"ყატარის ავიახაზები" საქართველოში ფრენას იწყებს. დოჰაში მდებარე გადამზიდავის პირველ რეისს, რომელიც დღეს შესრულდა, ჩამოყვა "ყატარის ავიახაზების" აღმასრულებელი დირექტორი აკბარ ალ ბაკერი, მაღალი რანგის სტუმრებთან ერთად. მათ შორის იყო საქართველოს ელჩი ყატარის სახელმწიფოში ეკატერინე მეიერინგ მიქაძე .
როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავის მიმართვაში აკბარ ალ ბაკერმა განაცხადა, საქართველო არის ევროპის ნაწილი, რამაც განაპირობა ავიაგადამზიდავის გადაწყვეტილება ამ მიმართულებით ფრენები დაეწყო. "დღეს ისტორიული დღეა "ყატარის ავიახაზებისთვის", რადგან ჩვენს 2012 წლის მსოფლიო ზრდის პროგრამას განვაგრძობთ არა ერთი, არამედ ორი ევროპული მიმართულების გახსნით თბილისსა და ბაქოში, რაც ჩვენი საერთაშორისო მიმართულებების რაოდენობას ზრდის. მოხარულები ვართ გავხსნათ ეს მიმართულება, რომელიც შექმნის ახალ საჰაერო დერეფანს და მგზავრებს ავიაგადამზიდებს შორის უფრო დიდი არჩევანის საშუალებას მისცემს", - აღნიშნა ალ ბაკერმა.
მისივე თქმით, საქართველო უზარმაზარი პოტენციალის ქვეყანაა. გააჩნია მდიდარი კულტურა და ისტორია, ასევე, გამოირჩევა ინფრასტურუქტურის მზარდი განვითარებით, რაც ბიზნესისთვის დიდ შესაძლებლობებს იძლევა. "საქართველო ასევე გამოირჩევა ბუნებრივი რესურსებით, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო საფუძველს ოჯახური და დამოუკიდებელი ტურიზმისთვის", - აღნიშნა ალ ბაკერმა.
"ყატარის ავიახაზებს" მიერ შესრულებულ პირველ რეისს თბილისის აეროპორტში დედაქალაქის მერი გიგი უგულავა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მატკავა დახვდნენ. როგორც ირაკლი მატკავამ აღნიშნა, "ყატარის ავიახაზების" საქართველოს ბაზარზე შემოსვლა შესაძლებელი გახდა საქართველოსა და ყატარის სახელმწიფოს შორის 2011 წლის 15 თებერვალს გაფორმებული შეთანხმებით, ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ვერა ქობალიას ყატარში ოფიციალური ვიზიტისას გაფორმდა.
"შეთანხმება სრულად ეფუძნება ღია ცის პრინციპებს, რაც ავიაგადამზიდავებს დანიშნული ავიაკომპანიების რაოდენობით, ტარიფებით, საჰაერო ხომალდის ტევადობის და ფრენის სიხშირის თავისუფლად, საბაზრო ეკონომიკის პრინციპების შესაბამისად განსაზღვრის შესაძლებლობას აძლევს", - აღნიშნა ირაკლი მატკავამ.
თბილისის მერმა გიგი უგულავამ კი განაცხადა, რომ ახალი ავიაგადამზიდავების შემოსვლა საქართველოს ბაზარზე მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში ტურიზმის განვითარებას.
პრეზენტაციის დასასრულს მხარეებმა საჩუქრები გაცვალეს. ღონისძიება საზეიმო ტორიტს გაჭრით დასრულდა.
http://www.interpressnews.ge/ge/ekonomika/...as-itsyebs.html This post has been edited by da_to on 1 Feb 2012, 20:51