რუსეთთან საავტომობილო გზა შესაძლოა პარასკევს გაიხსნას
ტურიზმის ადმინისტრაციის წარმომადგენლის არაოფიციალური ინფორმაციით, დარიალის ხეობაში საქართველო–რუსეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა 13 ივნისს გაიხსნება.
როგორც commersant.ge–ს სიკო გეგიაძემ განუცხადა, ამის შესახებ ინფორმაცია საკუთარი წყაროებიდან აქვს, თუმცა საავტომობილო გზების დეპარტამენტი ოფიციალურ ინფორმაციას დროებითი გზის აღდგენის შესახებ ამ დრომდე არ ავრცელებს.
რაც შეეხება რუსი ტურისტების საქართველოში ვიზიტებს, გეგიაძის თქმით, სახმელეთო გზის არარსებობა, რა თქმა უნდა, ამ მხრივ შემაფერხებელი ფაქტორი იყო, თუმცა ეს ტურისტების რაოდენობაზე მნიშვნელოვნად არ ასახულა.
„ტურისტული სეზონი მაინც 20 ივნისიდან იწყება და კარგია, რომ გზაც ოპერატიულად გაიხსნება“, – აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ დარიალის ხეობაში 17 მაისს ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად ლარსის საბაჟო პუნქტი ამ დრომდე ჩაკეტილია. შესაბამისად შეჩერებულია სავაჭრო კავშირები რუსეთთან. ექსპორტიორთა ნაწილის ინფორმაციით, დროებითი გზა 15 ივნისს უნდა გაიხსნას, გზების დეპარტამენტში კი კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებენ და აცხადებენ, რომ გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
http://commersant.ge/?menuid=91&id=12233&lang=1