თბილისში ახალი წყევლაა: "შენ იმგზავრე ყვითელი ავტობუსით''მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობასა და წყევლას შორის კავშირი ცოტა უცნაურია, მაგრამ ვინც იქ ასულა და ცალი ფეხი კარში "დარჩენია'', ამ წყევლის არსს ნამდვილად ჩაწვდება. ორჯერ უფრო უარესია თუ ყვითელი ავტობუსიდან წვალებით ჩამოსულს კონტროლიორი ბილეთს მოგთხოვს. მისი არქონის შემთხვევაში, ჯარიმას გამოგიწერთ. თუ არ დაემორჩილებით ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა თან არ გექნებათ, პატრულის ეკიპაჟს გამოიძახებს და ავტობუსში მგზავრობისგან მიღებულ სტრესს კიდევ გაგიხანგრძლივებთ. ზოგს ნერვები არ ჰყოფნის და კონტროლიორის ლანძღვა-გინებას იწყებს. ზოგიც ფიზიკურად უსწორდება სიცივეში დგომისაგან გათანგულ კონტროლიორს. "ვერსიის'' ინფორმაციით, რამდენიმე ასეთ შემთხვევაზე სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა. დეტალების გასარკვევად ყვითელი ავტობუსით მგზავრობა გადავწყვიტეთ.
N59 ავტობუსში ავედი. ვაკემდე დიდი გზაა. ბილეთი ავიღე. რუსთაველის მეტროსთან კონტროლიორები ამოვიდნენ. ბილეთები მოითხოვეს, ვაჩვენე.
- ვისაც არ აქვს აიღოს! მბრძანებლური და მკაცრი ტონით გააფრთხილა მან მგზავრები. ზოგმა დაუჯერა. უმეტესობამ - არა. კონტროლიორი რამდენიმე წამი გაჩერდა. მერე უბილეთო მგზავრებს მიუბრუნდა და ჰკითხა, ბილეთს რატომ არ იღებთო.
- ასეთ ჭყლეტვაში მადლობა თქვი რომ ამოვდივართ. ეს ავტობუსი კი არა, ცხოველების გადასაყვანი მანქანაა. ერთი საათი უნდა ელოდო, მერე მოვა და დაღლილ-დაქანცული იმას ფიქრობ, სად ჩამოჯდე. ამ დროს როგორ ვიფიქრო, ბილეთი როგორ ავიღო? - სიბრაზისგან წამოწითლდა ქალბატონი.
- ამასობაში სხვა დაიკავებს იმ ცარიელ ადგილს და იმგზავრე მერე ჰაერში ჩამოკიდებულმა, - აჰყვა მეორე, საშუალო ასაკის ქალი.
- ქალბატონო, ბილეთი აიღეთ! - თავს წაადგა კონტროლიორი ქალს.
- არა, ძლივს დავჯექი დ ახლა შენი ბილეთისთვის ადგილს ვერ დავკარგავ. ჩასვლისას ავიღებ,- მკვახედ მიუგო ქალმა. ფილარმონიასთან კონტროლიორთა კიდევ მეორე ჯგუფი ამოდის. ისინიც ბილეთებს ითხოვენ.
- ახლა არ ჩავიდნენ?! კარგით რა, სინდისი აღარ გაქვთ?! - რეპლიკა ისროლა ხანდაზმულმა მამაკაცმა, თან ბილეთი გაუწოდა.
- თქვენსავით რომ იქცეოდეს ყველა, ასე კი აღარ ვივლიდით. არც ჩვენ გვეხალისება მგზავრს ყოველწუთს შევუმოწმოთ, აქვს თუ არა ბილეთი. - თავი იმართლა კონტროლიორმა, - მაგრამ არავინ რომ არ გადიხადოს ფული, არც ეს ავტობუსები იარსებებს, მეტროც გადაიჭედება და მოგვიწევს მერე ყველას ფეხით სიარული.
- თუ არ იქნება, ნუ იქნება. ასეთი ტანჯვით მგზავრობას, მგონი ფეხით სიარული სჯობს. ახალგაზრდა, რომ ვიყო, ამ ავტობუსში სულ არ ამოვიდოდი, - თავი ვეღარ შეიკავა მოხუცმა მამაკაცმა.
- აბა, შენ ეგა თქვი, ან ვიღაცა ავადმყოფი მოგიდგება უკან და გეხახუნება, ან კონტროლიორი მოგიშლის ნერვებს და ან ვინმე ბინძური ააქოთებსა ავტობუსს. ახლა კიდევ რა გვიჭირს. ზაფხულში უფრო საშინელებაა მგზავრობა. - გამოეპასუხა საშუალო ასაკის ქალბატონი.
- რამდენჯერმე ბილეთი პროტესტის ნიშნად არ ვიყიდე. მერია გამდიდრებაზე რომ ფიქრობს, არ შეიძლება ავტობუსები დაამატოს?! - აქოთქოთდა ჩასუქებული ქალბატონი.
წყარო/Source:
http://www.ambebi.ge/sazogadoeba/49539-qes...9#ixzz1ozN0xL1a