,,საქართველოს რკინიგზამ” დაიწყო რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის განხორციელება. პროექტის ძირითადი მიზნებია:
- მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
- გამტარუნარიანობის გაზრდა;
- მგზავრობის დროის შემცირება (ბათუმი-თბილისი 3 საათი).
აღნიშნული მიზნების მისაღწევად, პროექტის ფარგლებში განხორციელდება არსებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის სრული მოდერნიზაცია. მთავარ ხაზზე განახლდება და კაპიტალურად შეკეთდება სარკინიგზო ლიანდაგი, ელექტრომომარაგების სისტემები, სარკინიგზო ნაგებობები, ხიდები, გზაგამტარები და გვირაბები. უღელტეხილის მონაკვეთზე აშენდება სრულიად ახალი სარკინიგზო ხაზი, მათ შორის 10 კილომეტრამდე სიგრძის ახალი სარკინიგზო გვირაბი. დაინერგება თანამედროვე სიგნალიზაციისა და დისპეჩერიზაციის სისტემები.
პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებასა და პირველად სამშენებლო პროექტს, რკინიგზის დაკვეთით ასრულებს ფრანგულ-ქართული კონსორციუმი, საფრანგეთის ნაციონალური რკინიგზის შვილობილი კომპანია SYSTRA-ს ხელმძღვანელობით. 2010 წლის 31 მაისს სამშენებლო სამუშაოები დაიწყო სადგურ ”მახინჯაურიდან”.
სამშენებლო სამუშაოები პირობითად ორ ნაწილადაა დაყოფილი. ერთ ნაწილს, რომელიც მოიცავს სარკინიგზო ლიანდაგისა და ელექტომომარაგების სისტემების განახლებას, რკინიგზა შეასრულებს საკუთარი ძალებით. ამ სამუშაოებისათვის საჭირო მასალებისა და ტექნიკის შესაძენად საქართველოს რკინიგზამ უკვე 150 მილიონი ლარის დაკვეთა მისცა ქართულ ქარხნებსა და საწარმოებს.
მეორე ნაწილს, რომელიც გულისხმობს ახალი სარკინიგზო მიწის ვაკისის, სარკინიგზოს გვირაბების, სარკინიგზო ხიდებისა და სხვა რთული საინჟინრო ნაგებობების მშენებლობას, ”საქართველოს რკინიგზა” განახორციელებს საერთაშორისო ტენდერებზე შერჩეული, მაღალკვალიფიციური სამშენებლო კომპანიების მეშვეობით. ამ მიზნებისათვის ”საქართველოს რკინიგზამ” უკვე გამოაცხადა უღელტეხილის მონაკვეთზე (ხაშური-ხარაგაული), ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებელი კომპანიის გამოსავლენი ტენდერის შესარჩევი, საკვალიფიკაციო ეტაპი. ამ მონაკვეთის სავარაუდო ღირებულება 250 მილიონ შვეიცარულ ფრანკს შეადგენს.
პროექტი მთლიანობაში დასრულდება 2013 წელს.
http://www.railway.ge/?web=0&action=page&p_id=244&lang=geo