http://geo.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...a-moutsevs.htmlფრენისას, მომსახურების კლასის გაუარესების დროს, ავიაკომპანიას მგზავრისთვის ანაზღაურების მიცემა მოუწევს
16:57 22-07-2012
ფრენისას, მომსახურების კლასის გაუარესების დროს, ავიაკომპანიას მგზავრისთვის ანაზღაურების მიცემა მოუწევს.
ამის შესახებ საუბარია "საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის, ფრენის გაუქმების ან ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევაში მგზავრებისათვის კომპენსაციის გაცემისა და დახმარების აღმოჩენის წესის დამტკიცების შესახებ" სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანებაში.
ბრძანების მიხედვით, იმ შემთხვევაში, როდესაც ავიაგადამზიდველს მგზავრი მომსახურების მაღალ კლასზე გადაჰყავს იმ კლასთან შედარებით, რომლისთვისაც შეძენილი იყო ბილეთი, მას უფლება არ ექნება მგზავრს მაღალი კლასით მომსახურებისათვის, თანხის დამატება მოსთხოვოს.
ხოლო, თუ ავიაგადამზიდველს მგზავრი გადაჰყავს შეძენილი ბილეთის კლასთან შედარებით მომსახურების დაბალ კლასზე, მაშინ კომპანია ვალდებული იქნება ჯავშნით ან/და ბილეთით გათვალისწინებული ფრენის დღიდან შვიდი დღის განმავლობაში, ბილეთის ღირებულების ნაწილი აუნაზღაუროს.
კერძოდ: ბილეთის ღირებულების 30% – 1500 კილომეტრამდე მანძილზე; 50% – 1500-დან 3500 კილომეტრამდე მანძილზე და 75% – 3500-ზე მეტ მანძილზე.
ეს წესი გავრცელდება მგზავრებზე, რომლებიც ახორციელებენ ფრენას საქართველოდან სხვა ქვეყანაში საქართველოს ან უცხო ქვეყნის ავიაგადამზიდველის მეშვეობით და ასევე მგზავრებზე, რომლებიც სხვა ქვეყნიდან საქართველოში, საქართველოს ავიაგადამზიდველის მეშვეობით მოფრინავენ.
ახალი წესები ძალაში 1-ელი სექტემბრიდან შევა.