ბაქო-ყარსის რკინიგზის ქართულ მონაკვეთზე პირველი მატარებელი ამ წლის ბოლოს გაივლის
ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის ქართულ მონაკვეთზე სამუშაოების 50% შესრულებულია.
ამის შესახებ commersant.ge–ს შპს "მარაბდა-კარწახის რკინიგზაში" განუცხადეს.
მათი თქმით, მხოლოდ ახალქალაქის ვაგზლის მშენებლობის 50% დასრულებულია. ამ სადგურზე დასაქმდება 1000-მდე ადამიანი,
ჯამში კი - 1500-1600 ადამიანი. კონტრაქტორ კომპანიებს აღებული აქვთ ვალდებულება, რომ მშენებლობის პროცესში დასაქმებულთა
70%-ს საქართველოს მოქალაქეები უნდა წარმოადგენდნენ, ეს მაჩვენებელი დღევანდელი მონაცემებით 80%-ს აღწევს.
პროექტის ფარგლებში საქართველოსა და თურქეთს დააკავშირებს 4,4 კმ. სიგრძის სარკინიგზო გვირაბი. საქართველოს მხარეს გვირაბის
სიგრძე 2070 მეტრია. აქედან დახურული წესით გასაყვანია 1830 მეტრი, ხოლო ღია წესით დასამუშავებელია 240 მეტრი, საქართველოს
მხრიდან გაყვანილია 206 მეტრი, ხოლო თურქეთის საზღვრიდან საქართველოს მიმართულებით - 622 მეტრი.
კომპანიაში აცხადებენ, რომ სამუშაოები ყოველდღიურად მიმდინარეობს და პროექტი დათქმულ ვადებში დასრულდება. კერძოდ, 2014
წლის ბოლოს მონაკვეთზე გაივლის სამუშაო (სატესტო) მატარებელი, ხოლო პროექტის ექსპლუატაციაში შესვლა 2015 წლის ბოლოსთვის
არის დაგეგმილი.
საწყის ეტაპზე ტვირთბრუნვის სიმძლავრე იქნება 5 მლნ. ტონა წელიწადში, ხოლო განვითარების შემდეგ შესაძლებელი იქნება ამ
მაჩვენებლის 15 მლნ. ტონამდე გაზრდა.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა არის მსოფლიო დონის მნიშვნელობის მქონე პროექტი, რომელიც დააკავშირებს აზიისა და ევროპის
კონტინენტებს. მაგისტრალის ამოქმედებისთანავე ჩინეთი, ყაზახეთი, ინდოეთი, ცენტრალური აზია, ისევე, როგორც სამხრეთ კავკასიის
სახელმწიფოები ევროპისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდება, რაც იმას ნიშნავს, რომ რიგითი ადამიანი თუ ბიზნესმენი შეძლებს ბევრად
სწრაფად და იაფად მიაწოდოს პროდუქცია მომხმარებელს, გააფორმოს ხელსაყრელი კონტრაქტები და აითვისოს ახალი ბაზრები.
რკინიგზის ქართული მონაკვეთის მშენებლობისათვის აზერბაიჯანული მხარის მიერ გამოიყო საკრედიტო ხაზი, რომლის საერთო ოდენობაა
775 მილიონი აშშ დოლარი. კრედიტი გამოიყო ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე - 200 მლნ აშშ დოლარი 1%-იანი წლიური საპროცენტო განაკვეთით,
25 წლის ვადით, ხოლო მეორე ეტაპზე - 575 მლნ აშშ დოლარი, 5%-იანი წლიური საპროცენტო განაკვეთით, 25 წლის ვადით. ქართული მხარე
კრედიტის დაფარვას მხოლოდ რკინიგზის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ იწყებს.
http://commersant.ge/?menuid=91&id=12291&lang=1