ერთ წელიწადში თბილისის მიმართულებით flydubai-ს მგზავრთა რაოდენობა 114%-ით გაიზარდა
ავიაკომპანია flydubai–მ მომხმარებელს აქცია "ბავშვები მგზავრობენ უფასოდ" შესთავაზა.
შეთავაზების მიზანია მგზავრებს შესაძლებლობა მიეცეთ დუბაიში უფრო ხშირად იმოგზაურონ. ახალი პრომო აქცია ასევე მიზნად ისახავს ქალაქ დუბაის, როგორც წამყვანი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციას.
აქცია 2013 წლის 4 იანვრიდან 4 თებერვლამდე პერიოდში იმოქმედებს და მის ფარგლებში 12 წლამდე ბავშვები უფასოდ იმგზავრებენ.
flydubai-მ თბილისის მიმართულებით ფრენების შესრულება 2011 წლის 4 ნოემბრიდან დაიწყო და პირველი ავიაგადამზიდავი გახდა, რომელმაც გაერთიანებულ არაბეთის საემიროებსა და საქართველოს შორის პირდაპირი რეისი დანიშნა. ფრენების დაწყებიდან ერთი წლის თავზე ახალ მიმართულებაზე მოთხოვნა კიდევ იზრდება:
2011 წლის ნოემბრიდან 2012 წლის ნოემბრის ჩათვლით თბილისის მიმართულებით flydubai-ს მგზავრთა საერთო რაოდენობამ 114%-ით მოიმატა.
ამავე მიმართულებაზე მგზავრთა ნაკადის 185%-იანი ზრდა დაფიქსირდა 2011 წლის ნოემბრიდან 2012 წლის ოქტომბრის ჩათვლით წინა წლის იგივე პერიოდის მონაცემებთან შედარებით.
* * *
http://commersant.ge/?id=13847„ტავ ჯორჯიას“ შესაძლოა თბილისის აეროპორტის მართვის უფლება აღარ გაუგრძელდეს
commersant.ge
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენი ზოლის მშენებლობას სახელმწიფო თავად დააფინანსებს, ტავ ჯორჯიასთან კი ხელისუფლება მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს.
ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირკაშვილის განცხადებით, ძირითადი ვერსიით, ასაფრენი ზოლის მშენებლობას მოზიდული რესურსებით, ტავ ჯორჯია თვითონ გეგმავდა და ამის სანაცვლოდ 10 წელზე მეტი ხნით უგრძელდებოდა აეროპორტის ექსპლუატაციის ვადა.
,,დღეს ვმუშაობთ იმაზე, რომ ასაფრენი ზოლის მშენებლობის საკითხი გადავწყვიტოთ „ტავთან“ ერთად, მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომ ორმხრივი მოლაპარაკების საფუძველზე სახელმწიფომ თავის თავზე აიღოს ასაფრენი ზოლის მშენებლობა, სახელმწიფო თვითონ დააფინანსებს ასაფრენი ზოლის მშენებლობას და აღარ მოხდება 10 წლით კიდევ „ტავისთვის“ გაგრძელება,“ – აცხადებს კვირკაშვილი.
მისი თქმით, მთავრობა ამ თემაზე „ტავის“ გადაწყვეტილებას ელოდება.
შეგახსენებთ: თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კომპანია "ტავ ჯორჯია" ახალი ასაფრენი ზოლის მშენებლობისთვის 65 მილიონის ინვესტირებას გეგმავდა. ამ ინვესტიციის სანაცვლოდ, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია "ტავ ჯორჯიას" თბილისის აეროპორტის მართვის უფლება 2037 წლის ნოემბრამდე გაუხანგრძლივდა. სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ბილიკს F კოდი მიენიჭებოდა და ყველა ტიპის თვითმფრინავის მიღებას შეძლებდა.