Fabianახლა ზუსტი რაოდენობა არც ვიცი, და არც არის, იმჰო, მნიშვნელოვანი. სხვა საკითხია, რა არის ეს ”სტალინისეული სტილი”.
ყველაზე დიდი კონცენტრაციის ადგილებია რუსთაველი, მელიქიშვილი, ჭავჭავაძე, გმირთა მოედანი და ტექნიკური უნივერსიტეტის კორპუსები, ხიდები. აღმაშენებელზე - საცხოვრებელის სახლები, რკინიგზელთა სახლი). აქვე შეგვიძლია გავიხსენოთ ვაგზლის და ”დინამოს” სტადიონის ძველი შენობები.
სხვაგანაც (ისანში, დიდუბეში) არის რამდენიმე შედარებით მეორეხარისხოვანი ნიმუში.
ამ არქიტექტურას აქვს ძალიან მკვეთრი ქრონოლოგიური საზღვრები. ალბათ, ისტორიაში არ მოიძებნება არცერთი სხვა არქიტექტურული ეპოქა, სტილი თუ მიმდინარეობა რომლის დასაწყისი და დასუსრული ერთი დღის სიზუსტით დგინდება:
სტალინიზმი არქიტექტურაში დაიწყო 1932 წლის 28 თებერვალს მოსკოვის ”საბჭოების სასახლის” სამშენებლო საბჭოს დადგენილებით, რომელმაც ფაქტიურად აკრძალა კონსტრუქტივიზმი, და დასრულდა 1955 წლის 4 ნოემბერს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტისა და მთავრობის ერთობლივი დადგენილებით ”დაპროექტებასა და მშენებლობაში ზედმეტობის აღმოფხვრის შესახებ” (სხვათა შორის, ამ დადგენილებაში საგანგებოდაა აღნიშნული ”საქნახშირის” (ახლანდელი მეცნიერებათა აკადემიის) შენობა - როგორც ფულის ფლანგვის ნიმუში

).
სამაგიეროდ, წმინდა სტილისტური თვალსაზრისით, ”სტალინირი სტილი” სწორედ რომ ერთგვარი მითია - რადგან, სინამდვილეში, ის საკმაოდ არაერთგვაროვანია.
მისი ერთ-ერთი თვისება სწორედ ის არის, რომ ის ძალიან თავისუფლად სესხულობს და უზავებს ერთმანეთს სხვადასხვა ისტორიული სტილის ელემენტებს, ისტორიაში არნახულ პროპორციებსა და ფუნქციებს. სამაგიეროდ, სრულიად უარჰყოფს ”აბსტრაქციას” - ასე ვთქავთ, ”მეტყველი”, ”თხრობითი” სტილია, სადაც ყველაფერს აქვს ზუსტი ალეგორიული დანიშნულება და სიტყვიერი ახსნა.
არაერთგვაროვნებას რაც შეეხება, ავიღოთ რუსთაველის გამზირი: რუსთაველის 1 ნომერიც და მეცნიერებათა აკადემიაც ფორმალურად ”სტალინურია”, მაგრამ პირველი უფრო ნეოკლასიცისტური შენობაა - მეორე ფანტაზიაა ”ქართულ” სტილში (დასავლურ კონტექსტში ამას დაარქმევდნენ ”ეროვნულ რომანტიზმს”, საბჭოეთში კი ერქვა «национальное по форме, социалистическое по содержанию»).
ანდა ავიღოთ პარლამენტის შენობა: ზედა კორპუსი უფრო ადრინდელია და ე.წ. არ-დეკოს ელემენტებს შეიცავს (თუმცა ეს ”არ-დეკოც” არაერთგვაროვანი მიმდინარეობაა), ქვედა კორპუსი კი - ”ქართული” სტილის ტიპიური სტალინისტური ვერსია (რამდენად ქართულია სინადვილეში, სხვა საკითხია).
იმელ-ის შენობაში ვხედავ ნეოკლასიციზმის და არ-დეკოს ნაზავს - ქართული კვალი კი, გარდა მორთულობებისა, თითქმის არ ჩანს.
რუსთაველის 1 ნომრის მსგავსი ”ნეოკლასიციზმი” დაახლოებით იმავე დროს (1930-40-იანი წლები) გავრცელებული იყო დასავლეთშიც (ნახევარი ვაშინგტონი მაგ დროსაა აშენებული) - მაგრამ არის რაღაც, რაც უტყუარად მიგვანიშნებს, რომ ეს შენობა სწორედ სტალინის დროინდელ საბჭოთა კავშირში აშენდა, და რა ევროპაში ან ამერიკაში.
რა არის ეს? პროპორციები (რუსული არქიტექტურის გავლენა), დანიშნულება (მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი) და სხვ.
რაც მთავარია, ”სტალინური” ხელწერა ამოიცნობა იმაში, რაც აერთიანებს რ1-ისა და აკადემიის ვიზუალურად ესოდენ განსხვავებულ შენობებს: ორივეს არქიტექტურა ფასადურია, დეკორატიულია (ეზოს მხარეს და შიგნით სტილის დაცვაზე არავის უზრუნია - ორივე სუფთა ფუნქციონალური ნაგებობაა).
სტალინური შენობების (უმთავრესად, საცხოვრებელი სახლების) უმრავლესობა სწორედ ასეთია - ფაქტიურად, სტილი აქვს მხოლოდ ფასადს, ”პერანგს”, ”გადასაკრავს”.
This post has been edited by CityZen on 28 Jul 2011, 12:57