საქართველოს რესპუბლიკა
2010-03-20
ქვეყნის პირველი მეტრომშენებელი: ვიქტორ გოცირიძე - 100
ძნელად მოსაძებნია საქართველოში ვიქტორ გოცირიძისთანა მეორე პიროვნება, რომლის ხელმძღვანელობითაც იმდენი რამ აშენებულიყოს და შექმნილიყოს თანამედროვეობის და მომავალი თაობებისათვის. საქართველოში თითქმის არ არსებობს ქალაქი ან რაიონი, სადაც მას თავისი კვალი არ ჰქონდეს დატოვებული. საქართველოს ენციკლობედიაში მოხსიენებულია, როგორც ქვეყნის პირველი მეტრომშენებელი.
მეოცე საუკუნის გარიჟრჟზე დაბადებულ ვიქტორ გოცირიძეს ბედმა არგუნა უმძიმესი გამოცდის, ხიფათის და განსაცდელის ძნელი გზა: სოფელი რაჭაში, მრავალსულიანი ღარიბი ოჯახი, ბავშვობიდან ფიზიკური შრომა და სწავლა რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ სკოლაში, შემდეგ "მუშფაკი" მოსკოვში, საერთო საცხოვრებელი, ავტოსაგზაო ინსტიტუტი. ინსტიტუტის შემდეგ მუშაობდა ინჟინრად მოსკოვის მეტროპოლიტენის მშენებლობაზე, 1937 წლიდან სამამულო ომის დაწყებამდე - თბილისში ქალაქის აღმასკომის სამმართველოს მთავარ ინჟინრად. ომის დროს - ამიერკავკასიის ფრონტის შტაბში სამხედრო მიმოსვლის სამსახურში, ომის შემდეგ კი 1952 წლამდე - ამიერკავკასიის რკინიგზის სამგზავრო სამსახურის უფროსად და 1952 წლიდან, როდესაც დაარსდა თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობის კოლექტივი, ჯერ უფროსის მოადგილედ, შემდეგ კი სიცოცხლის ბოლომდე "თბილმეტრომშენის" უცვლელ უფროსად.
ასეთი იყო ვიქტორ გოცირიძის ცხოვრების და ნახევარ საუკუნეზე მეტი დაუღალავი შრომის გზა, მან მთელი თავისი ენერგია, გამოცდილება და მაღალერუდირებული პროფესიონალიზმი სამშობლოს შენებას მოანდომა.
მისი უშუალო ხელმძღვანელობით საქართველოში აშენებულია: რკინიგზის გვირაბები მცხეთაში, შორაპანში, მწვანე კონცხზე აჭარაში და 24 გვირაბი ზესტაფონი-ჭიათურის ხაზზე; ოთხკილომეტრიანი საავტომობილო გვირაბები სურამში და როკში; მელიორაცისათვის ჰიდროტექნიკური გვირაბები: ტაშისკარის, წებედის, ტირიფონის, ლამისყანის, მარტყოფის, წებელდის, ალგეთის და ნადარბაზევის; უნიკალური მიწისქვეშა საცავების კომპლექსები: ყვარელში - ღვინის, სკრაში - ხილის, ხელვაჩაურში - ხილის და ბოსტნეულის; უმშვენიერესი ახალი ათონის გამოქვაბულების კომპლექსი; ბაკურიანში ცხრა წყაროს უღელტეხილზე კოსმოსური სხივების ლაბორატორია მსოფლიოში უმძიმესი 1100-ტონიანი მაგნიტის დამონტაჟებით; მეჯვრისხევის მეფრინველეობის ფაბრიკა; ბორჯომ-ლიკანში სანატორიუმის შენობების კომპლექსი; საავტომობილო გზა მაღალმთიან ომალოში; მრავალი ზვავსაწინააღმდეგო, დამცავი საინჟინრო ნაგებობა საქართველოს სამხედრო გზაზე და ბევრი სხა.
დედაქალაქში მისი ხელმძღვანელობით აგებულია: მეტეხის გვირაბები, მტკვრის სანაპიროს მნიშვნელოვანი ნაწილი, ფიზიკის ინსტიტუტი, გეოფიზიკის მიწისქვეშა სეისმური ლაბორატორია, მეტროპოლიტენის და რკინიგზის ფოსტამტის ადმინისტრაციული შენობები, პირველი მიწისქვეშა გადასასვლელები, საცხოვრებელი სახლები 3000-ზე მეტი ბინით და რაც მთავარია - თბილისის მეტროპოლიტენი 21 მშვენიერი სადგურით, 53 კილომეტრი სადგურების დამაკავშირებელი გვირაბებით და ინფრასტრუქტურით.
მეტროპოლიტენის ყოველ სადგურში ვიქტორ გოცირიძის სიცოცხლის ნაწილია ჩაქსოვილი და ჩვენ გვჯერა, რომ იქ მისი სული ტრიალებს.
ჩვენ, ვეტერანებს, გვახსოვს მეტროპოლიტენის მშენებლობისათვის ტრაგიკული 1953 წელი, როდესაც საკავშირო მინისტრთა საბჭომ 7 სექტემბრს გამოიტანა დადგენილება თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობის ლიკვიდაციის შესახებ.
სწორედ მაშინ იჩინა თავი ქართველი საზოგადოების, მეტრომშენებლების და მეტრომშენებლობის ერთ-ერთი ფუძემდებლის ვიქტორ გოცირიძის შემართებამ და, შეიძლება თქმა, თბილისის მეტრო დაღუპვას გადაურჩა. ორი წლის შემდეგ მიწისქვეშა გამონამუშევრებს მიენიჭა თავდაცვის ნაგებობების სტატუსი და მეტროში მუშაობა ოფიციალურად განახლდა. შექმნილ სიტუაციაში დიდი როლი ითამაშა ვიქტორ გოცირიძის მონდომებამ, პრინციპულობამ და დაუღალავმა მოქმედებამ, მისმა ავტორიტეტმა ზემდგომ ორგანოებში.
ყველას ახსოვს 90-იან წლებში რა გადამწყვეტი როლი ითამაშა მეტროპოლიტენმა, როგორც საიმედო ტრანსპორტმა, მგზავრობის უზრუნველსაყოფად, როდესაც ქალაქი უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ვიქტორ გოცირიძემ თავისი დიდი ორგანიზატორული ნიჭი მოახმარა მის ერთ-ერთ მთავარ მონაპოვარს - მეტრომშენებლობის ქართული სკოლის შექმნას. მისი წარმომადგენლები დაეხმარნენ მეტროპოლიტენის მშენებლობაში მოსკოვში, ეკატერინბურგში, ბაქოში, ერევანში, ტაშკენტში და ამჟამადაც მუშაობენ საზღვარგარეთის რამდენიმე ქალაქში.
მეტროპოლიტენის და სხვა ობიექტების მშენებლობის დროს ვიქტორ გოცირიძის ხელმძღვანელობით "თბილმეტრომშენმა" დანერგა მრავალი ტექნიკური სიახლე: მაღალი წარმადობის მექანიკური ფარი; მექანიკური ფარი პრესბეტონის სამაგრის მოწყობის კომპლექსით; გვირაბგამყვანი კომბაინი; ნაშხეფბეტონის სამაგრი; მოძრავი ლითონის ყალიბი ერთთაღიანი სადგურისათვის; გრუნტების ღრმა ცემენტაცია და ბევრი სხვა.
მისი უშუალო დახმარებით "თბილმეტრომშენში" პირველად საქართველოში და საბჭოთა კავშირში განხორციელდა უბნის იჯარა და მშენებლობის ღირებულების გაანგარიშება კომპიუტერის გამოყენებით, რაც მოიწონა საქართველოს "საქმშენმა" და მშენებლობის სამინისტრომ.
მისი, როგორც თბილისის საპატიო მოქალაქის, საქართველოს დამსახურებული ინჟინრის, შრომის გმირის, სახელმწიფო პრემიის ლაურეატისა და ღვაწლმოსილი თანამემამულის სახელი საზოგადოებრიობის თხოვნით მეტროპოლიტენის სადგურს მიენიჭა. მაგრამ რამდენიმე ხნის წინათ, ჩვენდა სამწახუროდ, სადგურ "ვიქტორ გოცირიძეს" სახელი შეეცვალა.
ჩვენს მახსოვრობაში ვიქტორ გოცირიძე დარჩება, როგორც დიდი პიროვნება, ჭეშმარიტი პატრიოტი, საქმის ერთგული, გაბედული ინჟინერი და ნიჭიერი ორგანიზატორი, ამავე დროს მომხიბლავად გულისხმიერი და კაცთმოყვარე ადამიანი.
ვიქტორ გოცირიძეს დავიწყება არ უწერია.
მეტრომშენებლობის ვეტერანთა ჯგუფი.
http://www.open.ge/index.php?m=12&y=2010&art=6054 * * *
http://24saati.ge/index.php/tenders/view/8075