25 დეკემბერს საქართველოს რკინიგზამ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული თანამშრომლები დააჯილდოვა, რომლებმაც 2011 წელს თავი გამოიჩინეს თავის საქმიანობითა და დამსახურებით.
დაჯილდოება ბოლო 3 წელია რაც წინასაახალწლოდ ტარდება და უკვე ტრადიციის სახე მიიღო.
ყველა გამარჯვებულს გადაეცა ფულადი პრემია და გამოეცხადათ მადლობა. ასევე გადაეცათ ნომინაციის შესაბამისი სამკერდე ნიშნები.
გარდა ამისა, კომპანიამ ის 27 თანამშრომელი წაახალისა 25-მაგი ხელფასის ოდენობით, რომლებიც ათეულობით წელია თავდაუზოგავად ემსახურებიან რკინიგზას.
საქართველოს რკინიგზამ ფულადი პრემიითა და სამკერდე ნიშნით დააჯილდოვა თავდადებული რკინიგზელის ნომინაციაში გამარჯვებული 2 თანამშრომელი: თბილის-მახარისხებელი სალოკომოტივო სამმართველოს ელმავლის მემანქანე ალექსანდრე ბერუაშვილი და ამავე სამმართველოს მემანქანის თანაშემწე ოლეგ ლაცაბიძე, რომლებმაც 2011 წლის 16 აპრილს მსველეობისას შენიშნეს, რომ რელსი პირაპირებში იყო გადახსნილი და ოპერატიულად გააჩერეს მატარებელი, გაატარეს შესაბამისის ღონისძიებები და თავიდან აიცილეს მძიმე შედეგი.
ასევე დაჯილდოვდნენ საიმედო მემანქანეები 1,000,000 კმ უავარიოდ გარბენისთვის, მათი თანაშემწეები 500,000 კმ უავარიოდ გარბენისთვის და მოძრაობის უსაფრთხოების საუკეთესო დამცველი თანამშრომლები - სარკინიგზო ტრანსპორტის უავარიო და სტაბილურ მუშაობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის, მაღალი პროფესიონალური დონის გამოვლენისა და სანიმუშო დისციპლინისათვის.
დაჯილდოვდა ,,ინოვატორი რკინიგზელის” ნომინაციაში გამარჯვებულიც, მგზავრთა ინფორმაციული მომსახურების სამსახურის უფროსი ბატონ გიორგი მერმანიშვილი, რომელმაც უმოკლეს ვადაში დანერგა და აამოქმედა ქოლ ცენტრი და ფეიბოქსებით ბილეთების გაყიდვა. მისი მონაწილობით განხორციელდა საერთაშორისო სამგზავრო მატარებლის ბილეთების ავტომატიზირებული სისტემის დანერგვა, სომხეთის რკინიგზასთან ინტეგრირება, ელექტონული ბილეთების დანერგვა და სხვა მრავალი პროექტი.
ასევე დაჯილდოვდნენ შემდეგ ნომინაციებში გამარჯვებულები: საპატიო რკინიგზელი, საუკეთესო მენეჯერი, საუკეთესო გუნდი, რკინიგზის ვეტერანი, ყველაზე ოპერატიული რკინიგზელი, ყველაზე პროდუქტიული რკინიგზელი, სანიმუშო რკინიგზელი, სამაგალითო რკინიგზელი დედა, საუკეთესო კოლეგა და წლის საუკეთესო პროფესია.
http://railway.ge/?web=0&action=news&lang=geo&npid=218