„თბილისის კარიბჭის“ მშენებლობა ვადაზე ადრე დასრულდება
კომპლექსის ტერიტორიაზე სამი თორმეტსართულიანი მინის შენობა აიგება
commersant.ge
თბილისის შემოსასვლელში მშენებარე მასშტაბური მრავალფუნქციური კომპლექსის „თბილისის კარიბჭის“ მშენებლობა ვადაზე ადრე დასრულდება. ამის შესახებ კომპლექსის მშენებარე კომპანიის „საიმონის“ ხელმძღვანელი ნატალია კვანტალიანი commersant.ge–სთან საუბარში აცხადებს. მისი თქმით, მშენებლობის დასრულება 2013 წლისთვის იგეგმებოდა, მაგრამ „თბილისის კარიბჭე“ უკვე მომავალი წლის გაზაფხულზე შევა ექსპლუატაციაში. მიზეზი კი ისაა, რომ ნატა კვანტალიანის განცხადებით, „საიმონი“ ინვესტიციების მოზიდვას შეფერხებების გარეშე აგრძელებს, ამასთანავე კონტრაქტორი სამშენებლო კომპანიაც შეუფერხებლად მუშაობს.
მისი თქმით, ამ დროისათვის მშენებლობა 10 ათას კვ. მეტრ ფართობზე მიმდინარეობს, თუმცა განაშენიანების შემდეგ „თბილისის კარიბჭის“ სრული მოცულობა 70 ათასი კვ. მეტრი იქნება. ამ ეტაპზე შესრულებული სამუშაოების საინვესტიციო ღირებულება 6 მილიონი ლარია, რომელიც ნატა კვანტალიანის განმარტებით, მშენებლობის დასრულებამდე რამდენჯერმე გაიზრდება. შეგახსენებთ, „თბილისის კარიბჭის“ პროექტის თანახმად, კომპლექსის ტერიტორიაზე სამი თორმეტსართულიანი მინის შენობა აშენდება, რომლებიც ერთმანეთს გადაბმული „პიედესტალებით“ დაუკავშირდება. ობიექტში სასტუმრო–საცხოვრებელი კომპლექსი, სავაჭრო ცენტრები, საოფისე ფართები, კაფე-ბარები და რესტორნები განთავსდება. გამწვანდება სავაჭრო ცენტრის ეზო და მოეწყობა 250 მანქანისათვის გათვალისწინებული პარკირების ადგილი.

თუ გახსოვთ ადრე დავფოსტე ამ პროექტზე,რა შენდება მეთქი, და ეხლაც დაგისვამთ კითხვას ვინმეს მაკეტი ხომ არ გაქვთ(სურათი)