მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტის თანახელმძღვანელი, „გრანდ პარიზის“ ერთ-ერთ ავტორი, ფრანგ ლანდშაფტის არქიტექტორი ალფრედ პეტერი:
თბილისის მოსახლეობას ყველაზე მეტად გადაადგილების პრობლემა აწუხებს.
– რა არის თქვენი უმთავრესი რეკომენდაცია თბილისისათვის?
– პირველი და უმთავრესი რჩევა არის ის, რომ მოვლილი და დაცული იქნას ყველაზე დიდი განძი და ძეგლი თბილისისთვის – მისი განუმეორებელი ლანდშაფტი. თვით ქალაქის იდენტობაც ძირითადში, სწორედ თბილისისთვის დამახასიათებელი ლანდშაფტით არის განპირობებული.
– რა პრობლემებს ხედავთ ჩვენს დედაქალაქში?
– თბილისში იმავე პრობლემებს ვხედავ, რასაც მსოფლიოს სხვა ქალაქებში.
მოსახლეობას ყველაზე მეტად გადაადგილების პრობლემა აწუხებს, ეს მწვავე პრობლემაა.
ადამიანი იძულებულია ყოველ დღე იყოს ქალაქში არსებული ქაოსის მონაწილე და უამრავ დაბრკოლებას ებრძოლოს.
დღესდღეისობით, თბილისში არსებული საჯარო სივრცეების 95% ავტომობილების სადგომებისთვის არის დათმობილი.
თანამედროვე ხედვა ქალაქის განვითარებისა არის პროპორციის დაცვა 50/50 -ზე პრინციპით და არანაირად 95/5-ზე.
შესაბამისად, ეს გზა არის ძალიან გრძელი და შრომატევადი რომ არსებული 95%-დან ჩამოვიდეთ 50%-ზე.
ისმის კითხვა: როგორ შეიძლება ამის განხორციელება?
ეს შეიძლება ერთის მხრივ გადაიჭრას იმით, რომ თვითონ ქალაქის სატრანსპორტო სისტემა, კერძო ავტომობილების რაოდენობა, მათი მოძრაობის ინტენსიობა, დაბალანსდეს შესაბამისი ინფრასტრუქტურის მეშვეობით, რაც მათ შორის, გულისხმობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის (ავტობუსი, ტრამვაი, მეტრო და სხვ) პრიორიტეტულობას.
– თბილისში შესაძლებელია უახლოეს წლებში დაგეგმარდეს და მოეწყოს ტრამვაის ორი ან სამი ხაზი, რომელიც ივლის საჯარო სივრცეებში განთავსებული ქუჩებზე. ეს გამოიწვევს იმას, რომ საავტომობილო მოძრაობა ამ ტერიტორიებზე ან მკვეთრად დაიკლებს ან საერთოდ შეწყდება, როდესაც ავტომობილებისთვის განკუთვნილი სავალი გზის ჩანაცვლება მოხდება თანამედროვე და კომფორტული ტრამვაის ხაზებით. ეს განტვირთავს ქალაქის ნაწილს, მის საჯარო სივრცეებს საცობებისგან. ჩვენ ამას 20 წელია ვაკეთებთ სტრასბურგში, სადაც დღეისათვის ტრამვაის კარგად განვითარებული ქსელია.
– მეორე პრობლემა, რაც ჩემთვის გახდა შესამჩნევი, ეს არის თბილისის ისტორიული ნაწილის ავარიული მდგომარეობა, სადაც თითქმის ყველაფერი დანგრევის პირასაა. ჩემის აზრით, პრიორიტეტული მათი რესტავრაციაა და ყველა ფინანსური წყარო, სახელმწიფოს მხრიდან იქნება, თუ კერძო ინვესტორების, თბილისის ძველი უბნების რეკონსტრუქციაში უნდა ჩაიდოს. ეს ყოფნა-არყოფნის საკითხია, რათა ქალაქის იდენტობა იყოს დაცული და შენარჩუნებული. წინააღმდეგ შემთხვევაში გვაქვს იმის საშიშროება, რომ თბილისი მალე ერთ-ერთ ჩინურ ქალაქს დაემსგავსება.
– მესამე ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობაა. თავის დროზე, ქალაქი ამ ადგილას იმიტომ გაშენდა, რომ არსებობს მდინარე, რომელსაც დღეისთვის მოსახლეობა პრაქტიკულად ვეღარ იყენებს. ქალაქის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, არ არსებობს მდინარის ნაპირთან მისასვლელები. მტკვრის გასწვრივ, მხოლოდ და მხოლოდ სატრანსპორტო მაგისტრალებია, რომლებიც მოქალაქეებს არ აძლევს მდინარესთან მიახლოების საშუალებას. მესმის, რომ თბილისელებისთვის ეს მეტად უჩვეულო გადაწყვეტაა, მაგრამ ვფიქრობ, რომ შესაძლებელია მტკვრის გასწვრივ, სატრანსპორტო მაგისტრალის გარკვეული მონაკვეთების გაუქმება და ამ ადგილზე საჯარო, რეკრეაციული სივრცეების მოწყობა, მოსახლეობის გართობისა და დასვენების მიზნით. ამგვარი მაგალითები ევროპის ქალაქებში მრავლადაა და თავად მეც მიმუშავია ამ მიმართულებით სხვადასხვა ქალაქში.
– დაუყოვნებლივ მოსაგვარებელ პრობლემებს შორის, რომელია უპირველესი?
– ამ სამივე პრობლემაში არსებობს პრიორიტეტული საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც ძალიან სწრაფადაა მოსასინჯი. მიმაჩნია, რომ ორი-სამი საჯარო სივრცე ქალაქში, უკვე გენგეგმაზე მუშაობის პერიოდშია შესაძლებელი განთავისუფლდეს მანქანებისგან. ბევრმა ქალაქმა დაიწყო ასეთი სტარტით, ბევრმა ქალაქმა აირჩია ეს გზა პრობლემის გადასაწყვეტად და რამდენიმე ადგილი, სადაც მეტად მწვავედ იდგა ეს პრობლემა, ტრანსპორტისგან გაათავისუფლეს.
–რას უპასუხებთ სკეპტიკოსებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ თბილისში, მისი რთული რელიეფის გამო, ველობილიკების განვითარება შეუძლებელია?
– ყოველთვის შეიძლება ადამიანმა გამონახოს მიზეზი და თქვას, რომ ამა თუ იმ სიახლის დანერგვა არ არის შესაძლებელი. მნიშვნელოვანი აქტივობები გვჭირდება, რომ ჩვენი ოპონენტები საწინააღმდეგოში დავარწმუნოთ. სტრასბურგში ველობილიკების მოწყობა 20 წლის წინ დავიწყეთ, როდესაც იმაზე მეტი ველოსიპედი არ იყო, რამდენიც დღეს თბილისშია. უკვე ამ ეტაპზე, სტრასბურგში, საჯარო მოძრაობის 20% სწორედ ველოსიპედებზე მოდის. თბილისი იდეალური ქალაქია საველოსიპედო ბილიკებისთვის. ჩვენი პრობლემა სტრასბურგში ისაა, რომ არ გვაქვს აღმართ-დაღმართები და აქედან გამომდინარე, ველოსიპედით მგზავრობა გარკვეულწილად მოსაწყენიცაა.
http://commersant.ge/?m=5&news_id=33651&cat_id=11