რა სირცხვილია თბილისში რომ ტრამვაი არ არის....
ტრადიციის გაუქმება ხომ თავისთავად საწყენიც არის და სისულელეც, მაგრამ გაიხედეთ რა ხდება ქალაქში? ყველგან გაუვალი საცობები, გადაჭედილი და მძიმე მოძრაობა, ე.წ. ,,პიკის" საათებში ჯობია მანქანით არ იმოძრაო.
ამას ვერ დაარეგულირებს ვერავითარი ტაიმერიანი და ინტელექტუალური და 112-დან მართული შუქნიშანი. საქმე მარტივადაა, დროის გარკვეულ მონაკვეთში, გარკვეულ ტერიტორიაზე გავლის გაცილებით მეტი მსურველია, ვიდრე ამავე ადგილის გამტარიანობაა. ეს პრობლემა არ მოგვარდება და პირიქით უფრო გამძაფრდება სანამ 1.4 მლნ-იან ქალაქში ნორმალური და ეფექტური მუნიციპალური ტრანსპორტი არ იქნება, რომელიც რუტინულ მგზავრებს სწრაფად მოემსახურება და A პუნქტიდან B პუნქტამდე მსუბუქი ავტომობილის (თუ უფრო სწრაფად არა) სიჩქარით მაინც მიიყვანს.
ამ საქმისთვის ავტობუსი და ,,მარშრუტკა" უვარგისია. ტრანსპორტის ეს ორი სახეობა კარგია, გარკვეული ადგილებისათვის, სადაც გაშლილ უბნებში და ტერიტორიაზე მცირე ხალხი ცხოვრობს, შესაბამისად გარკვეულ სეგმენტს ეს ტრანსპორტი ყოველთვის შეავსებს, მაგრამ ის არ არის დიდი ინფრასტრუქტურის ნაწილი, ვერ გადაყავს დიდი რაოდენობით ხალხი, დამოკიდებულია მძღოლზე, ღამით ცუდად დადის და ა.შ.
მეტრო ძალიან კარგი ტრანსპორტია, მაგრამ თბილისის ზომის ქალაქისთვის ძალიან პატარა მეტრო გვაქვს რომ განტვირთოს მოძრაობა. არსებული რეალობიდან გამომდინარე, მინიმუმ გვჭირდება 4-ხაზიანი მეტრო, 40-45 სადგურით და 50-60 კილომეტრის სიგრძით, რომელიც დაფარავს მუხიანს, დიდ დიღომს, ვაკეს, ვაზისუბანს, მოსკოვის პროსპექტს, აეროპორტს და ა.შ. ეს ძალიან ძვირი სიამოვნება და მხოლოდ ძალიან გრძელვადიან პერსპექტივად შეIძლება ჩაითვალოს.
ტრამვაი კი სასწრაფოდ გასაკეთებელია. განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც მეტრო არაა. ტრამვაი ხაზი უნდა კვეთავდეს მეტროს სადგურებს. (ამას თუ ორი-სამი მეტროს ახალი სადგური დაემატება კიდევ უკეთესი).
გარდა თბილისისა ტრამვაი უნდა იყოს ქუთაისში, ბათუმში და რუსთავში.
"We come from our childhood" (A. De Saint-Exupéry)