თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები განახლებული, ზაფხულის სეზონის განრიგით შესრულდება. ფრენების ახალი განრიგის პრეზენტაცია აეროპორტში დღეს გაიმართა.
ზაფხულის სეზონზე, რომელიც 28 ოქტომბრის ჩათვლით გრძელდება, თბილისის აეროპორტში ფრენები განახლებული განრიგით შესრულდება და რეისების რაოდენობა მოიმატებს. 9 ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით რეისებს გაზრდილი სიხშირით შეასრულებს.
"მოხარული ვარ, რომ 2013 წლის ზაფხულის სეზონი ასეთი დატვირთული იქნება თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის. "ტავ ჯორჯია" მზად არის, ხელი შეუწყოს ყველა იმ ავიაკომპანიას, რომელიც თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში ოპერირებს. გაზრდილი სიხშირეები, ახალი მიმართულებები და ახალი ავიაკომპანიების შემოსვლა, დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქართული ავიაბაზრის განვითარებას", - განაცხადა "ტავ ჯორჯიას" გენერალურმა მენეჯერმა მეთე ერქალმა.
ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც დაესწრო, რომელმაც სტუმრებს სიტყვით მიმართა და "ტავ ჯორჯიას" წარტამებული საქმიანობა უსურვა.
მაისიდან უმსხვილესი იტალიური ავიაგადამზიდი "ალიტალია" რომის მიმართულებით პირდაპირ რეისს კვირაში 2-ის ნაცვლად, 4-ჯერ შეასრულებს. რეისების რაოდენობას ზრდის "ჩეხეთის ავიახაზებიც", რომელიც აპრილიდან მგზავრებს პრაღაში კვირაში 3-ჯერ ჩაიყვანს.
ზაფხულის სეზონის განმავლობაში, რომელიც ოქტომბრის ბოლომდე გასტანს, ფრენის სიხშირეს დაამატებენ "ეარ ასტანა", "ფლაი ჯორჯია", "ლოტ პოლონეთის ავიახაზები", "სკატ ეარი", "თურქეთის ავიახაზები", "უკრაინის ნაციონალური ავიახაზები" და "იუტ ეარ უკრაინა".
ზაფხულის სეზონის განმავლობაში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, პირველად შესრულდება პირდაპირი რეისები ბარსელონას, ბრიუსელის, სტოკჰოლმისა და ვარნის მიმართულებით, რომელსაც ავიაკომპანია Fly Georgia შეასრულებს.
ქართული ავიაკომპანია Fly Georgia, რომელიც გასულ წელს შეიქმნა და ზამთრის სეზონისთვის ფრენას მხოლოდ 6 მიმართულებით ასრულებდა, ზაფხულის სეზონიდან მგზავრებს შესთავაზებს რეისებს ანტალიაში, კიევში, ფრანკქფურტში, დუსელდორფსა და ჰურგადაში, ასევე დსთ-ს ქვეყნებსა და აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებებში.
Fiy Georgia ზაფხულიდან შიდა ფრენებსაც განახორციელებს. ფრენები ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებით შესრულდება.
ახალი სეზონიდან ქართულ ავიაბაზარზე რამდენიმე ახალი ავიაგადამზიდის შემოსვლაც იგეგმება, რომელთა შორის არიან უკრაინული "ეარ ონიქს ეარლაინსი" და "ისრეარ ეარლაინსი". მოლაპარაკება მიმდინარეობს ავიაკომპანია "ნოველეართან", რომელიც ჩარტერულ რეისებს ტუნისის მიმართულებით შეასრულებს.
http://www.interpressnews.ge/ge/ekonomika/...hesruldeba.html