http://banksandfinance.ge/business/1877-caucasus.html"კავკასუს ონლაინმა" 5 ნოემბერს რებრენდინგის პრეზენტაცია გამართა. ახალი სერვისების პრეზენტაციის პომპეზური ცერემონია "თბილისი ივენთ ჰოლში" გაიმართა. IP ტექნოლოგიის სიკეთეებზეც 5 ნოემბრის პრეზენტაციაზე "კავკასუსის" შემქმნელის, მამია სანადირაძის ნაცვლად, კომპანიის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, გია ადეიშვილმა ისაუბრა:
"მიწისქვეშა ოპტიკური სადენი თითოეულ სახლთან მიდის. მომხმარებელი მიიღებს სწრაფ, ხარისხიან და სტაბილურ ინტერნეტს, ასევე IP ტელევიზიას მრავალფეროვანი ფუნქციებით და ისარგებლებენ IP ტელეფონით, რომელშიც ხმოვანი სიგნალის გადაცემა ციფრულად ხდება. მომხმარებელს მომსახურების მაქსიმალურ კომფორტს ვპირდებით", - განუმარტა ადეიშვილმა საკუთარ კლიენტებს, რომლებიც უკვე წლებია, უკმაყოფილონი არიან, "კავკასუსის" არასტაბილური ხარისხის მქონე ინტერნეტით.
გია ადეიშვილმა პრეზენტაციაზე ოპტიკური ინტერნეტის სადენი სიმბოლურად თბილისის მერთან ერთად შეაერთა.
“კავკასუს ონლაინი” მხოლოდ თბილისში, ბოჭკოვან მიწისქვეშა ინფრასტრუქტურაში 10–15 მილიონი დოლარის ინვესტიციას დებს.
თუმცა, ”კავკასუსის“ არასტაბილური ხარისხის მქონე ინტერნეტით უკმაყოფილო კლიენტები და არა მარტო ისინი, ახალი პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ.
„ალბათ შეამჩნევდით, რომ „კავკასუს ონლაინმა“ დაიწყო მთელი ქალაქის მაშტაბით მიწაში კაბელების ჩაყრა, ძალიან ბევრ ადგილას გათხარეს, კაბელები ჩაყარეს და ზემოდან ასფალტი რომ უნდა დაესხათ დაავიწყდათ, ძალიან შევწუხდი, მანქანით მოძრაობა ფაქტიურად შეუძლებელია კავკასუსის ამ სანგრებზე. ამის გარდა, ფეხითმოსიარულეც თავისუფლად შეიძლება გადაიჩეხოს აღნიშნულ თხრილებში და ორმოებში. ფეხითმოსიარულემ რომ ვერ შენიშნოს და ჩავარდეს ამ ორმოებში, მერე პასუხი ვის უნდა მოსთხოვოს? „კავკასუსი“ უმკურნალებს? თუ მერია შემიკეთებს დამტვრეულ მანქანას? ვიღაცამ პასუხი ხომ უნდა მოსთხოვოს მათ?“ - ასეთია კონპანიის საქმიანობით უქმაყოფილო მოქალაქეების პოზიცია.
სამწუხაროდ, ”კავკასუსი“ ნაკისრ ვალდებულებას არ ასრულებს და გადათხრილი ტროტუარები პირვანდელ მდგომარეობაში არ მოჰყავს. კონტროლის მექანიზმების ამოქმედებით კი არც მერია იწუხებს თავს, რაც განსაკუთრებით მძიმე კვალს ახლადდაგებულ ასფალტის საფარზე ტოვებს.
მართალია, მერიაში აღიარებენ, რომ ამ მხრივ დედაქალაქში მართლაც ცუდი მდგომარეობაა. თუმცა, იქვე დასძენენ, რომ ამ პრობლემის მოგვარება მათ კომპეტენციაში არ შედის.
შეგახსენებთ, რომ გზების მშენებლობას ხელისუფლება საგარეო ვალით ახორციელებს, მერე მოსახლეობის წინაშე თავს იწონებს, რომ ქვეყნის ეკონომიკა წინ მიდის და საქართველოში უამრავი რამ კეთდება. სპეციალისტების განცხადებით, ვალების აღება პრობლემა არ არის, თუ იგი უკუშედეგს მოიტანს. დაგებული ”ძვირადღირებული“ გზა, რომ მეორე წელს ისევ დასაგები და თავიდან გასაკეთებელია, პრობლემა სწორედ ესაა.
ექსპერტების პოზიციით, მოქმედი ხელისუფლების მემკვიდრეებს, ანუ 2013 წლის შემოდეგ სახელმწიფო ბიუჯეტს 10 მილიარდზე მეტი ვალი დარჩება და ყველაფერი იდ თავიდან გასაკეთებელი იქნება, რისთვისაც ამ ვალის აღება გადაწყდა.
ხელისუფლებამ თვითონ უნდა გათვალოს, რისი გადახდა შეუძლია და კრედიტის ხარჯვა რა მიმართულებით უნდა წარმართოს, კრედიტის აღებას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ მას ისე დახარჯავ, მისი გადახდაც გააზრებული იყოს და ქვეყანას დამატებითი შემოსავლებიც მოუტანოს.
თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ასეთი პროექტების განხორციელებისთვის გამართულ ტენდერებში, როგორც წესი, ის კომპანიები იმარჯვებენ, სადაც მთავრობას აქვს ინტერესი, გასაგებია, ასე ძვირი რატომ ჯდება აღნიშნული საგზაო ინფრასტრუქტურა.
პრობლემა ის არის, რომ, ერთის მხრივ, ეს თანხა იხარჯება ბიუჯეტიდან, მეორეს მხრივ, ეს არის სესხი, რაც ისევ ბიუჯეტს დააწვება ტვირთად. ამ ფონზე, ტროტუარები და შიდა გზები ”კავკასუსის“ მსგავსი მონოპოლისტი კომპანიების ინტერესების გამო, ფაქტობრივად, ნადგურდება, ანუ ხსენებული ფინანსური რესურსები წყალში გადაყრილია. თუ ასე გაგრძელდა, ერთ დღეს ვაშენეთ და მეორე დღეს დავანგრიეთ, გასაკეთებელი ყოველთვის ბევრი იქნება.
ნინო თამაზაშვილი