ინტერვიუ ფრანგულ კომპანია Poma-ს საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელ ზაზა ნიკურაძესთან
- ფრანგული კომპანია Poma ჭიათურაში სამგზავრო-საბაგიზრო გზების მშენებლობით დაინტერესდა. გასულ კვირაში გაფორმდა მემორანდუმიც, იქნებ ცოტა უფრო ვრცლად გვითხრათ ამ კომპანიის ისტორიის შესახებ – როდის დაფუძნდა და რა საქმიანობას ეწევა?
- კომპანია“ პომაგალსკის“ ისტორია დაახლოებით 1936 წლიდან მოდის. 80 წელია მსოფლიო ბაზარზე ფიგურირებს და ერთ-ერთ უძლიერეს კომპანიად ითვლება. მსოფლიოში ამ მიმართულებით სულ 3 უძლიერესი კომპანიაა. ერთ-ერთი „პომაგალსკია“. მას დაახლოებით 80-მდე ქვეყანაში აქვს აშენებული საბაგირო გზები. ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ლონდონის ოლიმპიადისთვის აშენებული ეშმაკის ბორბალი. ასევე მისი ხელმძღვანელობით ჩინეთში შეაერთეს ორი კუნძული საბაგირო გზებით. ეს კომპანია დააარსა პომაგალსკიმ, შემდეგ ამ კომპანიას ეწოდა „პომა“.
Poma უკვე 4-5 წელია საქართველოში მოღვაწეობს. მაგალითად, სვანეთში გააკეთეს ჰაწვალის საბაგირო, ასევე ამ კომპანიამ გააკეთა გუდაურში ყველაზე დიდი საბაგირო ამიერკავკასიაში, რომელიც შარშანწინ გაიხსნა. ასევე Poma-ს სახელს უკავშირდება თეთნულდში საბაგიროს მშენებლობა. ეს ძალიან ძლიერი პროექტია, შარშან ბუნებრივი პირობების გამო დროებით დავაკონსერვეთ მუშაობა, მაგრამ წელს უკვე განახლდა სამუშაოები. დაახლოებით 2016 წლისთვის მესტიაში გვექნება მსოფლიოში უნიკალური სამთო-სათხილამურო კურორტი.
გარდა ამისა, ერთი წლის წინ, საქართველოს მთავრობის თხოვნით ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ჭიათურის პროექტზე. შარშან, როდესაც ფრანგები იყვნენ ჩამოსულები, ჭიათურის რელიეფით აღფრთოვანებულები დარჩნენ. მათი თქმით, მსოფლიოში არ არის ისეთი ქალაქი, რომელსაც ამდენი საბაგირო აქვს.
როგორც აღნიშნეთ, Poma-ს საქართველოში წარმოადგენს IMEDI SAS. ეს კომპანია დაფუძნდა 1989 წლის 15 მაისს ქართული წარმოშობის ემიგრანტების მიერ. IMEDI SAS-ის პარტნიორები არიან ისეთი მსხვილი ფრანგული კომპანიები, როგორებიცაა THALES, RENAULT, POMA, AIRBUS, EUROCOPTER, SOCIETE GENERALE, GEMALTO, AIR FRANCE და ასე შემდეგ. IMEDI SAS საფრანგეთში პირველი კატეგორიის კომპანიად ითვლება.
დღეს კომპანია IMEDI SAS-ის პრეზიდენტი საფრანგეთში არის ბატონი გიორგი ცნობილაძე, ამავე კომპანიაში მუშაობს პოლ ცნობილაძე. ბატონი სერგო იაკობიძე IMEDI SAS კიევის წარმომადგენლობის ხელმძღვანელია. საქართველოში კი მე და ბატონი გიორგი ფალიანი (პროექტის მენეჯერი) ვსაქმიანობთ. ჩვენ ვითვლებით ფრანგული კომპანიის თანამშრომლებად, გამოდის, რომ ქართველები დასაქმებულები ვართ. ყველა პროექტს, რომელსაც ახორციელებს კომპანია IMEDI SAS-ი საქართველოში, ასეთ პირობას ვუყენებთ ხოლმე კომპანიონებს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა დაასაქმოს.
- ჭიათურის პროექტშიც ასე იქნება – ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება? დასაქმებული მუშახელის საშუალო ანაზღაურება რა იქნება, ხომ არ არის უკვე განსაზღვრული?
- რა თქმა უნდა ადგილობრივები, საქართველოს მოქალაქეები დასაქმდებიან. ტექნოლოგიური მხარე ფრანგულია, ამიტომ ფრანგები მხოლოდ მონტაჟის დროს ჩაერევიან. ამაზე ჩვენ მუნიციპალიტეტთანაც გვქონდა საუბარი. ეს არის პირველი პრინციპი, რომელსაც ჩვენც და ბატონი გიორგი ცნობილაძეც ეყრდნობა, რომ დასაქმდეს ადგილობრივი მოსახლეობა. რაც შეეხება ხელფასებს, ამაზე ვერ გიპასუხებთ იმიტომ, რომ სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი მე არ ვარ. ეს იმის პრეროგატივაა, ვინც ამას ააშენებს.
- როდის დაიწყება და დასრულდება ჭიათურის საბაგირო გზის მშენებლობა?
- მემორანდუმს ხელი უკვე მოეწერა. ხელშეკრულებას უახლოეს თვეებში მოეწერება ხელი და ალბათ ამ წლის ნოემბრიდან ნელ-ნელა ტვირთები შემოვა.
- რა ოდენობის ინვესტიციაზეა საუბარი და მოგების მიღებას რამდენ ხანში ელოდებით? გარდა ამისა, საბაგიროთი მგზავრობის ღირებულება ახლა 20 თეთრია, აღნიშნული ინვესტიციის ჩადება ხომ არ აისახება ფასზე, ანუ ხომ არ გაძვირდება მგზავრობა?
- ჭიათურის საბაგირო გზების რეკონსტრუქციაზე 13.2 მილიონი ევრო დაიხარჯება. რაც შეეხება ფასს, ის არ შეიცვლება. ჩვენ გვქონდა მუნიციპალიტეტთან, ბატონ სულხან მახათაძესთან შეხვედრა და შევთანხმდით, რომ ტრანსპორტი იქნება დოტაციაზე. ეს არ არის მომგებიანი და კომერციული ტრანსპორტი ჭიათურისთვის. ამას რომ მუნიციპალური და სოციალური დატვირთვა ჰქონდა, იმიტომ გამოყო საფრანგეთის მთავრობამ 20 წლიანი (6 წლიანი საშეღავათო პერიოდით) სესხი. მისი წლიური საპროცენტო განაკვეთი 0.17% -ია. ეს არის სახელმწიფო სესხი და მის დაფარვაში საქართველოს საფრანგეთის მთავრობაც დაეხმარება.
- საქართველოში სხვა პროექტებით თუ დაინტერესდებით, მაგალითად, „პანორამა-თბილისის“ პროექტით, რომელიც თავის თავში გულისხმობს საბაგიროების მშენებლობას?
- გუდაურში, მესტიაში უკვე გავუშვით საბაგირო. გარდა ამისა, ქართული მხარე წინადადებით შემოვიდა, რომ გაკეთდეს მცხეთა-ჯვრის საბაგირო. თუმცა, როგორც მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, ეს პროექტი „იუნესკოსთან“ უნდა შეთანხმდეს.
- თეთნულდის და გუდაურის პროექტებიც შეღავათიანი სესხით გაკეთდა და არც ესენია კომერციულად მომგებიანი?
- როგორც უკვე ვთქვი, ეს არის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთდახმარების თემა და კომერციალიზაციაზე ლაპარაკი ნაადრევია. თუმცა ჭიათურისგან განსხვავებით, თეთნულდის და გუდაურის პროექტი საქართველოს მოგებას მოუტანს. ჭიათურა კი პირიქით, დოტაციაზე იქნება. რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. ჭიათურაში საშინელი მდგომარეობაა, იქ საბაგირო ისეთ დღეშია, რომ არ ვიცი, ფრანგებთან ერთად ჩასულები რომ ვიყავით და ვნახეთ, ვთქვით, რომ ჭიათურაში ამის გამო გმირი ხალხი ცხოვრობს. მათი თქმით, ამ საბაგიროთი მოძრაობა თითქმის შეუძლებელია.
სამთო-სათხილამურო კურორტები წლების განმავლობაში ვითარდება, ასე ერთიანად და უცებ არ არსებობს. საფრანგეთშიც ასეა. ქართველებს ნუ გვაქვს ქართული სულსწრაფობა, რომ ყველაფერი მაშინვე და უცებ გვინდა. ამას უნდა დრო.
- როგორც ვიცი, ჭიათურის ერთ-ერთი საბაგირო 1953 წელს არის აშენებული და ის იმდენად ძველია, რომ ფრანგებმა მისი საფრანგეთში წაღების სურვილი გამოთქვეს როგორც სამუზეუმო ექსპონატის. ეს საბაგირო „ჭიათურმანგანუმის“ საკუთრებაა, დათანხმდა ქართული მხარე?
- დიახ, ფრანგებმა თქვეს, რომ ეს არის სამუზეუმო ექსპონატი, რაც შეეხება წაღებას, ეს „ჭიათურმანგანუმის“ გადასაწყვეტია. საფრანგეთმა უბრალოდ სურვილი გამოთქვა.
- როგორც ვიცი, კომპანია Poma-მ გამოთქვა მზაობა, რომ „ჭიათურმანგანუმს“, რომელიც 11 საბაგიროს ფლობს, მისცეს დაბალპროცენტიანი კრედიტი. რა ხდება ამ მიმართულებით?
- დიახ, ჩვენ გვქონდა საუბარი „ჭიათურმანგანუმთან“. გარდა ამ საბაგიროებისა, ასევე მოძველებულია მაღაროს გზები. ამ მაღაროში ტვირთის გადაზიდვაც ხომ საბაგიროთი ხდება. იყო საუბარი ამის რეკონსტრუქციაზე. Poma გამოთქვამს მზადყოფნას, რომ დააპროექტოს და გააკეთოს როგორც სამრეწველო, ასევე სამგზავრო საბაგირო გზები. თუ „ჭიათურმანგანუმი“ მზადყოფნას გამოთქვამს, მაღაროშიც მოხდება რეკონსტრუქცია. ჩვენ მათ შარშან შევხვდით, წელს კი სამწუხაროდ ვერ შეგვხდნენ. „ხელმძღვანელობა ამერიკაშია და პასუხსაც ვერ გაგცემთო“ - ასეთი იყო მათი მხრიდან პასუხი.
სრულად:
http://commersant.ge/?menuid=87&id=11501&lang=1