ინტერვიუ დავით შავლიაშვილთან –
გაზეთი "ახალი თაობა" ავტორი: შორენა გონგლაძე 02.12.2013
ჩვენთვის გზის ხარისხია პრიორიტეტი და არა მისი დასრულებამდე გახსნის ცერემონიალი
სანამ ნაცმოძრაობა ქვეყანაში შეჩერებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მოთქვამდა ინფრასტრუქტურის მინისტრი დედაქალაქის მერობის კანდიდატად დასახელდა. პროექტები რომლებსაც ეს სამინისტრო უწევს კოორდინაციას მართლაც ყველა ჩვენგანს ეხება და სჭირდება -Gგზა, წყალი, ნაგავსაყრელები და ა.შ. ჩვენ ამ შემთხვევაში გზებით დავინტერესდით და წლის ბოლოს ვსვამთ კითხვებს საგზაო პროექტებიდან რა შეჩერდა, რა ვერ მოესწრო ან რა მეტი და უკეთესი გაკეთდა. ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად კი საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან დავით შავლიაშვილთან ინტერვიუს გთავაზობთ:
- ბატონო დავით, როგორ არის გზების რეაბილიტაციისა და მშენებლობის საქმე?
- გმადლობთ კარგად. გზების რეაბილიტაციისა და მშენებლობის პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობს. წელს იმაზე მეტი გზა შევიდა სარეაბილიტაციო ობიექტების ნუსხაში, ვიდრე წინასწარ იყო დაგეგმილი. ამას ბევრი შეხვედრისა და მუშაობის შედეგად მივაღწიეთ. დამატებით მოვითხოვეთ თანხები ახალი პროექტების დასაფინანსებლად და შესაბამისად, მეტი ვალდებულებაც ავიღეთ. და ეს ვალდებულება შეასრულეთ?
რათქმაუნდა. ზოგი უკვე დასრულდა ან წლის ბოლომდე დასრულდება, ზოგიც გარდამავალი ობიექტია და მომავალ წელს ჩავიბარებთ.
- უფრო კონკრეტულად. რომელი გზები დაემატა წინასწარ გეგმას?
- წლის გეგმით გათვალისწინებულ პროექტებს ჟინვალი-თიანეთის, მესტია-უღვირის, წნორი-დედოფლისწყარო-ქვემო ქედის, ახალქალაქის მონაკვეთების რეაბილიტაციის პროექტები დაემატა.
Aასევე, გაგრძელდა 2012 წლის ბოლოს შეჩერებული 7 საგზაო პროექტი. ესენია: ვანი-სულორის, მონგირი-ახუთის, მუხური-თაიას, ხობი-საჯიჯაო-ლესიჭინეს, ადიგენი-ზარზმის, წყალტუბო-ხონისა და ჯვარზენი-ჩქვალერი-საჩინოს გზების რეაბიიტაციის პროექტები. ამ გზების რეაბილიტაციის სამუშაოებზე წინა ხელისუფლების დროს ერთ პირთან მოლაპარაკების წესით იყო დადებული ხელშეკრულებები, რაც საეჭვოდ იქნა მიჩნეული. ამიტომ, ტენდერები თავიდან ჩატარდა და სამუშაოები წელს განახლდა.
გარდა ამისა, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები. დიდ ობიექტებს შორის კობი-გუდაურის გზის რეაბილიტაციის პროექტს გამოვარჩევ თავისი სოციალურ-ეკონომიკური თუ სტრატეგიულ-პოლიტიკური მნიშვნელობით. არადა, არც ამ გზას და არც აქ არსებულ გვირაბებს ბოლო 25 წელია რეაბილიტაცია არ ჩატარებია. ამ დღეებში გუდაური-კობის მონაკვეთს ოფიციალურად გავხსნით. საერთოდ მიტოვებული და პრაქტიკულად გაუვალი იყო ლარსის გამშვებ პუნქტთან ნეიტრალურ ზონაში არსებული საგზაო მონაკვეთი. აქ კაპიტალურად შეკეთდება გზაც, არსებული ხიდიც და გვირაბიც. ამ პროექტის დასრულებასაც წლის ბოლომდე ვგეგმავთ.
ახალი ტექნოლოგიები გამოვიყენეთ რამდენიმე ობიექტის რეაბილიტაციისას. კერძოდ, თიანეთი-ზარიძეების 9 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციის პროექტში 100 მეტრიან მოძრავგრუნტიან მონაკვეთზე მზიდუნარიანობის გაზრდის მიზნით, ასფალტის ორ ფენას შორის ეწყობა ბაზალტის ბადე. შეიძლება ითქვას, ეს ერთგვარი ექსპერიმენტია და შემდგომ მსგავს პრობლემურ მონაკვეთებზეც განვიხილავთ ამ ტექნოლოგიის გამოყენების საკითხს. გზის მიმდებარე ინფრასტრუქტურაც და სანიაღვრე სისტემაც უფრო თანამედროვე ტექნოლოგიით კეთდება.
ზაჰესი-ნატახტრის მონაკვეთის რეაბილიტაციისას, ასფალტბეტონის სასიცოცხლო ციკლის გახანგრძლივებისათვის აპრობირებული თანამედროვე ტექნოლოგიები გამოვიყენეთ. ასფალტის საცვეთი ფენა ბიტუმის ადგეზიური დანამატით მოეწყო, ხოლო ხიდებზე - ღორღოვან-მასტიკური ასფალტის ფენა.
გორისა და რიკოთის საუღელტეხილო გვირაბებში კომუნიკაციების მართვის თანამედროვე მაღალტექნოლოგიური სისტემები დავამონტაჟეთ. მართვის პუნქტები აღჭურვილია თერმული სენსორებით, რომლებიც გვირაბში მავნე აირების კონცენტრაციის მონიტორინგსა და სპეციალური ტექნოლოგიით მის გაწოვას, ასევე, ხანძრის კერის მომენტალურად აღმოჩენასა და ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების ავტომატურად მართვას უზრუნველყოფენ.
სარფში კლდის მასივიდან ქვათაცვენის შეჩერების სამუშაოებსაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ვასრულებთ. ამ მონაკვეთზე ოქტომბერში ძლიერი შტორმისაგან დაზიანებული საგზაო მონაკვეთების რეაბილიტაციასაც ვაწარმოებთ.
საბოლოო ჯამში, წლის ბოლოსთვის, ქვეყნის მასშტაბით, 250 კმ-მდე გზის რეაბილიტაციას დავასრულებთ. უკვე ვმუშაობთ მომავალი წლის გეგმის დაზუსტებაზეც.
- დღეს შეგიძლიათ მომავალი წლის გეგმაზე გვესაუბროთ? რომელი გზების რეაბილიტაციას აპირებთ?
- ძირითად პროექტებზე შემიძლია გესაუბროთ. განსაკუთრებით საინტერესო იქნება საზოგადოებისათვის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩვენს მიერ შემუშავებული პრიორიტეტული გზების ნუსხაში წლების მანძილზე ყველაზე მიტოვებული გზები შევიტანეთ. ეს არის: ხულო-ზარზმის, ქუთაისი-ბაღდათის, ნატახტარი-სტეფანწმინდის, ბანძა-ხონის, ზესტაფონი-ბაღდათის, გომი-საჩხერის, სენაკი-ფოთის, ონი-შოვისა და შუახევი-ხულოს მონაკვეთები. ასევე, ძირულა-ხარაგაულის გზის ცალკეული მონაკვეთები, სტეფანწმინდაში გერგეთის სამებასთან მისასვლელი გზა, ალპანა-ცაგერის გზის მომდევნო მონაკვეთი (ორბელი-ცაგერი), ფშაველი-ომალოს მიმართულებით ვგეგმავთ პირველი 8 კმ. გზის რეაბილიტაციას. გაგრძელდება მესტია-უღვირის გზის რეაბილიტაცია.
ახალი ხიდები მოეწყობა ხაშური-ახალციხე-ვალეს გზაზე - მდ. ფოცხოვზე, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე – მდ. ჩხერასა და მდ. ბიდარაზე, ნატანები-შრომა-ურეკის გზაზე – მდ. სეფაზე. ვიწყებთ ქვეყნის მასშტაბით ხიდების გამოცდისა და მონიტორინგის პროცესს. რაც აქამდე წლეაბია არ გაკეთებულა.
ჩამონათვალი უფრო ვრცელი იქნება და გარწმუნებთ, რომ შთამბეჭდავიც.
-ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობაზე რა ხდება? როდის ჩავალთ უწყვეტი ავტობანით დასავლეთში?
- წელს დასრულდა ქობულეთის შემოვლითი გზის პირველი ლოტის, 12 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა. მისი ექსპლუატაციაში გაშვებისათვის საჭირო გახდა ტრასის ბოლო მონაკვეთის საჯავახო-ოზურგეთი-ქობულეთის ს/გზის ოზურგეთი-ქობულეთის მონაკვეთთან (კმ67-კმ71) მიერთება, ეს გზა დაზიანებული იყო და რეაბილიტაციას საჭიროებდა. ამიტომაც გადავწყვიტეთ დამატებითი სამუშაოების სახით ოზურგეთი-ქობულეთის გზის 4,3 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია ჩაგვეტარებინა. რამდენიმე მონაკვეთზე, გზის გაფართოვებაც გახდა სა|ჭირო.
ასევე, აქტიურად მიდის ქუთაისის შემოვლითი და სამტრედიის გზის მშენებლობა. ამ ობიექტზე ჩვენ წლის ბოლოსთვის 17 კმ-იან მონაკვეთზე ბეტონის საფარის დაგებას დავასრულებთ. გაზაფხულისთვის კი ახალ გზაზე მოძრაობის გადართვას შევძლებთ.
რუისი-აგარის 19 კმ–იან მონაკვეთზე წლის ბოლომდე 4 კმ-ზე ბეტონის საფარის დაგებას დავასრულებთ. 3 სახიდე გადასასვლელის მშენებლობა თითქმის დასრულებულია, აშენდა 6 მიწისქვეშა გასასვლელი და 26 რკინაბეტონის წყალგამტარი. წელს ამ მონაკვეთზე ძირითადად, ხელოვნური ნაგებობებისა და გზის საფუძვლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობდა. სამშენებლო კომპანიამ, რომელიც ამ ობიექტზე მუშაობს, უახლესი ბეტონდამგები ტექნიკა შემოიყვანა. ამ მექანიზმებმა რუისი-აგარის მშენებარე მონაკვეთზე მუშაობა უკვე დაიწყო და 3 კილომეტრამდე მონაკვეთზე ბეტონის საფარი დაგებულია.
ქუთაისის შემოვლითი-სამტერდიის გზაზე ტექნოლოგიური ციკლის დაცვის საშუალება თუ იქნებოდა, თავისუფლად შეგვეძლო წელს შემოვლითი გზა მთლიანად, ხოლო სამტრედიის მონაკვეთის 14 კმ-ც დაგვესრულებინა და მოძრაობა ახალ გზაზე გადაგვერთო, მაგრამ გახსოვთ ალბათ რა წვიმიანი იყო ზაფხული და ამან დიდი დრო დაგვაკარვგვინა. იმისათვის, რომ გვეტრაბახა რა მაგრები ვართ ამდენი მოვასწარითო გზის საფუძვლის მშენებლობის ტექნოლოგიას ვერ შევცვლიდით. გზის საფუძველი სანამ არ დაიტკეპნება, არ დაჯდება და საინჟინრო ტექნოლოგიით განსაზღვრულ დროში არ გაივლის ტესტირებას მანამდე მასზე ბეტონის დაგება არ შეიძლება. Aამ გზამ ხომ ათეულობით წლების მანძილზე უნდა იმუშავოს. ჩვენთვის პირველ რიგში გზის ხარისხია პრიორიტეტი და არა მისი დასრულებამდე გახსნის ცერემონიალი. მაშინ როდესაც ხელშეკრულებით მშენებელს ჩაბარების დრო ორი წელი აქვს, მას ტექნოლოგიის დარღვევით და ხარისხის ხარჯზე დაჩქარებას არ მოვთხოვთ.
ასევე, გამოცხადდა აგარა-ზემო ოსიაურის 12 კმ-იანი გზის მშენებლობაზე ტენდერი და ამ მონაკვეთზე მშენებლობა მალე დაიწყება.
ჩქაროსნული მაგისტრალის საკვანძო მონაკვეთია სამტრედია-გრიგოლეთის გზაც, რომლის მშენებლობა 4 ლოტად განხორციელდება. ამ გზის პირველი ლოტის (12 კმ-იანი მონაკვეთის) მშენებლობაზე სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს. 2014 წლის დასაწყისიდან აქ უკვე სამშენებლო სამუშაოების დაწყებას ვგეგმავთ. მომდევნო სამ ლოტზე 2014 წელს ტენდერები ეტაპობრივად გამოცხადდება.
ყველაზე რთულ ობიექტად ითვლება რიკოთის უღელტეხილიდან ზესტაფონის მიმართულებით, ჩუმათელეთი-არგვეთის მონაკვეთი. 2014 წლისთვის მომზადდება ამ გზის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის პროექტი, რაც მშენებლობისათვის დონორების მოძიების წინაპირობა იქნება. სწორედ ამ მონაკვეთის მშენებლობის შემდეგ შეიკვრება თბილისი-ფოთის ჩქაროსნული მაგისტრალი.
ერთი სიტყვით, ჩქაროსნული გზის მშენებლობის პროექტით გათვალისწინებულ თითქმის ყველა მონაკვეთზე მომდევნო ორ წელიწადში სამშენებლო აქტივობა გვექნება. უწყვეტი ჩქაროსნული გზის პერსპექტივაც დაახლოებით ამ ვადებში გამოჩნდება და უფრო ზუსტად მომავალში გეტყვით.
https://www.facebook.com/photo.php?fbid=552...21760071&type=1