http://www.iveroni.com.ge/qarthuli-presida...html?lang=ka-GEთბილისის ზღვაზე მიმდინარე მასშტაბურ მშენებლობაზე, რომელსაც ჩინური კომპანიები ეწევიან, ქართველი მუშახელი ვერ საქმდება და თუ თითო-ოროლა ქართველი მუშაობს, ჩინელები იმათაც მონებივით ექცევიან და ყველა ხერხსა და პროვოკაციას მიმართავენ, რათა ქართველი მუშები და ხელოსნები სამუშაოდან დაითხოვონ.
საუბარია თბილისის ზღვაზე მშენებარე ჩინურ დასახლებაზე, რომელიც, ვითომ ოლიპიური სოფელი უნდა იყოს, სინამდვილეში კი, როგორც ამბობენ, ეს იქნება ქალაქი ქალაქში, უფრო სწორად, ჩინური ქალაქი ქართულ ქალაქში, სადაც 126 ათასი ჩინელის ჩამოსახლება და დედაბუდიანად დამკვიდრება იგეგმება.
საქართველოში, რომელიც ისედაც დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას, რას გამოიწვევს 126 ათასი ჩინელის კომპაქტური დასახლების შექმნა, ამაზე წერილის ბოლოში ვიტყვი რამდენიმე სიტყვას, ახლა კი იმას მოგიყვებით, როგორ ექცევიან ჩინელები თბილისის ზღვაზე მიმდინარე მშენებლობაზე კანტიკუნტად დასაქმებულ ქართველ მუშახელს...
რამდენიმე დღის წინ რედაქციაში ორი ქართველი მამაკაცი მესტუმრა _ ერთი ახალგაზრდა და მეორე _ შუახნის ასაკს მიტანებული. ისინი თბილისის ზღვაზე ჩინელებთან მუშაობენ და ამ ეტაპზე ვინაობის საჯაროდ განცხადებისაგან თავს იკავებენ, თუმცა, საქართველოს ხელისუფლებისგან, მასმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან შველას ითხოვენ.
- ბატონებო, პირველ რიგში, ის მითხარით, რეალურად რა შენდება თბილისის ზღვაზე?
- ამბობენ, ოლიპიური სოფელი იქნებაო, მაგრამ ოლიპიური სოფლობისა იმას არაფერი ეტყობა. ერთსართულიანი ჩინური ბაზრები შენდება. ლილოს ბაზრობაზე თუ გინახავთ `ჩინური განყოფილება~. სწორედ ასეთი ტიპის პავილიონებს აშენებენ. ნებისმიერ მშენებლობაზე გაკრული უნდა იყოს აბრა, სადაც ეწერება, რა კომპანია აშენებს, რას აშენებს, რამდენ ხანში უნდა ააშენოს, ჩინელების მშენებლობაზე კი ასეთი აბრა გაკრული არ არის.
ამბობენ, რომ უნდა აშენდეს 12 საცხოვრებელი კორპუსი. სამი მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობა უკვე დაწყებულია.
- რამდენი კაცია დასაქმებული მთელ მშენებლობაზე და აქედან რამდენია ქართველი?
- სამი ფირმა აშენებს და სულ 400-500 კაცი იქნება დასაქმებული, აქედან ქართველები ვიქნებით მაქსიმუმ 50 კაცამდე. ჩვენი დამქირავებელი არის ჩინური ფირმა `ხუალინგი~.
- ანაზღაურება რამდენია?
- ქართველებიდან მე ვიღებ ყველაზე მაღალ ანაზღაურებას _ 1500 ლარს. დანარჩენები 700 ლარს იღებენ. ჩინელებს ორჯერ და სამჯერ მეტი ანაზღაურება აქვთ _ 3 ათასი ლარი და ზემოთ.
ჩინელები ჩამოჰყავთ, რომელიც მშენებლობის ბაიბურში არ არიან. ამასწინათ საძირკველს ასხამდნენ და 12 რიგელი დააკლეს. ის დანარჩენი რიგელებიც არასწორად განალაგეს. ქართველმა ბიჭებმა გაასწორეს, თორემ პირდაპირ დაიწყებდნენ საძირკვლის ჩასხმას.
ამბობენ, ვითომ ქართველები მშენებლობაში არაკვალიფიციურები ვართ და თვითონ ჩამოჰყავთ პროფესიონალები, სინამდვილეში კი პირიქით არის. თვითონ ვერ მუშაობენ და ჩვენც არ გვიშვებენ სამუშაოზე!
- რას ნიშნავს, არ გიშვებენ?
- ქართველები ისედაც ცოტანი ვმუშაობდით და ყველას გამოყრა უნდათ. გვითხრეს კიდეც, ქართველები რომ გამუშაოთ აქ, ჩინელებმა რა ვაკეთოთო? ექვსმა ქართველმა მუშამ 20 დღის საქმე 2 დღეში გააკეთა და ამაზე სულ გაგიჟდნენ. თქვენ თუ ასე იმუშავებთ, ჩვენ რაღა დაგვრჩება გასაკეთებელიო? ქართველები სამუშაო საათებს იმატებენ და სწრაფად აკეთებენ საქმეს, ჩინელებს არ მოსწონთ, დრო რომ არ იწელება, ამიტომ ათასნაირ პროვოკაციას გვიწყობენ, რომ სამუშაოდან გამოგვაგდონ.
- მაინც რა პროვოკაციებს აწყობენ?
- აი, მაგალითად, გახურებულ მუშაობაში რომ ხარ, მოვა ჩინელი და გეჯიკავება, სიგარეტი მომეციო, გეუბნება, ან გაივლის და მხარს გაგკრავს სპეციალურად, რომ გაგაღიზიანოს. რამდენიმე დღის წინ ქართველმა ბიჭმა ისეთი დაარტყა ჩინელს, კინაღამ ადგილზე მოკლა, ნახევარი საათი ვერ მოასულიერეს. ჩინელი რომ გეტყვის, აქ ჩინეთში ხარ, ეს ჩვენი ტერიტორიაა და არაფერი გესაქმებაო, მოგეშლება ნერვები, აბა, რა იქნება?!
- ასე გეუბნებიან, ეს ჩინეთის ტერიტორიაა და ქართველებს აქ რა გინდათო?
- დიახ, ასე ამბობენ. მე პირადად მითხრეს, ეს ჩინეთია, ქართველების ადგილი აქ არ არისო. კასკა მოვიხადე და იმ ჩინელს ცხვირ-პირში ვგლიჯე, ამიტომ გამომაგდეს სამუშაოდან.
ღამღამობით შემოჰყავთ ახალ-ახალი პარტია, მათ შორის ოჯახები _ ცოლ-ქმარი. ამბობენ, ვაზისუბანში მასობრივად აქვთ ბინები დაქირავებულიო. სკოლა შეისყიდეს და საერთო საცხოვრებელი გააკეთეს.
რას აკეთებენ, იცით? ვთქვათ, ქართველი მუშაობს, წელში მოხრილია და რაღაცას აკეთებს, დაიღლება, წელი ეტკინება და რომ გაიმართება, ორი წამით შეისვენებს, მაშინვე სურათს უღებენ, მიაქვთ უფროსობასთან, აი, ქართველები არ მუშაობენო და აგდებენ სამსახურიდან. ჩასაფრებულები არიან, თავი თუ ასწიე, ეგრევე გიღებენ სურათს. აი, ასეთ მონურ პირობებში ვართ!
- პირად საუბარში მითხარით, რომ საპროტესტო აქციების მოწყობას აპირებთ. რა მოთხოვნები გაქვთ?
- ჩვენი ძირითადი მოთხოვნაა, რომ ამ მშენებლობაზე ქართველები დასაქმდნენ.
- მერაბიშვილი იყო მშენებლობის გახსნაზე და მაშინ თქვა, აქ 70-80 პროცენტი ქართველები დასაქმდებიანო. წინასაარჩევნო პერიოდში სამგორის რაიონში მიშა მაჭავარიანი რომ იყრიდა კენჭს, ისიც იმავეს გვეუბნებოდა, მაგრამ ყველაფერი პირიქით ხდება.
ქართველი ბიჭები, იმის გამო, რომ სამსახურს ვერ შოულობენ, დღედაღამ ბირჟაზე დგანან და ლოთობენ. ამ დროს კი, მათსავე უბანში ჩინელები არიან ჩამოსულნი და მუშაობენ.
ეს პრობლემა თუ არ მოგვარდა, ძალიან ცუდი რაღაცეები მოხდება. ჩვენი ხალხი ძალიან აგრესიულად არის განწყობილი. ეს ჩინელებმაც იციან და ჯგუფ-ჯგუფად გამოდიან ქუჩაში, მარტო სიარულის ეშინიათ.
კარგად გვესმის, რომ ინვესტორს უხეშად ვერ მოექცევი და ვერ გააგდებ ქვეყნიდან, მაგრამ, თუ ქართველებისათვის არ შეიქმნა სამუშაო ადგილები, ასეთი ინვესტიცია ვის რაში სჭირდება?!