მართლმადიდებელთა კავშირი იუსტიციის სახლის დაზიანებას ღვთის რისხვას უკავშირებს
19:03 03.12.2013
როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელმა ზაზა ნანობაშვილმა "პირWელთან" საუბრისას აღნიშნა, აზრობრივად და იდეურად იუსტიციის სახლი ქართული სახელმწიფოს ინტერესებში არ ჯდება.
მისივე თქმით, "ამ სახლის ირგვლივ რაღაცები არასწორად ხდება, რადგან ღვთის სახლები საუკუნეების განმავლობაში არ ინგრევა და იუსტიციის სახლი 2-წლიანი არსებობის მანძილზე უკვე სამჯერ დაინგრა".
ამასთან, ნანობაშვილი მიიჩნევს, რომ იუსტიციის სახლში ჭერის ჩამონგრევა შესაძლოა, 2 დღის წინანდელ ფაქტს უკავშირდებოდეს, როდესაც შენობასთან განლაგებული ხატები დაცვის თანამშრომლებმა გაწიეს და ალტერნატიული პირადობის მოწმობების მოთხოვნით მიმდინარე სადღეღამისო აქციის მონაწილეებს ხელი შეუშალეს.
"ამ სიცივეში იყინება ხალხი ალტერნატიული პირადობის მოწმობების დაშვების მოთხოვნით და არაფერი შემთხვევით არ ხდება. მინისტრი უნდა მობრძანებულიყო, ველოდებოდით და ასე უცბად მოხდა ყველაფერი. ხატებსაც მოკიდეს 2 დღის წინ ხელი, ვითომ ფანჯრებს წმენდნენ და უნდა გადაეტანათ. გასაგებია რომ ქარია, მაგრამ ღვთის სახლები არსებობს და არის იუსტიციის სახლებიც. ღვთის სახლები საუკუნეები არ ინგრევა და იუსტიციის სახლი რაც დაიდგა, 2 წელიწადში უკვე სამჯერ დაინგრა. რატომღაც არ არის ქართული ერის ნების და ინტერესების გამომხატველი ეს სახლი. შინაგანად, გარეგანად, არქიტექტურულად და ვიზუალურად არ არის სწორი ნაგებობა და შემთხვევით არ ხდება, რომ ყოველი ქარის დროს ამ იუსტიციის სახლს ეხდება სახურავი", - განაცხადა ნანობაშვილმა.
მისივე თქმით, თბილისის იუსტიციის სახლთან ალტერნატიული პირადობის მოწმობების დაშვების მოთხოვნით, სადღეღამისო საპროტესტო აქციები გაგრძელდება.
"სანამ ხალხის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ვაგრძელებთ პერმანენტულ აქციას, შენობის გვერდით გადმოვინაცვლებთ და ჩვენი მოთხოვნაც ძალაშია. იქნებ თვითონაც მიინიშნონ, რომ ადამიანები არ შეიძლება ასე გარიყული და ასეთ ყოფაში ჰყავდეთ. შემოსასვლელში დაენარცხა ეს ჭერი. ერთხელ რომ დაინგრა, ხომ შეიძლებოდა კონსტრუქცია დაეხვეწათ და უფრო მყარად გაეკეთებინათ?!"- დასძინა ნანობაშვილმა.