
თბილისის მერია დედაქალაქის ერთ-ერთი ისტორიული ნაწილის ლეღვთახევის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტს იწყებს.
ძველი თბილისი, მისთვის დამახასიათებელი მნიშვნელოვანი არქიტექტურულ-ურბანული და ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის გარდა, ინდივიდუალური ლანდშაფტური არქიტექტურით გამოირჩევა.
ასეთი ლანდშაფტური არქიტექტურის ძეგლია: ლეღვთახევი, რომელიც ძველი ქალაქის შუაგულში ჭრელი აბანოების უკან მდებარეობს და როგორც საარქივო ფონდში არსებულ დოკუმენტებში და ფოტოებშია აღბეჭდილი, წინა სააუკუნეებში საკმაოდ აქტიურად იყო ჩართული ძველი ქალაქის ცხოვრებაში.
ლეღვთახევის რეაბილიტაციის პროგრამის კონცეპტუალური იდეის მთავარი მიზანი, ამ უნიკალური გარემოს ძველი ქალაქის განუყოფელ ნაწილად ქცევაა.
მნიშვნელოვანია აღნიშნული ტერიტორიისთვის რეკრეაციული ხასიათის მინიჭება, დასასვენებელი ადგილებისა და მდინარეზე მცირე ზომის ხიდების მოწყობა, რაც გააადვილებს ქვედა ჩანჩქერამდე მისვლას და ხევის მხრიდან კლდეზე გადმოკიდებული სახლების დათვალიერებას. ყოველივე ეს კი თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს შესაძლებლობას მისცემს ქალაქიდან გაუსვლელად, ცენტრალურ უბანში უნიკალურ კლიმატურ პირობებში დაისვენონ და ის არქიტექტურული დეტალები დაათვალიერონ, რომელიც ჯერ კიდევ შემორჩენილია ამ მიდამოებში (თიხის წყალსადენი მილების ნარჩენები, აგურისა და ქვის კედლები და ა.შ.).
ლეღვთახევზე გადმოკიდებულ სახლებში, მერიის პროგრამით სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რაც შესაძლებლობას ქმნის იქ საოჯახო სასტუმროები და რესტორნები მოეწყოს. შესაბამისი საპროექტო და სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შემდეგ, ლეღვთახევი მრავალფუნქციური უბანი გახდება, მოეწყობა მცირე ავტოსადგომი, კაფეები და დასასვენებელი ადგილები.
ლეღვთახევში სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, თბილისელები და მისი სტუმრები ძველ თბილისში ულამაზეს დასასვენებელ ადგილს მიიღებენ.
http://www.tbilisi.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=5285