ამაზე საუბრობთ?
“მზიურ პარკის” რეაბილიტაცია დაიწყო
თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურმა თბილისის მასშტაბით ჩატარებული 40 სკვერის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის შემდეგ ქალაქის გამწვანების ახალ პროექტებზე დაიწყო მუშაობა. გამწვანების მასშტაბურ პროექტებს შორის აღსანიშნავია მზიურისა და ზოოპარკის გაერთიანების პროექტი, რომლის განხორციელების შედეგად დედაქალაქის ცენტრში შეიქმნება მსხვილი ცენტრალური პარკი. აღნიშნული პროექტის განხორციელებით თბილისი მიიღებს განვითარებულ, სრულყოფილ და უსაფრთხო დასასვენებელ ადგილს ქალაქის გულში. “მზიურ პარკის” რეაბილიტაცია დაიწყო და 2012 წლისათვის დასრულდება. პროექტი მთლიანად ითვალისწინებს “მზიურ პარკის” იდეას, რომლის განხორციელებაც 80-იან წლებში ნოდარ დუმბაძემ დაიწყო. პროექტს ახორციელებს კომპანია “კენსინგტონ ჯორჯია”, ხოლო ინვესტირებას ახორციელებენ კომპანიის ბრიტანელი პარტნიორები. “მზიურ პარკში” მიმდინარე სამუშაოები თბილისის ვიცე-მერმა დავით ნინიძემ დაათვალიერა და ტერიტორიის განვითარების სამომავლო გეგმებს ადგილზე გაეცნო.
ვერეს ხეობის ნაწილი, რომელიც მდებარეობს თამარაშვილის ქუჩისა და გმირთა მოედანს შორის, კომპლექსურ ტრანსფორმაციას განიცდის. ვაკეს და საბურთალოს დამაკავშირებელი საგზაო მაგისტრალის მშენებლობის დასრულების შემდეგ დაგეგმილია 450.000 კვ.მ ტერიტორიის განვითარება და მნიშვნელოვანი ურბანული პარკის შექმნა.
პარკის პირველი ნაწილი განთავსდება “საბავშვო ქალაქ მზიურის” ტერიტორიაზე, რომელიც ყველა ასაკის ბავშვისთვის იქნება განკუთვნილი. მოეწყობა მოსასვენებელი ადგილები, ამფითეატრი, ტექნოლოგიურ-შემეცნებითი გასართობები, სკეიტბორდის მოედანი და სავარჯიშო კუთხე.
დღევანდელი ჩოგბურთის კორტების ტერიტორია მოეწყობა და მთლიანად დაეთმობა სპორტს. განლაგდება სპორტული მოედნები, სარბენი ბილიკები, ღია და დახურული სავარჯიშო დარბაზები. მოედნების ნაწილი აღჭურვილი იქნება ტრიბუნებით.
პარკის ნაწილი ლანდშაფტურ დასასვენებელ ზონას დაეთმობა. თამარაშვილის ქუჩის სიახლოვეს გადაჭიმული ქედი და კანიონის ტიპის კლდის მიდამო ინტენსიურად გამწვანდება. მოეწყობა სარბენი ბილიკები, ველოსიპედის გზები, მოსასვენებელი ადგილები და საპიკნიკე საჩრდილობლები. კლდის ფერდობი შესაძლოა გამოყენებულ იქნას სხვადსხვა ექსტრემალური სპორტის სავარჯიშო ადგილად.
პარკის ტერიტორიაზე განთავსდება საცურაო აუზი “მზიური აკვა”, რომელიც მოიცავს 18 000 კვ მეტრამდე ტერიტორიას მზიურში. პროექტი არის მრავალფუნქციური და შედგება სხვადასხვა დანიშნულების ობიექტებისგან:
• ოლიმპიური სტანდარტების (50 მეტრიანი) საცურაო აუზი და თანამედროვე ფიტნეს კლუბი
• საბავშვო აუზი
• ღია საცურაო აუზი
• სარეკრეაციო ზონა ულამაზესი ხედებით პარკში
• კაფეები და რესტორნები
• სუპერ თანამედროვე ღია კინოთეატრი
• გასართობი ცენტრი
• ბოულინგი/ბილიარდი
• სპორტული მაღაზიები
• პარკინგი 200 ავტოსადგომით
http://new.tbilisi.gov.ge/news/235