Тhe Guardian - საქართველო გულში იკრავს დემოკრატიას, მაგრამ ანადგურებს საკუთარ წარსულს
16:33 15-10-2012
საქართველო გულში იკრავს დემოკრატიას, მაგრამ ანადგურებს საკუთარ წარსულს, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ბრიტანული გამოცემა Тhe Guardian-ი. სტატიის ავტორი ლუკ ჰარდინგი, ძველ თბილისში განხორციელებულ ცვლილებებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ "მისი განადგურება" მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე ყურადღების მიღმა რჩება.
ჟურნალისტი საქართველოს მთავარ არქიტექტორად მიხეილ სააკაშვილს მოიხსენიებს. მისი შეფასებით, პრეზიდენტს საკუთარი მოსაზრება აქვს იმაზე, როგორ უნდა გამოიყურებოდეს თბილისი.
"მისი საყვარელი მასალა ფოლადი და მინაა - მოდერნისტული შენობები, რომელთაც ყველგან წამოუყვიათ თავი. პრეზიდენტი გამჭვირვალე მინის გუმბათის მქონე ნეოკლასიკურ სასახლეში ცხოვრობს. ოდნავ ქვემოთ საკონცერტო დარბაზია - ორივენი ერთად კი გიგანტური სათამაშო "მუხლუხოების" წყვილის შთაბეჭდილებას ტოვებენ. ამის გარდა, თბილისი თავს იწონებს სოკოს ფორმის მქონე იუსტიციის სახლებით, მოდერნისტული შინაგან საქმეთა სამინისტროთი და მშვიდობის ხიდით. კრიტიკოსები ჩივიან, რომ სააკაშვილი ისეთივე სუსხიან ვიზუალურ ენას ამკვიდრებს, როგორც საქართველოს საბჭოელი მჩაგვრელები", - წერს სტატიის ავტორი.
ლუკ ჰარდინგი ვრცელ პუბლიკაციაში ყურადღებას ბაგრატის ტაძრის რესტავრაციაზეც ამახვილებს.
"ეს იგივეა, ტინტერნის სააბატოს (ერთ-ერთი უძველესი ეკლესია ბრიტანეთსა და ევროპაში) ახალი კედლები მიაშენო, ახალი გუმბათი დაადგა და გვერდით მინის ლიფტი დაუყენო. ბავარიული სოფლის მსგავსი რამ შემოარტყეს გარშემო საქართველოს უდიდეს ეკლესიას, სვეტიცხოველს. შეშფოთებულმა იუნესკომ კი ორივე მათგანი - ბაგრატის ტაძარიც და სვეტიცხოველიც განადგურების რისკის ქვეშ მყოფი ძეგლების სიაში შეიყვანა", - ნათქვამია სტატიაში.
ჟურნალისტის მხედველობის არეალში ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლეც მოექცა. მისი განმარტებით, ბიზნესცენტრი წინასაარჩევნოდ თავად ივანიშვილმა დაათვალიერებინა.
"ივანიშვილს რაც შეეხება, იგი ჯეიმს ბონდის მეგობრის შესაფერის სახლში ცხოვრობს, რომელსაც მისი თანაშემწეები შუშის სასახლეს ეძახიან. იქვეა მილიარდერის პირადი რეზიდენციაც, რომელიც გადმობრუნებულ, აფეთქების მომლოდინე კოსმოსურ ხომალდს წააგავს. არჩევნების წინა დღეებში ივანიშვილმა იქაურობა დამათვალიერებინა. ჰენრი მორგანისა და სხვა სკულპტორების ნამუშევრებისა და თბილისის პანორამული ხედის ფონზე, შადრევანთან მდგარი ივანიშვილი სიყვარულით საუბრობდა თავის ცხოველებზე. გინდათ სახლში შველი გაგატანოთ? - მკითხა მან. ორი დღის შემდეგ კი, არჩევნებში გამარჯვებულმა სააკაშვილი საქართველოს არქიტექტურის ხელყოფაში დაადანაშაულა. სააკაშვილის თანაგუნდელები ძალიან არ შეშფოთებულან. ვიდრე რესტავრაციას დავიწყებთ, ჯერ არქივებს ვსწავლობთ - მითხრა ერთ-ერთმა მათგანმა, ბათუ ქუთელიამ და დასძინა: ივანიშვილის სასახლე გინახავთ?", - აღნიშნავს სტატიის ავტორი.
http://www1.interpressnews.ge/ge/politika/...r-tsarsuls.html