http://www.interpressnews.ge/ge/ekonomika/...emebi-aqvs.html"აირზენაში" ადასტურებენ, რომ კომპანიას გარკვეული ფინანსური პრობლემები აქვს
12:33 29-02-2012
ავიაკომპანია "აირზენაში" ადასტურებენ, რომ კომპანიას გარკვეული ფინანსური პრობლემები აქვს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "აირზენას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა განუცხადა, კომპანიას პარიზის მიმართულებით რეისები, დაბალი დატვირთვის გამო, მაისამდე შეჩერებული აქვს, ხოლო ამსტერდამის რეისი, ასევე მგზავრთა ნაკადის შემცირების გამო, კვირაში სამის ნაცვლად, მხოლოდ ერთხელ სრულდება.
"კომპანიაში არსებული ფინანსური პრობლემებიც სწორედ აქედან გამომდინარეობს", - აღნიშნა გიორგობიანმა.
გუშინ პარლამენტში გამართული დებატებისას "ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა ნიკა ლალიაშვილმა განაცხადა, რომ ავიაკომპანია "აირზენა" რეისებს ხურავს.
"დაიხურა ამსტერდამის რეისი, იხურება პარიზიც. საქართველო ამით ათასობით სამუშაო ადგილს, მილიონობით ლარს ბიუჯეტში და კიდევ ბევრ კარგ სპეციალისტს კარგავს. ქვეყანა ასევე კარგავს ყველაზე საიმედო გადამზიდავს. შეგახსენებთ, რომ რუსეთ-საქართველოს ომის დროს, როცა ყველა ავიაკომპანიამ რეისები მყისიერად შეაჩერა, "აირზენა" იყო ერთადერთი, რომელიც სამი დღის განმავლობაში ფრენებს ახორციელებდა", - განაცხადა ლალიაშვილმა და აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ არ იბეგრება უცხოური ავიაკომპანიები, რომელთა მეშვეობითაც ქვეყნიდან მილიონობით დოლარი გაედინება.
"თუ ეროვნული ავიაკომპანიები არ გვინდა, მაშინ რატომ ვაშენებთ მესტიის, ფოთის აეროპორტებს? ვინ იფრენს იქ - ყატარის ავიახაზები?" - ჰკითხა ლალიაშვილმა მიხეილ სააკაშვილს.