პეგასუსის“ წარმომადგენელი: ქართული ავიაბაზარი სწორი მიმართულებით ვითარდება
"სტამბულის მიმართულებით მეორე რეისის დამატებას ვგეგმავთ"
საქართველოში „პეგასუსის“ წარმომადგენლობის - “ჯორჯიან ავია სერვის ეჯენსის” („გასა“) დირექტორმა ლევან ელიზბარაშვილმა commersant.ge-ს მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა
- თქვენი შემოსვლა ბაზარზე საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. თქვენ ასრულებთ ყოველდღიურ რეისებს თბილისიდან. ასევე სეზონურად თბილისი-ანტალია. კიდევ ხომ არ აპირებთ მომავალში კონკრეტული მიმართულებების დამატებას თბილისიდან?
- ბაზრის სპეციფიკიდან გამომდინარე ამ ეტაპზე რთულია რაიმე ახალი მიმართულების დამატება, თუმცა გვაქვს სურვილი მეორე რეისის დამატების სტამბულის მიმართულებით. იმედი გვაქვს ამ სურვილს მალე განვახორციელებთ.
- რატომ არ გაქვთ ესპანეთის მიმართულებით რეისები?
- კომპანია „პეგასუსი“ ძალიან ახალგაზრდა ავიაკომპანიაა. ის საერთაშორისო მიმართულებით ფრენებს სულ რაღაც 7 წელია ახორციელებს. შესაბამისად ახალი მიმართულებების გახსნა ხდება ყოველწლიურად, მაგრამ გარკვეული თანმიმდევრობით. წელს, მაგალითად, 5 ახალი მიმართულება დაემატა, მათ შრის ქართული ბაზრისთვის საინტერესო დონეცკის მიმართულება. ესპანეთის მიმართულებით რეისები შეიძლება გაიხსნას 2012 წელს. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.
- როგორ ვითარდება დოიჩე ბანის პროექტი?
- დოიჩე ბანის პროექტი ძალიან სწრაფი ტემპებით ვითარდება. მას ძალიან აქტიურად იყენებენ გერმანიაში მიმავალი მგზავრები. იმედი გვაქვს 2012 წელს უფრო მეტი მგზავრი შეიტყობს ამ შესაძლებლობის შესახებ და მომხმარებელი უფრო მეტად იქნება ორიენტირებული დაზოგოს თანხები.
- მაინტერესებს, კიდევ ხომ არ გეგმავთ ბილეთების გაიაფებას?
- სიამოვნებით მსურს აღვნიშნო, რომ ამ პროექტის დაწყების შემდეგ და პასუხების გამოქვეყნების პერიოდში, ჩვენ კიდევ 10 ევროთი გავაიაფეთ ბილეთები, როგორც თურქეთის ისე ევროპის მიმართულებით. ახლა უკვე სტამბულის მიმართულებით ფრენა სულ რაღაც 69.99 ევროდ არის შესაძლებელი.
- რას ნიშნავს საბიუჯეტო ავიაკომპანია? რის ხარჯზე ამცირებთ ფასს?
- კომპანიის ხარჯები მცირდება მომსახურების სხვადასხვა სახის დამატებით მომსახურების კატეგორიაში გადაყვანით. მაგალითისთვის ავიღოთ კვება. როცა ბილეთს შეიძენთ 69.99 ევროდ, მასში კვება ავტომატურად არ შედის, მაგრამ თუ გადავწყვეტთ კვებას მგზავრობისას, მაშინ არის ორი გზა: 1. ან წინასწარ შეუკვეთავთ კვებას, რომლის ღირებულებაც არის მაქსიმუმ 15 ევრო და თქვენ მიიღებთ უმაღლესი ხარისხის, ზუსტად ფრენის წინ დამზადებულ კერძებს (სალათები, ხორცის კერძები და სხვა). ამ ღირებულებაში თქვენ მიიღებთ ბევრად უფრო მაღალი ხარისხის კვებას, ვიდრე სადმე სხვა ავიაკომპანიაში.
2. ადგილზე შეკვეთა: ამ შემთხვევაში თქვენ მიიღებთ სტანდარტულ კვებას (ჰამბურგერი და სხვა). საბოლოო ჯამში ბილეთის ღირებულება ისევ დაბალი რჩება, მაგრამ ამ მომსახურებების არჩევა იძლევა იმის საშუალებას, რომ ის წინასწარ არ შედიოდეს ბილეთის ფასში და თავიდანვე არ იწვევდეს მის გაძვირებას. რაც შეეხება დანარჩენს, მინდა აღვნიშნო, რომ „პეგასუსის ავიახაზები“ სხვა ავიკომპანიებთან შედარებით შეიძლება წინ იყოს. მაგალითად ავიალაინერის მდგომარეობით, ის ყველზე ახალი ბოინგია, რაც კი თბილისში ჩამოდის.
- არის თუ არა ტურისტი დაზღვეული? (რა რისკები არსებობს დაუზღვევლობის შემთხვევაში)
- ჩვენ სპეციალურად ჩვენი მომხმარებლებისთვის შემუშავებული გვაქვს სპეციალური დაზღვევა, რომელიც აზღვევს ბილეთს და მასთან დაკავშირებულ ყველა რისკს. ყველაზე საინტერესო არის ბილეთის გაუქმების რისკის დაზღვევა. თუ თქვენ შესყიდული გაქვთ ბილეთი და ავადმყოფობის გამო ვეღარ ახერხებთ გეგმის განხორციელებას და აბრუნებთ ბილეთს, არცერთი ავიაკომპანია არ დაგიბრუნებთ მას სრულად. ჩვენს შემთხვევაში კი, თუ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, დაგიბრუნებთ ბილეთის ღირებულებას სრულად, მაქსიმუმ 200 ევროს ფარგლებში ცალ გზაზე, რაც „პეგასუსის“ შემთხვევაში 100 % დაბრუნებას ნიშნავს. სხვა დანარჩენი რისკებს რაც შეეხება, არის ბარგის დაკარგვის, დაზიანების დაზღვევა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მგზავრობისას.
- სრულდება თუ არა თქვენი რეისებით სატვირთო გადაზიდვები?
- დიახ სრულდება, ამაზე მეტ ვრცელ პასუხს ამ კითხვაზე ვერ მოგახსენეთ. ჩვენი პირობები, ამ ნაწილშიც კი ბევრად უფრო საინტერესოა კონკურენტებთან შედარებით.
- შეუძლია თუ არა გასას ელექტრონული ბილეთების შემოთავაზება?
- დიახ, რა თქმა უნდა, შეუძლია. მეტიც: ჩვენ მხოლოდ ელექტრონული ბილეთების გამოწერა შეგვიძლია.
- როგორ შეაფასებდით ქართულ ავიაბაზარს? შემოდის ბევრი უცხოური ავიაკომპანია, ეს ძალიან კარგია, მაგრამ არ თვლით, რომ საჭიროა დაწესდეს გარკვეული შეღავათები ნაციონალურ ავიაგადამზიდავებზე? მაგალითად აირზენა: „აირზენა“ ვერ უწევს კონკურენციას სხვა ავიაკომპანიებს. ეს შეიძლება მრავალი მიზეზით იყოს გამოწვეული. ბოლო 6 წლის მანძილზე მან მხოლოდ ერთი რეგულარული მიმართულება - თბილისი-თეირანი დაამატა. ის ვერ ვითარდება როგორც არმავია და აზერბაიჯან-ეაირლაინსი. როგორ თვლით, რა არის აირზენას მთავარი პრობლემა?
- ქართული ავიაბაზარი საკმაოდ სწრაფი ტემპებით ვითარდება და რაც მთავარია სწორი მიმართულებით, კერძოდ ვგულისხმობ იმას, რომ ისეთი დიდი გამოგონება, როგორიც არის კონკურენცია, მხოლოდ და მხოლოდ სიკეთის მომტანია ნებისმიერი ბაზრისთვის, იქნება ეს ავიაბაზარი თუ რომელიმე სხვა. სიკეთის მომტანი პირველ რიგში მომხმარებლისთვის და კომპანიისთვისაც, ის მუდმივად არის „ფორმაში“ იმისთვის, რომ იარსებოს. შეზღუდვებს რაც შეეხება, მინდა აღვნიშნო, რომ ასეთი შეზღუდვები იქნებოდა ხელოვნური, რაც ამ ბაზრის დამახინჯებას გამოიწვევს. თავისუფალი ავიაბაზარი გახდა მისი განვითარების ერთერთი საფუძველი.
აირზენას საკითხზე მსჯელობა ძალიან რთული იქნება ჩემთვის, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ მიმართულებების განვითარების კუთხით სახელმწიფოს რაც შეუძლია, ეს არის ის, რომ სახელმწიფოებთან გაფორმებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებში მოითხოვოს უფლება ქართული ავიაკოპმანიის ფრენისათვისაც. მინდა აღვნიშნო, რომ ყველა გაფორმებულ საერთაშორისო ხელშეკრულებაში საჰაერო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ, საქართველოს სახელმწიფოს მიერ მოპოვებულია ეს უფლება, მეორე საკითხია, ვინ და როგორ იყენებს მას. - რაც შეეხება აირზენას მთავარ პრობლემას მე არ გამაჩნია ინფორმაცია აირზენას ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და ვერ მოგახსენებთ ვერაფერს ამ საკითხზე.
- ყველაზე დიდ კონკურენციაში რომელ ავიაკომპანიასთან შედიხართ?
- ბაზრის სპეციფიკიდან გამომდინარე მინდა აღვიშნო, რომ დღეს ყველა ავიაკომოპანია არის ერთმანეთის კონკურენტი, მაგრამ მაინც ჩვენი ძირითადი კონკურენტები ისინი არიან, ვინც მომხმარებელს დაბალ საფასო პოლიტიკას სთავაზობს და მათ ძირითად მიმართულებას ევროპის მიმართულება წარმოადგენს. კონკრეტული კომპანიის დასახალებებიდან თავს შევიკავებ, მაგრამ მაინც ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ყველა ავიაკომპანია ყველას კონკურენტია.
აირზენაზე როა კითხვა ჩემი დასმულიააა