3 000 _ზე მეტი მნახველი, 100_ზე მეტი გაზიარება, 50_მდე ლაიქი და ათეულობით კომენტარი… პლიუს ამას, რამოდენიმე ბეჭდური მედია, სადაც ილოს ბლოგზე გამოქვეყნებული პოსტი დაიბეჭდა და ,,შედეგად”- Big Bang!
მემანქანის თანაშემწე ვარ და ხშირად მიწევს ხელმოწერის დაფიქსირება გაფრთხილების ფურცელისა და საბუთების ჩაბარების სანაცვლოდ სხვადასხვა სადგურში – ,,ეს ის ლეჟავაა! ” ,, შენ ის არა ხარ?” ,,რაო ეზუგბაიამ?” … - მოკლედ რომ ვთქვა, პოსტმა და მისმა შედეგებმა, საქართველოს მაშტაბით, მთელს რკინიგზაში ჰპოვა გამოხმაურება.
… და რა მოხდა? – სინამდვილეში არც არაფერი!
უბრალოდ მოვყევი ჩემი სატკივარი და მორჩა!
,,მოყევიი?” ,, შენი სატკივარი თქვიი?” ,,გაბედე?” ,,გაამხილე?” … – იყო დრო, ეს ყველაფერი Big Bang _ს (დიდი აფეთქება) უდრიდა ჩვენს ქვეყანაში და თუ გაბედავდი, ნებისმიერ ფრონტზე, გმირად ჩაგთვლიდა საზოგადოება!
მას შემდეგ რვა თვე გავიდა. მკითხველს, ჯერ კიდევ აგვისტოში დავპირდი შედეგების ანალიზს მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, კიდევ ერთი ხმაურიანი პოსტის დაწერისგან, ზაფხულში თავი შევიკავე! მიზეზი მარტივია – საპარლამენტო არჩევნები – რატომღაც მეგონა რომ ამ ისედაც არაჯანსაღ და არეულ-დარეულ წინასაარჩევნო პერიოდში, პოსტი ჩხვლეტის ეფექტსაც ვერ მოახდენდა!
დღეს სხვა დროა! – აი ისეთი ქე რო ვნატრულობდითო _ იტყოდა ალბათ ბაბუაჩემი!
მოკლედ, აღარ გვეშინია! აღარ ვერიდებით თქმას! აღარ ვთვალთმაქცობთ თითქოს ყველაფერი რიგზეა და მეტიც – მკაცრად მოვითხოვთ ჩვენი ოცნებების ფრთების შესხმას! – ასეთ სიტუაციაში, კიდევ უფრო რთულია, ჩემმა, რიგითი მუშას სიტყვამ, არა თუ აფეთქება, ნაპერწკალი მაინც გამოიწვიოს. მაგრამ უნდა ვცადო!
აკი გითხარით შემხვდა მეთი?! პირობაც დაიდოთქო, ამაზეც ვწერდი – ხელფასების ზრდა, სამუშაო გრაფიკის მოწესრიგება და მოდერნიზაცია – გაინტერესებთ რომელი ერთი შესრულდა?
ხო მართლა, სანამ გიპასუხებდეთ – იმ დღეს ჩემი კარგახნის უნახავი მეგობარი გოგო შემხვდა. სად მუშაობთქო დავინტერესდი, ტკბილად მოკითხვის შემდეგ და მანაც მიპასუხა – ღონისძიებათა მომწყობი მენეჯერის თანაშემწე ვარ ერთ-ერთ კერძო კომპანიაშიო. ხელფასზეც ჩამოვარდა საუბარი : ) 800 ლარი თვეშიო!
შემრცხვა! დიახ შემრცხვა რომ ამ მეგობარი გოგონასთვის მეთქვა მეც ვმუშაობთქო! შემრცხვა მეთქვა სად დავიკარგე?! რატომ არღარ ვჩანვარ?! რომ კვირაში თითქმის ყოველ დღე ხან აზერბაიჯანის საზღვარზე, ხან სომხეთის საზღვარზე, ხან ხაშურში და ხან კაზრეთში რეისებზე დავდივართქო… რომ დღე და ღამე გაერთიანებული მაქვს და ოჯახის წევრებიც კი მენატრებათქო…! შემრცხვა რომ ეს ყველაფერი მეთქვა მისთვის და იცით რატომ? იმიტომ რომ მკითხავდა – ილო ხელფასი რამდენი გაქვსო?
რა მეპასუხა? - შენ თუ ვიღაც ღონისძიების მომწყობი მენეჯერის თანაშემწე ხარ და 800 ლარს გიხდიან თვეში, მე გენაცვალე მსოფლიოში ყველაზე სახიფათო და საშიში პროფესიის მქონე, რკინიგზის მემანქანის თანაშემწე ვარ და 600 ლარზე ვზივართქო?
ხო და იმას გეუბნებოდით – მაშინ, ის ცნობილი პოსტი რომ დავწერე, მაშინაც 600 ლარი მქონდა ხელფასი და დღესაც ეგრეა ; ) – პირობა ერთი, არ შესრულდა!
სამუშაო გრაფიკის მოწესრიგება თითქოს მაშინვე სცადა ეზუგბაიამ. რაღაც ბრძანება ჩამოუშვეს, საათებს არეგულირებდა, რამოდენიმე უბანზე მნიშვნელოვნად იყო მუშაობის გრაფიკის განრიგი დაკლებული, ხელიც სიამოვნებით მოვაწერეთ მაგრამ დისპეჩერების მოთხოვნით, ეს გრაფიკიც სწრაფადვე აირ-დაირია და დღემდე 12 საათიან ,,კვლა და შიმშილში” ვართ!
დისპეჩერებზე ჩამოვარდა საუბარი და ბარემ დღევანდელ ჯავრსაც ამოვიყრი – 8 ოქტომბერს, 24:30_ზე გამომიძახეს სამსახურში. ხაშურიაო, მორიგემ მითხრა. ანუ, აზერბაიჯანიდან გადმოსული ტვირთი, ხაშურში უნდა ჩამეტანა და პირიქით. რკინიგზაში ჩახედული მკითხველისთვის ადვილად მისახვედრია რომ ეს ერთი რიგითი უბანია, რომლის მოვლაც, მაქსიმუ 8 საათში სრულიად შესაძლებელია! დღეს ამ უბანზე 10 სამუშაო საათი გვეკუთნის და ისიც მხოლოდ ჩასვლაზე. ანუ დისპეჩერი ვალდებულია ათ საათში გარდაბნიდან (!) ხაშურში ჩაგიყვანოს _ სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ნათლად სჩანს, რა მდგომარეობაა, საქართველოს მოდერნიზებულ და სწრაფ რკინიგზაში. რეალურად ორ-სამ საათში დასაფარ უბანზე, ათ საათიანი სამუშაო გრაფიკი გაქვს და ხშირ შემთხვევაში, აგარაში გიმთავრდება საათები (არ მისული ხაშურში).
9 ოქტომბერს, ღამის 2:30_ზე დავბრუნდი სახლში. საათობრივი ანაზღაურება რომ მქონდეს, ეს ფაქტი ორმაგად გამაღიზიანებელი იქნებოდა რადგან გასული 26_საათიდან, რეალურად მხოლოდ 14 საათი გამიტარდა სამუშაო საათად.
24 _საათიანი სამუშაო გრაფიკი, მითუმეტეს თუ შუალედში დასვენებისთვის 3-4 საათია გამოყოფილი, ისეთი სამსახურისთვის როგორიც რკინიგზაა, რათქმაუნდა მისაღები და გასათვალისწინებელია მაგრამ მუშა ხელის გამოყენების მეთოდები, რომლითაც სისტემა ხელმძღვანელობს, თანამედროვეობის ყველაზე უვარგიზი, ქართული შრომის კოდექსიც კი ფეხქვეშ გათელილია! ისევ ხაშურის მაგალითზე – ჩაყავხარ 10 საათში, ისვენებ 3-4 საათს, ჩამოყავხარ ისევ 10 საათში, ისვენებ სახლში 18-24 საათი და კვლავ იგივე გრაფიკით იწყებ ახალ სამუშაო დღეს…!
პირობა მეორე – სამუშაო გრაფიკი კვლავ მოსაწესრიგებელი რჩება!
იფრასტრუქტურაზე საუბარი კი, ამ წვიმიან ამინდში, კიდევ უფრო გამიგრძელებს პოსტს და ამიტომ მოკლედ ვიტყვი – დღეს ელმავლის ,,კაბინაში” ისევე წვიმდა როგორც გარეთ! აგვისტოს თვეში, ისევ იწვოდა ცოცხლად ხსენებულ ,,კაბინაში” მემანქანე-თანაშემწე, როგორც მანამდე, სანამ ბატონი ირაკლი კონდენციონერის დამონტაჟებას დაგვპირდებოდა და ისევ არ მიშაობა ,,პარალელი”!
რით ვუშველოთ ამ ყველაფერს?
პასუხი მარტივია - სისტემა უნდა დაინგრეს!
sos! - სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, პოსტს ხელს აწერს ყველა რიგითი მემანქანე და თანაშემწე (მათი თხოვნითვე ქვეყნდება ), ყველა რკინიგზელი ! – ვითხოვთ დახმარებას ადამიანის, შრომითი უფლებათა დაცვის ორგანიზაციებისგან, პროფკავშირებისგან – მოგვხედეთ! მოგვაქციეთ ყურადღება!
არ ვითხოვთ არავის განთავისუფლებას თანამდებობიდან, არ ვითხოვთ არავის დასჯას და გასამართლებას – გააჩინეთ სისტემაში ძალა რომელიც ჩვენს უფლებებს დაიცავს! რომელიც დაგვეხმარება ვიარსებოთ და განვითარდეათ!
კატეგორიული წინააღმდეგი ვართ პროფკავშირების იგივე ფორმით დაბრუნების, რა ფორმითაც წლების მანძილზე ,,ემსახურებოდნენ” რკინიგზელებს! გაჩნდეს რეალური ძალა, რომელიც მხოლოდდამხოლოდ ჩვენი უფლებების დაცვის სამსახურში ჩადგება!
პ.ს. ყველა ჟურნალისტს, სოციალური მედიისა და ქსელის მომხმარებელს, მათ ვინც თავის დროზე არ დაიზარა ამ თემის გაშუქება და გაზიარება, ვთხოვ იგივე აქტივობით გაავრცელოთ პოსტი, რათა კვლავ მივაწვდინოთ ზემოტ ხმა. მე, ჩვენ, და ყველას ერთად, დღეს და ახლავე გვჭირდება დახმარება!
http://ilovanski.wordpress.com/2012/10/09/...