თბილისის მერია 100 ახალი ავტობუსის შესყიდვაზე ტენდერს გამოაცხადებს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" გენერალურმა დირექტორმა, ლევან კოპლატაძემ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, ახალი ავტობუსები "ბოგდანის" ტიპის დიდ ავტობუსებს ჩაანაცვლებენ, რომლებიც თავის მხრივ, პატარა ავტობუსებს შეცვლიან.
"ახალი ავტობუსები 12 მეტრის სიგრძის იქნება. მათ ახლანდელზე 20-25 %-ით მეტი ტევადობა აქვთ, რაც არანაკლაბ 85 ადამიანს შეადგენს. უმეტესობა მარშრუტებზე ტევადობის გაზრდა მოხდება. ახალი ავტობუსი იქნება ევროპული სტანდარტის შესაბამისი, გაგრილება-კონდიცირების სისტემით აღჭურვილი", - განმარტა ლევან კოპლატაძემ.
"თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" გენერალური დირექტორის ინფორმაციით, პატარა ავტობუსების ნაწილი, რომლებმაც რესურსი ამოწურეს - ჩამოიწერება. ახალი ავტობუსები კი, გაბარიტებიდან გამომდინარე, ძირითადად ცენტრალურ გამიზირებზე იმოძრავებენ.
"სადაც ახლა მოძრაობს დიდი "ბოგდანები", იმ ხაზებზე მოხდება ახალი ავტობუსებით ჩანაცვლება", - აღნიშნა ლევან კოპლატაძემ.
მისივე ინფორმაციით, დედაქალაქის მერია 100 ახალი ავტობუსის შესყიდვაზე ტენდერს სავარაუდოდ დღეს ან ხვალ გამოაცხადებს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ტენდერის გამოცხადებიას შემდეგ გახდება ცნობილი.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...ockhaddeba.html