მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლების ოპერატიული საქმიანობისათვის იყო განკუთვნილი, მაგრამ თვით ფაქტი, რომ საქართველოში პირველმა ტელეგრაფმა აქ დაიწყო მუშაობა, თავისთავად საინტერესოა.
1858 წლის ზაფხულში სატელეგრაფო ხაზში თბილის-კოჯორი ელექტრულმა იმპულსებმა დაიწყეს "მოგზაურობა", - პირველი დეპეშები გაიცვალა თბილისსა და კოჯორს შორის, რასაც თბილისის საზოგადოება დიდი ინტერესით შეხვდა.
ამ ტელეგრაფის ხაზის ექსპლუატაციაში გადაცემასთან დაკავშირებულ მრავალრიცხოვან საარქივო მასალებში პირველად შეგვხვდა გრიგოლ ორბელიანის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი. გენერალ-ადიუტანტმა გრიგოლ ორბელიანმა თბილის-კოჯრის ტელეგრაფის ხაზის 1859 წლის ექსპლუატაციის ხარჯთაღრიცხვა დაამტკიცა.
თბილისი - ფოთი
1860 წლის 10 აგვისტოს თბილისმა და გორმა ერთმანეთს პირველი დეპეშები გაუცვალეს. არქივში შემონახულია #8 დეპეშა, რომელიც თბილისში გორიდან გამოიგზავნა 11 აგვისტოს, 11 საათზე და 5 წუთზე. გაზეთი "კავკაზი" იუწყებოდა: "10 აგვისტოს გაიხსნა სატელეგრაფო კავშირი ქ.თბილისსა და ბორჯომს შორის შუალედური სადგურით ქ. გორში". ეტყობა, სატელეგრაფო სადგურებმა ბორჯომსა და გორში ერთდროულად დაიწყეს მუშაობა.
სურამის ტელეგრაფის სადგური ექსპლუატაციაში შევიდა 19 აგვისტოს. #2 დეპეშა, რომელიც სურამიდან თბილისში გაიგზავნა, ასეთი შინაარსისა იყო: "სურამის სატელეგრაფო სადგური გახსნილია. ქუთაისისკენ სამუშაოები დაიწყო ორ ჯგუფად".
#5 დეპეშა იტყობინებოდა: "გთხოვთ გამოგზავნოთ ორი სააპარატო მაგიდა ქუთაისში და ორი მარანში".
საინტერესოა, რომ სურამიდან გამოგზავნილი დეპეშები ხელმოწერილია მექანიკოს ვალტერ სიმენსის მიერ. პეტერბურგში დადებული კონტრაქტის მიხედვით საქართველოში სწორედ მექანიკოსი სიმენსი იქნა მოვლინებული ფირმა "სიმენს და ჰალსკეს" მიერ.
თბილისში პირველი დეპეშა ქუთაისიდან გადასცეს 10 სექტემბრის 2 საათსა და 15 წუთზე. ამის შესახებ გაზეთმა "კავკაზმა" დაუყოვნებლივ აცნობა მკითხველებს: "10 სექტემბერს შუადღეს, 2 საათსა და 15 წუთზე გაიხსნა სატელეგრაფო კავშირი თბილისსა და ქუთაისს შორის".
1860 წლის 5 ოქტომბერს ფოთიდან თბილისში გადაიცა პირველი დეპეშები.
გაზეთმა "კავკაზმა" ამასთან დაკავშირებითაც გამოაქვეყნა მოკლე ცნობა ფოთიდან: "ფოთი, 5 ოქტომბერი. სატელეგრაფო კავშირი ჩვენს ქალაქსა და თბილისს შორის მთლიანად გაიხსნა".
1860 წლის 6 ივნისს გენერალ-ადიუტანტმა თავადმა გრ.ორბელიანმა დაამტკიცა "დებულება ელექტრო-მაგნიტური ტელეგრაფისა თბილისიდან ფოთამდე განშტოებით ბორჯომში და კოჯორში".
არქივში ეს დოკუმენტი ხელნაწერის სახით არის შემონახული. დებულების ცალკეულ პუნქტს გაკეთებული აქვს შენიშვნები, რომლებიც თვით გრიგოლ ორბელიანს ეკუთვნის. შენიშვნების ავტორი ზედმიწევნით კარგად იცნობდა სხვა, მოქმედ დებულებას და სატელეგრაფო წესებს.
ელექტრომაგნიტური ტელეგრაფის დებულება სრულად მიგვანიშნებს იმაზე, რომ ტელეგრაფი საქართველოში გათვალისწინებული იყო არა მარტო ადმინისტრაციული, არამედ მოსახლეობის ფართო ფენების სარგებლობისათვის.
აღნიშნული დებულება შეიცავდა იმ ძირითად მიმართულებას, რომლის საფუძველზეც უნდა ჩამოყალიბებულიყო უფრო კონკრეტული, პრაქტიკულად გამოსაყენებელი ტელეგრაფით სარგებლობის წესები.
თბილის-ფოთის ტელეგრაფის დებულება გრ.ორბელიანმა 10 ივნისს გადაუგზავნა გზათა მიმოსვლის VIII ოლქის მმართველობას, რომელსაც დაავალა დებულების მიხედვით შეედგინა ტელეგრაფის ექსპლუატაციის წესების ინსტრუქცია და ყველა ტელეგრაფის სადგურების უფროსებისთვის დაეგზავნა სახელმძღვანელოდ.
ამ მიმართვას თან ერთვის გამგზავნის პირადი ხელმოწერა - "გენერალ-ადიუტანტი თავადი ორბელიანი".
გრიგოლ ორბელიანმა კოჯორში 12 ივლისს დაამტკიცა აგრეთვე ტელეგრაფის სადგურების უფროსებისა და მთავარი მექანიკოსებისთვის ყოველწლიური დამატებითი სასადილო ხარჯები 280 და 140 მანეთის რაოდენობით.
თბილისი - ვლადიკავკაზი
გრიგოლ ორბელიანი ავალებს გზათა მიმოსვლის VIII ოლქის უფროსს გენერალ-მაიორ ალბრანდს, ხელი მოაწეროს კონტრაქტს გერმანიის ქვეშევრდომ ვალტერ სიმენსთან.
კონტრაქტის თანახმად თბილის-სტავროპოლის ხაზი გაივლიდა ვლადიკავკაზზე, ნალჩიკსა და პიატიგორსკზე. ვადა საკმაოდ შეზღუდული იყო და სიმენსის კომპანიამ დაუყოვნებლივ დაიწყო სამუშაოები მთელ ტრასაზე.
ერთ დღეს, შუადღისას გრიგოლს მოახსენეს, დუშელები ჩამოვიდნენ და თქვენი ნახვა უნდათო. სამნი იყვნენ, მოწიწებით მიესალმნენ გენერალს. მან სავარძლებისკენ მიუთითა, ისინი კი მაინც ფეხზე იდგნენ.
თვითონ წამოდგა მაშინ გრიგოლი, ახლოს მივიდა, ერთს მხარზე ხელი დაადო.
- ჩამოჯექით, მიამბეთ, რა გაგჭირვებიათ.
დუშელები სავარძლებზე მოუხერხებლად დასხდნენ, ერთმანეთს გადახედეს. ბოლოს, მაღალმა ბრგე ვაჟკაცმა გრიგოლს შეხედა და მორიდებით უთხრა:
- თქვენო აღმატებულებავ, გუშინ დუშეთში კრება მოვიწვიეთ, ბევრი ვიმსჯელეთ და ვიკამათეთ, მერე კი გადავწყვიტეთ, თქვენთან ჩამოსულიყავით. დიდი თხოვნა გვაქვს, გენერალო, და თუ ანგარიშს გაგვიწევთ, მადლობის მეტი რა გვეთქმის.
- რაშია საქმე.
- თქვენი ჭირიმე, გვინდა ნამდვილად გავიგოთ, თბილისიდან რომ უღელტეხილისკენ ბოძებს აყენებენ, მართლაც ტელეგრაფი გაჰყავთ ვლადიკავკაზისკენ? ამბობენ, ვლადიკავკაზიდან მავთულს მერე სტავროპოლსაც შეუერთებენო.
გენერალი გააკვირვა დუშელების თბილის-სტავროპოლის ტელეგრაფის მშენებლობით დაინტერესებამ.
- ზუსტად შეგიტყვიათ, მაგრამ, თქვენ რა?
ისევ იმ პირველმა უპასუხა:
- თუ არა თქვენ, აბა, ვინ იცის, რა შორს დადიან სავაჭროდ ჩვენებურები. თბილისი და ვლადიკავკაზი რა არის, სტავროპოლშიც ჩადიან და რუსეთის სხვა ქალაქებშიც და ჩვენზე ძალიან ვის უნდა გაიგოს, სად როგორ ფასობს საქონელი, სად ღირს წასვლა, ანდა სახლში ხომ გინდა, დროზე შეატყობინო ამბავი შორს გამგზავრებულმა კაცმა. რა იქნება, რომ ტელეგრაფის სადგური დუშეთშიც მოეწყოს. ამაზე გვქონდა თათბირი. ხალხმა თქვა, ეს კარგი საქმე იქნებაო. დაგვეხმარეთ ტელეგრაფის გაყვანაში და ჩვენი მხრივ ხელს შევუწყობთ საქმეს, 350 მანეთი უკვე შევაგროვეთ და, როცა საჭირო იქნება, მოგართმევთ კიდეც.
- ისიც დაადგინა კრებამ, - დაუმატა მეორემ - ტელეგრაფის სადგურისთვის ოთახებს გამოვყოფთ დუშეთის ცენტრში, სასტუმროს შენობაში, ავეჯსაც შევიძენთ.
ესიამოვნა გრიგოლს, რომ გლეხებმაც კარგად გაიგეს ტელეგრაფის მნიშვნელობა. დოინჯშემოყრილი ფართო კაბინეტში ნელის ნაბიჯით მიმოდიოდა.
- კარგი ჰქენით რომ ჩამოხვედით. მე ვიწონებ დუშეთში ტელეგრაფის სადგურის მოწყობას, მხოლოდ ახლა ბერლინში უნდა შევიტყოთ, რა ხარჯების გაღება იქნება საჭირო.
- ბერლინს რა ესაქმება ჩვენთან?
- იქაური სპეციალისტი სიმენსი თაოსნობს მშენებლობას. ჯერჯერობით ჩვენში ცოტა გვყავს ამ საქმის მცოდნე, მაგრამ ცოტა ხანიც და ჩვენ საკუთარი ძალებით გავიყვანთ საქართველოს ყველა კუთხეში ტელეგრაფს. მაშ ასე, თქვენ დაბრუნდით და გადაეცით ხალხს, რომ მე თანახმა ვარ, დანარჩენს ყველაფერს შეგატყობინებთ.
დუშელებს მეტი რა დარჩენოდათ, რომ გენერლისთვის მადლობა ეთქვათ.
- როცა დუშეთში გზა გავიყვანეთ, თქვენ მაშინ ამობრძანდით და გზა გახსენით. იქნებ კიდევ გვესტუმროთ, როცა ტელეგრაფის სადგური ამუშავდება, თქვენო მაღალკეთილშობილებავ.
გრიგოლს ესიამოვნა ნათქვამი. პირობა მისცა.
როცა გლეხები გავიდნენ, ის ისევ მივიდა რუკასთან.
"ამ მამაძაღლმა დუშელებმა ახალი საფიქრებელი არ გამიჩინეს!" - გაუელვა თავში.
მართლაც, საჭირო გახდა თბილისიდან ბერლინში წერილის გაგზავნა იმაზე, თუ რა დაჯდებოდა დუშეთში ტელეგრაფის ხაზის მიყვანა და აქ სადგურში ტელეგრაფის აპარატების მოწყობა. როგორც გამოირკვა, აპარატურის შესაქმნელად და ხაზის ასაგებად საჭირო იყო 700 მანეთი - გრიგოლ ორბელიანმა დამატებით 400 მანეთის გამოყოფა დაავალა სახელმწიფო ხაზინას. დუშეთისკენ დაიწყო ტელეგრაფის ხაზის გაყვანა.
თბილისიდან ვლადიკავკაზამდე ტელეგრაფის ხაზის გაყვანა 1862 წლის 28 ოქტომბერს დამთავრდა და თბილისმა და ვლადიკავკაზმა პირველი დეპეშები გაცვალეს ერთმანეთთან. ვლადიკავკავსა და პიატიგორსკს შორის დეპეშების გაცვლა დაიწყო 18 ნოემბერს, ხოლო თბილისიდან სტავროპოლში დეპეშების გადაცემა - 1863 წლის 12 იანვარს.
"საქართველოს მოამბის" რედაქცია...
ილია ჭავჭავაძე გულმოდგინედ კითხულობს გაზეთში დასაბეჭდ მასალებს.
თანამშრომელმა რედაქტორს უკანასკნელი მასალა შემოუტანა, რომელიც ნომერში გასაშვებად ჰქონდა გათვალისწინებული, მაგრამ არ იცოდა, დასთანხმდებოდა თუ არა ამაზე რედაქტორი.
- ბატონო ილია, მაპატიეთ, რომ გაწუხებთ. საინტერესო ცნობაა, შეიძლება ნომერში დავბეჭდოთ. დღეს თბილისში მიღებულია პირველი დეპეშა სტავროპოლიდან. ასე რომ, გრიგოლ ორბელიანის მიერ წამოწყებული საქმე კარგად დაბოლოვდა. იქნებ მივცეთ ამის შესახებ რამდენიმე სტრიქონი.
ილია დაფიქრდა, თანამშრომელს შეხედა.
- ამით არ უნდა დამთავრდეს ყველაფერი. სტავროპოლიდან ტელეგრაფის მავთული ჩრდილოეთით პეტერბურგისკენ უნდა გაგრძელდეს, თუ თბილისმა პეტერბურგთან გაცვალა დეპეშები, ეს უკვე საშვილიშვილო საქმე იქნება.
- სწორედ ამაზე ლაპარაკობენ, ბატონო ილია. სტავროპოლს როსტოვს შეუერთებენ.
"საქართველოს მოამბემ" ასეთი ინფორმაცია გამოაქვეყნა:
"ამ წლის იანვრის თვეში გაათავეს გაბმა ტელეგრაფის ხაზისა თბილისის და სტავროპოლის შიგა. ამბობენ, რომ წელსვე მიიტანენ ამ მავთულს როსტოვის ქალაქამდე, რომელიც შეერთებულია პეტერბურგთან ტელეგრაფით. ამნაირად ჩვენი ქალაქი შეერთებული იქნება ტელეგრაფით ევროპის ყველა დედაქალაქებთან, ამას რასაკვირველია, ჩვენს ქვეყნის სარგებლობაზე მოქმედება ექნება, რადგან ტელეგრაფი გააადვილებს ამბების გადაცემას, რომელსაც მნიშვნელობა აქვს ნამეტნავად სავაჭრო საქმეებისათვის".
თბილისი - პეტერბურგი
თბილის-სტავროპოლის ტელეგრაფის ამუშავებისთანავე გენერალ-ადიუტანტი თავადი გრიგოლ ორბელიანი აყენებს სტავროპოლის რუსეთის ძირითად ქსელთან შეერთების საკითხს, რათა თბილისიდან გადაცემულიყო დეპეშები პეტერბურგში. 1863 წლის ივლისში თბილისმა უშუალოდ დაიწყო დეპეშების გადაცემა პეტერბურგში.
დასრულდა ის უდიდესი ტექნიკური ღონისძიება, რომელიც გრიგოლ ორბელიანის უშუალო ხელმძღვანელობით ჩატარდა. ძნელია ჩამოითვალოს თბილის-სტავროპოლის ტელეგრაფის მშენებლობის ყოველი დეტალი, რაც გრიგოლ ორბელიანის სახელს უკავშირდება. ყოველი განკარგულება, მითითება, გადაწყვეტილება ტელეგრაფის ხაზის მშენებლობის პროცესში დაკავშირებული იყო სახელოვანი ქართველი პოეტის სახელთან.
1863 წლის 29 აგვისტოს გაზეთ "კავკაზის" 67-ე ნომერში გამოქვეყნდა ცნობა: "გაზეთ "კავკაზის" რედაქცია სიამოვნებით ატყობინებს თავის მუდმივ მკითხველებს, რომ ამ ნომრიდან ჩვენს გაზეთში დაიწყება ბეჭდვა ყველა მნიშვნელოვანი სიახლისა, რომლებსაც ტელეგრაფით მივიღებთ პეტერბურგიდან. ამგვარად, ჩვენს მკითხველებს ეს სიახლეები ეცოდინებათ 8 ან 9 დღით ადრე, ვიდრე ექსტრა-ფოსტით გაზეთებს მივიღებთ".
* * *
გრიგოლ ორბელიანის მიერ საქართველოში დაწყებული სატელეგრაფო ხაზების მშენებლობა შემდგომ წლებშიც გაგრძელდა. ვალტერ სიმენსმა 1865 წელს ტელეგრაფით თბილისი თეირანს დააკავშირა, ამ ქალაქიდან კი დეპეშებმა "გზა გააგრძელეს" ინდოეთის ქალაქ კალკუტამდე. 1868 წელს თბილისი ტელეგრაფით ბაქოს შეუერთდა.
სწორად უთქვამს აკაკი წერეთელს, რომ ორბელიანის სახელი "საუკუნეების შემდეგ კიდევ უფრო გაიზრდება და ამაღლდება, მომავალი დრო და თაობა გონების თვალით შეხედავს გრიგოლ ორბელიანს, როგორც ღირსეულ მამულიშვილს, რომლის სამარე ქაშუეთის ეკლესიის ცივი მიწა კი არ არის, არამედ ქართველი კაცის ნათელი და მხურვალე გულია".
გრიგოლ ორბელიანი ამბობდა:
"ძველთ უძველესი არს ესე წესი:
რაც ვერ ჰქმნან მამათ,
ისი ჰქმნან შვილთა".
This post has been edited by LIKA-KHATIA on 18 Dec 2009, 18:18
--------------------
Big Kitten is watching You !!!
|