გარემოს დაცვა, ეკოლოგიური უსაფრთხოება, ბუნებრივი რესურსების შენარჩუნება და აღდგენა – განიხილება არა მხოლოდ მიმდინარე საკითხებთან ერთობლიობაში, არამედ მომავალი თაობების უფლებების გათვალისწინებით - სრულად გამოიყენონ ბუნებრივი რესურსების პოტენციალი M(მდგრადი განვითარების ფუნდამენტური პრინციპი)“ - თბილისი (დედაქალაქის) პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმა. თავი VI ლანდშაფტურ-ეკოლოგიური გარემოს დაცვა და განვითარება. 2009 წლის 5 ივნისი.
“ამხელა მშენებლობა ქალაქის მასშტაბით წინა საუკუნეშიც კი არ ყოფილა.” მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი, გიორგი ლიპარტია, ასეთი კომენტარით იწყებს საუბარს ჟურნალ „ლიბერალში“ რამოდენიმე თვის წინ გმირთა მოედანსა და თამარაშვილის გამზირის შემაერთებელი მაგისტრალის მშენებლობის შესახებ. მოგეხსენებათ მაგისტრალი მდინარე ვერეს ხეობაში გადის და არც მზიურის ტერიტორიას უქცევს გვერდს. მისი ძირითადი მიზანი, როგორც მერიის წარმომადგენლები გვისაბუთებენ, თბილისის ორი უბნის - ვაკის და საბურთალოს სატრანსპორტო ნაკადების გადანაწილება და ამ უბნებში მოძრაობის განტვირთვა არის.
პროექტი ნებისმიერი თვალსაზრისით მართლაც ძალზედ მნიშვნელოვანია, იმისგან დამოუკიდებლად გაამართლებს თუ არა იგი საკუთარ თავზე დაკისრებულ მოვალეობას. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „საქგზა მეცნიერება“ და შპს „კაუკასუს როად პროჯექტი“ ახორციელებს. შეიძლება ითქვას, რომ ამაზე მეტი ბევრი არც არაფერია ცნობილი პროექტის შესახებ.
საჯაროობა ალბათ პირველია იმ მიზეზთა შორის, რომელიც პროექტის მიმართ ადამიანთა გარკვეული ჯგუფის უკმაყოფილებას იწვევს. ეს უკმაყოფილება განსაკუთრებით მაშინ იზრდება, როდესაც არაოფიციალური თუ ოფიციალური წყაროებიდან ვიგებთ, რომ სამუშაოები 80 მილიონ ლარამდე ჯდება. თანხა, რომელიც თავიდან ბოლომდე ჩვენი გადასახადებისაგან შედგება. უნდა აღინიშნოს, რომ არათუ ქართული მედია საშუალებები, თვით მერიის ოფიციალური ვებ გვერდიც კი ვერაფერ არსებითს ვერ გვეუბნება პროექტის დეტალების შესახებ, თუ რაიმეს გვეუბნება საერთოდ. მაგისტრალის შესახებ ერთ-ერთ სიუჟეტში გიორგი ლიპარტია ამბობს, რომ პროექტის განთავსება მერიის ვებ გვერდზე იმიტომ ვერ ხერხდება, რომ იგი მოცულობით ძალზედ დიდია(!!!). არამგონია, რომ ამ ტიპის არგუმენტს ოდნავ მაინც დამაჯერებლობის იერი დაკრავდეს, მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ სხვა იმ მასალების მოცულობას რაც მერიას აქვს განთავსებული საკუთარ გვერდზე. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ არაერთი მოთხოვნის და ოფიციალური წერილის მიუხედავად ვერცერთმა სუბიექტმა (ძირითადად არასამთავრობო სექტორიდან) ვერ მიიღო მაგისტრალის პროექტი, მას შემდეგ რაც მათ მერიას ოფიციალური წერილით მიმართეს.
კითხვებს აჩენს პროექტის და მისი განხორციელების სამართლებრივი მხარეც. 2009 წლის ივნისის პირველ კვირაში პროექტის პრეზენტაცია მოეწყო და იგი ფაქტიურად ისე იქნა წარმოჩენილი, რომ ყველანაირი სამართლებრივი პროცედურა გავლილი ჰქონდა და პროექტიც დამტკიცებული იყო (ალბათ ალოგიკურიცაა დაუმტკიცებელი პროექტის პრეზენტაცია). გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ გარემოზე ზემოქმედების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად პროექტის დამტკიცების პროცესს მინიმუმ (!) 80 დღე სჭირდება. 80 დღის განმავლობაში უნდა შედგეს გარემოზე ზემოქმედების ანგარიში, რასაც ანგარიშის მედიაში წარდგენა უნდა სდევდეს, რისი ძირითადი მიზანიც არის საზოგადოების წევრებისაგან შენიშვნების მიღება 45 დღის მანძილზე და მათი შეძლებისდაგვარად გათვალისწინება. აღსანიშნავია, რომ ანგარიშის გამზადებიდან 45-60 დღეში უნდა მოეწყოს პროექტის საჯარო განხილვა იმ რაიონის ადმინისტრაციულ ცენტრში, რომელშიც იგეგმება მისი განხორციელება. შეგახსენებთ, რომ ტენდერი 8 მაისს გამოცხადდა (მიუხედავად იმისა, არც ტენდერის დეტალების ან მცირედი ინფორმაციის მოპოვება არის შესაძლებელი მერიის ოფიციალური ვებ გვერდის მეშვეობით, არადა სხვა პროექტები და ტენდერები ძალზედ დეტალურად არის მოცემული).
გარემოზე ზემოქმედების ანგარიში არ გამოქვეყნებულა მედიაში, რომ არაფერი ვთქვათ საჯარო დებატებზე რომელიც ასეთი მნიშვნელობის პროექტის განხორციელების არაერთხელ უნდა მოეწყოს. მერიის ოფიციალური ვებ გვერდი არ იძლევა არანაირ ინფორმაციას მაგისტრალზე ჩატარებული ტენდერის შესახებ, ასევე შეუძლებელია მოიძიოთ ერთი სურათი მაინც, რომელიც მაგისტრალის მაკეტს და პროექტის დეტალებს გვიჩვენებს. სახეზეა აშკარა კანონდარღვევა, რომლის მიუხედავად მაგისტრალის მშენებლობა და ქალაქის მწვანე საფარის განადგურება აქტიურად მიმდინარეობს. შეიძლება ითქვას, რომ დებატების და საჯარო განხილვის არ მოწყობა, მხოლოდ ერთ-ერთი კანონდარღვევაა გარემოზე ზემოქმედების კანონიდან გამომდინარე, რომელიც სამუშაოების განმავლობაში იქნა დაშვებული.
სამართლებრივ მხარესთან ერთად მიუღებელია ქალაქის სატრანსპორტო ქსელში წარმოშობილი სირთულეების მოგვარების ხერხი, რომელიც ამ შემთხვევაში ახალი გზის მშენებლობაა. ცნობილია, რომ (და ამას არაერთ სახელმძღვანელოს, სტატიასა თუ ოფიციალურ დოკუმენტში შევხვდებით, რომელიც ქალაქების და ტრანსპორტის გეოგრაფიას ან მის დაგეგმარებას ეხება) გზების მშენებლობის ტემპი ვერასოდეს ვერ დაეწევა, გაუსწრებს ან თუნდაც გაუთანაბრდება ქალაქში მოტორიზაციის დონის ზრდას - ანუ მანქანების რაოდენობა უფრო მალე იზრდება, ვიდრე მათთვის საჭირო გზები. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ თბილისში მოტორიზაციის დონე ოდნავ აჭარბებს 100 ავტომობილს 1000 მოსახლეზე, რაც უაღრესად დაბალი მაჩვენებელია აღმოსავლეთი ევროპის მასშტაბითაც კი, რომ არაფერი არ ვთქვათ დასავლეთ ევროპის ქალაქებზე, სადაც ავტომობილიზაციის დონე 400-500 ავტომობილს აღწევს 1000 მოსახლებზე და ზოგგან ბევრად მეტსაც კი. დასკვნა - გადატვირთული მოძრაობა ჭარბ ავტომობილთა არსებობით კი არ არის განპირობებული, არამედ სხვა მიზეზებით გაუმართავი სატრანსპორტო ქსელი, არადისციპლინირებული მძღოლები და ფეხითმოსიარულენი და სხვა. შესაბამისად სატრაპონსპორტო პრობლემების გადაჭრისას სხვა ხერხები უნდა იყოს გამოყენებული.
ამ ყველაფერს ისიც უნდა დაემტოს, რომ ქალაქის მერია უბრალოდ ვალდებულია თბილისში არსებული პრობლემების გადაჭრისას მდგრადი განვითარების იდეით მიუდგეს ნებისმიერ საკითხს და თითეული პრობლემა ამ ჭრილში იქნას განხილული, იმის მაგივრად, რომ პრობლემის მოკლევადიანი გადაწყვეთით იყვნენ დაკავებულენი. მაგისტრალის მშენებლობით სატრანსპორტო სირთულეების გადაჭრა კი ზუსტად არამდგრადი და მოკლე ვადებზე ორიენტირებული მიდგომაა.
როგორც პროექტის ავტორები აღნიშნავენ, ახალ მაგისტრალზე გადანაწილდება ზემოთ ნახსენებ ორ უბანში არსებული სატრანსპორტო ნაკადები. ასეთი დასკვნის გასაკეთებლად აუცილებელია ამ მონაკვეთზე სატრანსპორტო ნაკადების მოდელის შექმნა, რომელიც იქნება ერთ-ერთი ძირითადი საფუძველი გადაწყვეტილებების მისაღებად. მოდელირება აჩვენებს იმ მიზეზებს, რაც მოძრაობას აფერხებს ორივე უბნის ცენტრალურ ქუჩებზე. პროექტის პრეზენტაციაზე ითქვა, რომ დათვლილია ორივე უბანში ან მის გავლით მიმავალ ავტომობილთა რაოდენობა, მაგრამ ამის მიუხედავად, ის არც პრეზენტაციის დროს დასახელებულა და ვერც მერიის საიტზე მოიძიებთ.
თუ, გადატვირთული მოძრაობის ძირითადი გამომწვევი მიზეზი არის კონსტანტინე გამსახურდიას გამზირის, ბახტრიონის ქუჩის, გაგარინის მოედნის, კანდელაკის ქუჩის დასაწყისის, კოსტავას ან თუნდაც შარტავას ქუჩისაკენ მიმავალი ავტომობილების ჭარბი ნაკადი, გასაგებია. რომ ახალი მაგისტრალი მაინცდამაინც დიდი წარმატებით ვერ გადაჭრის ამ პრობლემას, რადგან ნებისმიერი კუთხით გაუმართლებელი იქნება მძღოლისათვის, რომელიც თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთი ან აღმოსავლეთი მხრიდან მოდის, მის მარშრუტში ჩართოს გმირთა მოედნიდან თამარაშვილის ქუჩისაკენ მიმავალი მაგისტრალი და შემდეგ ამ მაგისტრალის გავლით მივიდეს დანიშნულების ადგილას, მაგ. შარტავას ქუჩის ბოლოში. მეტიც, მას არ ექნება იმისი გარანტია, რომ გამსახურდიას გამზირისგან თავის არიდების შემთხვევაში, მას საცობი სხვა მონაკვეთზე, მაგ. ყაზბეგის გამზირზე არ შეხვდება. შესაბამისად კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ეს საკითხი, ანუ რამდენად გამოიწვევს ნაკადების მნიშვნელოვანი ნაწილის გადამისამართებას გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელი მაგისტრალი. ასეთი მრავალი მაგალითის მოყვანა შეიძლება.
მზიურის პარკი თავდაპირველად რეკრეაცული დანიშნულების იყო და მის ტერიტორიაზე არსებული მწვანე საფარი ორი უბნის “ფილტვებს” წარმოადგენდა. ეს ტერიტორია მეტ-ნაკლებად ანეიტრალებდა გამონაბოლქვისაგან მიღებულ უარყოფით ზემოქმედებას ადამიანებსა და მათ საცხოვრებელ გარემოზე. რეკრეაციული ზონა ქალაქის ყველა მოსახლისათვის ღიაა და რეალურად ეს სივრცე წარმოადგენს ქალაქის ინკლუზიურ ტერიტორიას, სადაც მის ნებისმიერ მაცხოვრებელს შეეძლება გადაადგილება და დროის მისი სურვილისამებრ გატარება. რა იქნება მაგისტრალის აშენების შემთხვევაში? ინკლუზიურობა საფრთხის ქვეშ დგება. ვინაიდან ამ ტერიტორიაზე გაივლის სატრანსპორტო ნაკადის გარკვეული ნაწილი, ის გამოიწვევს ჰაერის დაბინძურებას, რომელიც ნამდვილად არ უნდა ხდებოდეს დასასვენებელ პარკში, სადაც ადამიანები სუფთა ჰაერზე მოხვედრის მიზნით მიდიან. დაბინძურებულ ჰაერს ემატება ის დისკომფორტი, რაც ავტომობილების გადაადგილებით გამოწვეული ხმაურიდან იქნება. ვიღებთ სიტუაციას, როდესაც ქალაქის ერთ დროს რეკრეაციული, ღია, საზოგადოებრივი სივრცე ინკლუზიურიდან ექსკლუზიურ ხასიათს იძენს და მზიური მხოლოდ მათთვისაა “გამოსადეგი”, ვისაც საკუთარი ავტომობილით სწრაფად სურს გადაადგილება, დანარჩენი მოქალაქეები კი თამაშგარე მდგომარეობაში რჩებიან. თანამედროვე მსოფლიოს ურბანული გამოცდილება საპირისპიროს გვაჩვენებს და პირიქით ცდილობს რაც შეიძლება გახსნილი გახადოს ქალაქში არსებული სივრცეები, გაზარდოს მათი ინკლუზიურობის ხარისხი და ქალაქის რაც შეიძლება დიდი რაოდენობით მოსახლეობისათვის გახადოს ნებისმიერი სივრცე ხელმისაწვდომი. მსგავსება შეიძება მხოლოდ მექსიკის დედაქალაქ მეხიკოსთან იყოს, სადაც რამოდენიმე წლის წინ აშენდა ახალი მაგისტრალი Segundo Piso (მეორე სართული), რომლითაც ქალაქის მოსახლეობის 1%-ზე ნაკლები სარგებლობს. მის მშენებლობაზე რამოდენიმე ასეული მილიონი დოლარი დაიხარჯა.
აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიის წარმომადგენლები მაგისტრალის პროექტის „სიკარგეზე“ საუბრისას მუდამ მდინარე ვერეს დაბინძურებულობაზე მიგვითითებენ. იმ მწირ ინტერვიუბში, რაც მერიის თანამშრომლებმა ამ საკითხთან დაკავშირებით გააკეთეს, მუდამ აღნიშნავდნენ, რომ დღემდე მდინარე ვერე მუდამ ბინძურდებოდა სხვადასხვა საკანალიზაციო არხებითა და დაბინძურების სხვა წყაროებით, ხოლო მაგისტრალის მშენებლობის პროცესში კი ისინი ამ დაბინძურების წყაროების ლიკვიდაციას მოახდენენ და საკანალიზაციო სისტემსაც გამართავენ. გაუგებარია, რას აკეთებდა ქალაქის მთავრობა უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში და აუცილებელი იყო ახალი გზის მშენებლობა, რომ მდინარე ვერეს ხეობის სისუფთავზე ზრუნვ ადაეწყოთ?
სამწუხაროა, რომ თბილისელთა უმრავლესობა დუმილს ამჯობინებს და არც კი ინტერესდება პროექტის დეტალებით. მიზეზები: ნაწილი იწონებს პროექტს, ზოგიერთს უბრალოდ არ აინტერესებს თუ რა პროცესები ვითარდება იმ ქალაქში სადაც ის ცხოვრობს, ხოლო დანარჩენები შეიძლება უკმაყოფილოც კი არიან პროექტით და ძალიანაც შესტკივათ გული მზიურის გამო, მაგრამ უბრალოდ ეზარებათ ან სხვა მიზეზის გამო დუმილს ამჯობინებენ.
ვიმედოვნებთ, რომ თბილისელთა გარკვეული ნაწილი მაინც გააქტიურდება, გაიაზრებს იმას, რომ ქალაქის ყოველ მაცხოვრებელს აკისრია საკუთარ საცხოვრებელ სივრცეზე გარკვეული პასუხისმგებლობა და ეს სივრცე მისი ბინის ზღურბლზე არ მთავრდება და გარემოს დაბინძურებიდან მიღებული უარყოფითი ეფექტი მანქანიანზეც და უმანქანოზეც ერთნაირად იმოქმედებს და ამას საჯარო პროტესტით დააფიქსირებს. მათთან ერთად, სასურველი იქნება, რომ მერიის წარმომადგენლებმაც დაიწყონ საქალაქო პრობლემების მდგრადი განვითარების ჭრილში განხილვა, რაც მეტად წაადგება ქალაქს და ნაკლებ სამომავლო საფრთხეს წარმოქმნის (მაგ. ეკოლოგიურს).
ვფიქრობ, რომ ზემოთ მოყვანილი არგუმენტები მეტ–ნაკლებად იძლევა იმის საფუძველს, რომ გაიზარდოს დაინტერესება და კითხვის ნიშნების რაოდენობა პროექტის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალი “ლიბერალის“ ივნისის ნომერში, თამაზ შილაკაძე, ტენდერში გამარჯვებული კომპანიის “შპს საქგზა მეცნიერების” დირექტორი აცხადებს: “მანდ რომ გზა იქნება, ეჭვი არავის შეეპაროს და, ეკოლოგიურადაც რომ გამართლებული იქნება, არც ამაში დაეჭვდეს ვინმე”.
http://azrebi.ge/index.php?m=734&newsid=93