აღმაშენებლის გამზირს ეხება
თბილისის განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი საბანაძემ commersant.ge–ს მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა.
ვაპირებ აღმაშენებელზე ბინის ყიდვას. იმის მიუხედავად, რომ მასშტაბური რეკონსტრუქცია ჩატარდა, ამბობენ, რომ ეს მხოლოდ ფასადური რეკონსტრუქციაა და კომუნიკაციები და შენობების მდგომარეობა მაინც სავალალოა. რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით?
- მოსაზრება, რომ დავით აღმაშენებლის გამზირზე მიმდინარე რესტავრაციისა და რეკონსტრუქციის სამუშაოები ტარდება ზედაპირულად და მხოლოდ ფასადების ზერელე აღდგენაა, მცდარია. მიმდინარეობს კომპლექსური ღონისძიებები, რომელიც ძირეულად შეცვლის არსებულ რეალობას. კერძოდ, დამუშავებული პროექტების შესაბამისად, მიმდინარეობს ყველა შენობის ფუნდამენტებისა და მზიდი კონსტრუქციების გამაგრება, შიდა კომუნიკაციების (წყალგაყვანილობა, საკანალიზაციო ქსელი, სანიაღვრე ქსელი – რომელიც ამჟამად წარმოადგენს შენობათა კონსტრუქციული მდგრადობისათვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას) შეცვლა, სახურავებისა და მათი მზიდი კონსტრუქციების რეკონსტრუქცია და ახალი მასალებით გადახურვა, ისტორიული წყაროების კვლევის, ანალიზისა და სისტემატიზაციის საფუძველზე ფასადების რესტავრაცია და ისტორიული ავთენტური იერსახის დაბრუნება.
გამზირზე არსებული ყველა მაგისტრალური კომუნიკაციის: მაგისტრალური მიწისქვეშა წყალსადენის, კანალიზაციის კოლექტორის, სუსტი დენების სისტემების რეკონსტრუქცია. აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გამზირის, როგორც ურბანული განაშენიანების ისტორიულად ჩამოყალიბებისა და არსებობის მანძილზე პირველად ხორციელდება მაგისტრალური სანიაღვრე კოლექტორის მშენებლობა, რომელიც რადიკალურად შეცვლის რეალობას და მოხსნის შენობების სარდაფებისა და ეზოების გაწყლიანების არსებულ პრობლემას, ასევე უხვნალექიანობის პირობებში უზრუნველყოფს ჭარბი ნალექის მოდინების მოცილებას და გატარებას. გამზირზე მიმდინარე კომპლექსური რეკონსტრუქციის ღონისძიებების ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს შეადგენს საფეხმავლო სივრცის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, რომელიც გულისხმობს ტროტუარების საფარის მოპირკეთებას სხვადასხვა სახეობის ბუნებრივი ქვის მასალით, ინვალიდების პანდუსების მოწყობას, მცირე სკვერების კეთილმოწყობასა და გამწვანებას, საავტომობილო სავალი ნაწილისა და ტროტუარების განათების სისტემების რეკონსტრუქციას, ქუჩის მანიშნებლებისა და გამყოფი ბარიერების მონტაჟს.
– როდისთვის იგეგმება ლეღვთახევის რეკონსტრუქცია და კონკრეტულად რა გაკეთდება ამ უბანში?
– განხორციელდება ლეღვთახევის ლანდშაფტური სივრცის ინტეგრირება ბუნებრივ გარემოსთან, რაც გულისხმობს ამ უბნისათვის ისტორიული განაშენიანების იერსახისა და ფუნქციის დაბრუნებას. ამჟამად მიმდინარეობს ზუსტი არქიტექტურული დაგეგმარება და კომპლექსური საპროექტო სამუშაოები. კონკრეტული ინფორმაცია სამუშაოების დაწყებისა და დეტალური საპროექტო გადაწყვეტების შესახებ უმოკლეს დროში გახდება ცნობილი.
– როდის დასრულდება პლეხანოვის სრული რეკონსტრუქცია და გეგმებში კიდევ რომელი უბნის რეაბილიტაცია გაქვთ დაგეგმილი?
– რამდენადაც ისტორიული უბნების რესტავრაცია-რეაბილიტაცია რთული პროცესია, სამუშაოების მიმდინარეობის თვალსაზრისით განსხვავებულ მიდგომასა და სპეციფიკას მოითხოვს. მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება თამარ მეფის გამზირიდან მარჯანიშვილის მოედნამდე აღმაშენებლის გამზირის რესტავრაცისა და რეკონსტრუქციის სამუშაოების დასრულება. გამზირის პირობითად მეორე ნაწილის –მარჯანიშვილის მოედნიდან საარბრიუკენის მოედნამდე სივრცის პროექტირება ფაქტობრივად დაიწყო. იგეგმება რესტავრაცია-რეაბილიტაცია, როგორც მარცხენა სანაპიროზე მიმდებარე უბნებში, ისე ძველ თბილისში მარჯვენა სანაპიროზე დაწყებული სამუშაოების გაგრძელების თვალსაზრისით.
– რომელი კომპანია ახორციელებს სამუშაოებს კინოთეატრს „აპოლოში“ და შენარჩუნდება თუ არა ამ ნაგებობის პირველადი დანიშნულება?
– ისევე როგორც გამზირის აღნიშნული მონაკვეთის სხვა შენობებზე, მათ შორის დამუშავებულია ყოფილი კინოთეატრ „აპოლოს“ რესტავრაციის დეტალური საპროექტო დოკუმენტაცია. შენობა წარმოადგენს საინვესტიციო ჯგუფის კერძო საკუთრებას, რომელიც საკუთარი სახსრებით განახორციელებს რესტავრაციის სამუშაოების დაფინანსებას.
http://www.commersant.ge/index.php?pg=nt&id=23702&ct=4 This post has been edited by ირაო on 15 Mar 2011, 22:41